Thumbnail

ჰაალანდი არ იქნება! დორტმუნდმა ბაიერნთან გოლეადორიც დაკარგა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ერლინ ჰაალანდი ბაიერნთან მატჩში დაშავდა და შეცვალეს
  • ნორვეგიელს ტრაბმა მსაჯმა ტობიას შტილერმა მიაყენა
  • დორტმუნდის გოლეადორი პადერბორნთან ვერ ითამაშებს

დორტმუნდის ბორუსიამ მიუნხენის ბაიერნთან ტოპ-მატჩში არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა და ამით ფაქტობრივად ჩემპიონობა, არამედ მთავარი თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდიც დაკარგა. ‘რურნახრიხთენისა’ და ‘ბილდის’ ინფორმაციით, 19 წლის ნორვეგიელი გოლეადორი მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს - დორტმუნდი კვირას პადერბორნს უნდა ესტუმროს.

ჰაალანდის ტრავმის მიზეზი კურიოზულია: ბაიერნთან მატჩის 69-ე წუთზე იგი მოედნის ცენტრში მთავარ არბიტრ ტობიას შტილერს შეეჯახა, რომელმაც მას შემთხვევით ფეხზე ფეხი დააბიჯა.

სამი წუთის შემდეგ ჰაალანდი შეცვალეს - მის ნაცვლად თამაშში ჯოვანი რეინა ჩაერთო. დორტმუნდი ბაიერნთან 0:1 დამარცხდა და სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიდერ რეკორდმაისტერს 7 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 3 ტური ჩატარდა. პარასკევს გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტური იწყება - პირველ მატჩში ფრაიბურგი ლევერკუზენს უმასპინძლებს. ბაიერნი შაბათს დიუსელდორფის ფორტუნას ეთამაშება, მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდის ბორუსია კი კვირას პადერბორნს ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები