Thumbnail

ჯიმი ტაბიძე და MLS-ის შანსი - კონცერნი რედ ბული უფას ყიდვასაც აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რედ ბული, რომელიც მსოფლიოში რამდენიმე კლუბს ფლობს, უფას შეძენას აპირებს
  • რუსული სპორტული მედია 24 წლის ქართველი მცველის შესაძლო ტრანსფერზე წერს

რუსული საფეხბურთო კლუბი უფა, რომლის ღირსებას ჯიმი ტაბიძე იცავს, შესაძლოა კონცერნმა რედ ბულმა შეიძინოს, რომელიც რამდენიმე საფეხბურთო კლუბს უკვე მფლობს. მათგან ყველაზე ცნობილი გერმანული ბუნდესლიგის რბ ლაიპციგია. ამას გარდა, რედ ბულს ავსტრიის ბუნდესლიგაში ზალცბურგი ჰყავს, ამერიკულ MLS-ში - ნიუ იორკი, ბრაზილიურ სერია A-ში კი - ბრაგანტინო.

ნიუ იორკ რედ ბულსში არაერთ ევროპელ ვარსკვლავს, მათ შორის ტიერი ანრის უთამაშია

როგორც წესი, ეს კლუბები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები, განსაკუთრებით კი ევრპული ლაიპციგი და ზალცბურგი, რომლებიც ერთმანეთში ტრანსფერებს ხშირად ახორციელებენ. 

რედ ბულის ხელში უფას გადასვლის მოლოდინში, რუსული სპორტული მედია უკვე იმაზე მსჯელობს, ამ გუნდის რომელი ფეხბურთელი შეიძლება აღმოჩნდეს MLS-სა თუ ევროპულ ლიგაში. უფაში ასეთი სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი სწორედ 24 წლის ქართველი მცველია, რომლის მომავალს sport24 ნიუ იორკ რედ ბულში ხედავს.

უფაში ქართველი მცველის პროგრესზე ბევრს საუბრობენ

"ჯერჯერობით არ ისმის მის მიმართ სერიოზული გუნდებისგან დაინტერესების შესახებ, მაგრამ ჯერ ერთი, ქართველი მცველი სულ 24 წლისაა, მეორეც, მას აქვს ევროპული კლუბის სისტემაში ყოფნის გამოცდილება. კარიერის დასაწყისში ის ბელგიურ გენტში ირიცხებოდა. 

შესაძლოა, ჯემალი ნიუ იორკის რედ ბულს გამოადგეს. იქ წამყვანი მცველი აარონ ლონგია, დაცვის ხაზში მის პარტნიორ ტიმ პარკერთან კონკურენცია კი სავსებით შესაძლებელია. მით უმეტეს, ნიუ იორკი თავის ფეხბურთელებს მუდმივად უშვებს იჯარით ზალცბურგში და ეს შანსია კარგ ევროპულ ლიგაში დასამკვიდრებლად. 

პრობლემა შესაძლოა ლიგის სპეციფიკა გახდეს და კიდევ ის, რომ ტაბიძე კომფორტულად თავს სამი მცველის სქემაში გრძნობს, ნიუ იორკში კი ყოველთვის 4 მცველით თამაშობენ", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ MLS საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოდის - ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, რომლებიც სან ხოსეს ღირსებას იცავენ. 

შესაძლოა ტაბიძე MLS-ში მოთამაშე საქართველოს ნაკრების მესამე ფეხბურთელი გახდეს

ჯემალ (ჯიმი) ტაბიძე უფაში მესამე სეზონს ატარებს, კლუბთან კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. რუსეთის 2019/20 წლების ჩემპიონატში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია, ქართველმა მცველმა 18 შეხვედრაში ითამაშა და თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში ტაბიძის სტატისტიკა 11 მატჩი და 1 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები