Thumbnail
  • SPORTS.KZ-ის ინტერვიუ ელგუჯა ლობჯანიძესთან
  • ყაზახეთში ჩემპიონატის განახლებისთვის მზადება დაიწყეს

27 წლის ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ ახალ კლუბ ქაისარში შესანიშნავად დაიწყო ასპარეზობა - პირველ ორ ტურში ორი გოლი გაიტანა, შემდეგ კი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ყაზახეთის ჩემპიონატი შეწყდა. SPORTS.KZ-მ ქართველ ლეგიონერთან ინტერვიუ ჩაწერა...

SPORTS.KZ: ელგუჯა თქვენ კარგად დაიწყეთ ყაზახეთის ჩემპიონატი, ორ ტურში ამდენივე გოლი გაიტანეთ. თავად თუ კმაყოფილი ხართ სტარტით?

ელგუჯა ლობჯანიძე: დიახ, სტარტი ძალიან კარგი გამოგვივიდა, გოლებიც გავიტანე. მაგრამ თავად ყოველთვის უკმაყოფილო ვარ მიღწეულით, ყოველთვის არის საშუალება, რომ მეტი შეძლო.

SPORTS.KZ: თარაზიდან ქაისარში გადასვლა კარგი იდეა იყო?

ელგუჯა ლობჯანიძე: კარიერული თვალსაზრისით, ნაბიჯი წინ გადავდგი, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ტრანსფერი წარმატებულია, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

SPORTS.KZ: გაკმაყოფილებთ ის როლი, რაც ქაისარში გაქვთ?

ელგუჯა ლობჯანიძე: ყველგან ერთი როლი და სტილი მაქვს და ამოცანა - გოლების გატანა.

ელგუჯა ლობჯანიძის ქაისარმა ჩემპიონატისთვის მზადება განაახლა

SPORTS.KZ: კარანტინის დროს სპორტულ ფორმას როგორ ინარჩუნებდით?

ელგუჯა ლობჯანიძე: რადგან ბაზაზე გავატარე ეს პერიოდი, ვარჯიშისა და ფორმის შენარჩუნების პირობებიც მქონდა. თუმცა მაინც რთული პერიოდი იყო - ხარ მხოლოდ შენთვის, ვერც თამაშობ, მხოლოდ ვარჯიშობ, სამშობლოში ვერ ბრუნდები.

SPORTS.KZ: ჩემპიონატის განახლებისთვის ფიზიკურად მზად ხართ?

ელგუჯა ლობჯანიძე: გუნდი უკვე ვარჯიშობს და ფორმაშიც შევდივართ.

SPORTS.KZ: მედიაში გავრცელდა ხმები, რომ პანდემიის გამო, ქაისარში ხელფასები სერიოზულად შემცირდა...

ელგუჯა ლობჯანიძე: ეკონომიკა მთელს მსოფლიოში მძიმე სიტუაციაში ჩავარდა. ვიცოდი, რომ ბიუჯეტის შემცირებას ვერ გავექცეოდით. არასასიამოვნოა, მაგრამ ყველგან ასეა. როცა კონტრაქტს ხელს აწერ, იცი, რამდენს მიიღებ შრომის სანაცვლოდ. ახალი სიტუაცია ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია, თუმცა ისეც არა, რომ ბრძოლა მთელი შემართებით არ გავაგრძელოთ.

SPORTS.KZ: გაძლიერების გარეშე ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე არ გაგიჭირდებათ?

ელგუჯა ლობჯანიძე: ვფიქრობ, კლუბს სათანადო ძალები გააჩნია, რომ ჩემპიონატიც ისე დავასრულოთ, როგორც ვგეგმავდით და ევროთასებზეც არ შევირცხვინოთ თავი. მეტის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

SPORTS.KZ: როგორ ხედავთ თქვენს პერსპექტივას ეროვნულ ნაკრებში?

ელგუჯა ლობჯანიძე: საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯერ ცოტა მატჩი ვითამაშე, მაგრამ რადგამ მწვრთნელი მიძახებს, ესე იგი ჩემს პერსპექტივას ხედავს. მეც ბევრს ვცდილობ, რომ როცა შანსი მეძლევა, ის მაქსიმალურად გამოვიყენო და ნაკრებს შედეგის მიღწევაში დავეხმარო.

ელგუჯა ლობჯანიძეს ვიტ ჯორჯიაში, შუქურაში, დინამო ბათუმში, რუსთავში, რუსულ ორენბურგში და ყაზახურ თარაზში უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში მან 6 მატჩი ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები