Thumbnail

'უსასრულო ლეგენდა' - კლერმონი ზირაქაშვილის სახელოვან კარიერაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ისეთი განცდა მაქვს, რომ როდესაც ვარჯიშს დავუბრუნდებით, დათო კვლავ იქ დაგვხვდება'
  • ფრანგულმა კლუბმა ქართველ მორაგბეს სამადლობელი წერილი და ვიდეო მიუძღვნა

ფრანგულმა კლერმონმა სამადლობელი წერილი მიუძღვნა დავით ზირაქაშვილს, რომელმაც სახელოვან კლუბში 16 წელი გაატარა და TOP 14-ში ყველასთვის პატივსაცემი მორაგბის სახელი მოიპოვა. ქართველმა ბურჯმა სახელოვანი კარიერის დასრულების შესახებ განცხადება არცთუ დიდი ხნის წინ გაავრცელა, სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ კორონავიუსის პანდემიის გამო, კლერმონელებმა დათოსთვის გამოსათხოვარი მატჩის ჩატარებაც კი ვერ მოახერხეს. პუბლიკაციაში სახელწოდებით “დავით ზირაქაშვილი – უსასრულო ლეგენდა” ჩვენებურის შესახებ თავისი აზრი ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ ანზემამაც გამოთქვა, ამასთან, კლერმონმა ქართველ მორაგბეს სპეციალური ვიდეოც მიუძღვნა.

“დათოს კარიერა კლერმონისა და საქართველოს ნაკრების რიგებში გახდა საფუძველი იმ რეპუტაციისა, რომელიც დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სარაგბო ჩარჩოებს და ის ყველასთვის დაფასებულ პიროვნებად აქცია. საფრანგეთის ყველა სტადიონზე, სადაც კი ზირაქაშვილს უთამაშია, მას თავისი კვალი აქვს დატოვებული. ის დაუღალავად შრომობდა 16 სეზონის განმავლობაში, რამაც TOP 14-ის ლეგენდებს გაუტოლა. არადა, 2004 წელს, როდესაც კლერმონმა დავითი ობენადან აიყვანა, ვერავინ წარმოიდგენდა, ახალგაზრდა ბურჯი ფრანგულ რაგბში რამხელა კვალს დატოვებდა. რუსთაველი ბიჭი 16 წლის თავზე ყველასთვის გამორჩეულ მორაგბედ იქცა. მან “ლურჯ-ყვითლებთან” ერთად ბევრნაირი პერიოდი გამოიარა, თუმცა, თავის საქმეს ყოველთვის პირნათლად ასრულებდა. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ის მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მორაგბედ იქცა. კლერმონის პირველი ხაზი არგენტინელების – მარიო ლედესმას და მარტინ სკელცოსა და ქართველი დავით ზირაქაშვილის შემადგენლობით, მეტოქეებს შიშის ზარს სცემდა.

დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) – 16 სეზონი, 332 მატჩი, 19 ლელო, საფრანგეთის 2-გზის (2010, 2017) ჩემპიონი, ჩელენჯ ქაფის 2-გზის (2007, 2019) გამარჯვებული.

დათოს პლიუსი გახლდათ ისიც, რომ ის თანამედროვე რაგბის მოთხოვნებს სწრაფად ითვისებდა, ამდენად, გუნდისთვის უაღრესად საჭირო კაცის რანგი არასდროს დაუკარგავს. ზირაქაშვილი საუკეთესო იყო შერკინებაში, ამავდროულად კი, არც მობილურობა და ტექნიკურობა აკლდა, რაც ბურჯისთვის განსაკუთრებით დასაფასებელი თვისებებია. ამავდროულად, ქართველი მორაგბის მრისხანე თვალებისა და წვერის უკან ყოველთვის დიდი კულტურისა და შეგნების პიროვნება იმალებოდა. ადამიანი, რომელიც გატაცებულია ისტორიით, გეოპოლიტიკით და სხვა თემებით, რომელთა მასთან განხილვაც დიდი სიამოვნებით შეიძლება. დიდი სპორტული კარიერის განმავლობაში მას არასდროს უღალატია თავისი ფასეულობებისთვის და ეს, ალბათ, მთავარია მიზეზია, რის გამოც კლერმობის ქომაგების გულებში სამუდამოდ დარჩება".

ფრანკ ანზემა (კლერმონის მთავარი მწვრთნელი): “სამწუხაროა, რომ დათოს წასვლა ასე უწევს. ის მრავალი წელია კლერმონის უცვლელი წევრია და ისეთი განცდა მაქვს, რომ როდესაც ვარჯიშს დავუბრუნდებით, კვლავ იქ დაგვხვდება. ის დიდი მორაგბეა, რომელმაც ჩვენი კლუბისთვის ყველაფერი გაიღო. მე კლერმონში მწვრთნელად უკვე 10 წელია ვმუშაობ და ზირაქაშვილთან დისკუსია მრავალჯერ მქონია, ამასთან, ეს, მხოლოდ სარაგბო თემებს არ ეხება. მას ჩემთვის არაერთი საჭირო რჩევა მოუცია და რთულ პერიოდებში დამხმარებია კიდეც. ამ ადამიანთან საუბარი უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, რადგანაც შესაშური გამოცდილება აქვს მიღებული. დათო დიდებული პიროვნებაა და ძალიან გვინდოდა, მისთვის მადლობაც შესაბამისად გადაგვეხადა, რაც არსებულმა ვითარებამ შეუძლებელი გახადა”.

კომენტარები

ბოლო ამბები