Thumbnail

გურასპაული: დარბაზის მშენებლობა წუთითაც არ შეჩერებულა, ის უკვე გულს ახარებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პირველ არხთან საინტერესო თემებზე ისაუბრა
  • 'ევრობასკეტამდე, ჩვენი ნაკრები მსოფლიო თასის ექვს საკვალიფიკაციო მატჩს ჩაატარებს'
  • 'საქართველო შავი ზღვის თასის ორგანიზებას ითხოვს, წინასწარი თანხმობა უკვე არსებობს'

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული სტუმრად იმყოფებოდა პირველი არხის გადაცემა "ტაიმ-აუტში" და არაერთ საკითხზე ისაუბრა. ცხადია, კალათბურთის ქართველ ქომაგს ყველაზე მეტად ის დააინტერესებს, როგორ მიმდინარეობს ახალი დარბაზის მშენებლობა თბილისში დაგეგმილი ევრობასკეტისთვის, რომელიც 2021-დან 2022 წლისთვის გადაიდო. გურასპაულმა ფიბა-ს კალენდარში შესულ ცვლილებებსა და ახალ საკლუბო ტურნირზეც ისაუბრა, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს ჩემპიონი ჩაერთვება.

დარბაზი ევრობასკეტისთვის

“მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, რადგანაც ევროპის ჩემპიონატისთვის მშენებარე დარბაზი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად გამოცხადდა. შესაბამისად, მშენებლობა 1 წუთითაც კი არ შეჩერებულა. ჩათვალეთ, რომ მიწის სამუშაოები უკვე დასრულებულია და უკვე ის პროცესი მიდის, რომელიც ყველას გულს გვიხარებს. სხვათა შორის, ჩვენ იქ ვიდეოთვალი გვაქვს დაყენებული და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის საშუალებით, სამშენებლო პროცესზე დაკვირვება ყველას შეუძლია. ლაივ-პროცესის ყურება ფიბა-საც შეუძლია და პროცესს ისინიც აკონტროლებენ.

აღსანიშნავია, რომ გრაფიკი ძველია ანუ მშენებლობა ისე მიდის, ჩემპიონატი 2021 წელს რომ ჩატარებულიყო, მაინც მზად ვიქნებოდით. მადლობას ვუხდი კომპანიებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ქართული კალათბურთისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ. ეს სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებსაც საშუალებას მისცემთ, რომ მომავალში ასეთი მაღალი დონის ტურნირებს უმასპინძლონ. შევთანხმდეთ, რომ დარბაზი საჭირო დროს მზად იქნება, თუმცა, შემდეგ საჭიროა მისი ტესტირება. ამისთვის ჩამოვლენ ფიბა-ს წარმომადგენლები, დაათვალიერებენ და რაც მთავარია, მერე იქ მატჩებიც უნდა ჩატარდეს.

დიდი სურვილი გვაქვს, ახალ დარბაზში მოვახერხოთ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის ჩატარება, რომელიც თბილისში წლეულს უნდა გამართულიყო, თუმცა, გაისად ზაფხულისთვის გადაიდო. 20-ზე მეტ გუნდს ველით და მრავალმხრივი სამუშაოები იქნება გასაწევი. სწორედ მაშინ გვინდა ახალი დარბაზის ტესტირება, რათა მან ფიბა-ს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. იმედია, ყველაფერი მოესწრება, თუმცა, თუ ასე არ მოხდა, საგანგაშო არც ესაა, რადგანაც სამ დარბაზს მაინც გამოვნახავთ.

გვინდა, ერთ-ერთი ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი იყოს, რომელიც ჩვენთვის ძალიან საჭირობოროტო საკითხია და როდესაც ახალ დარბაზზე ვმსჯელობდით, მთავრობასთან ეს საკითხიც განვიხილეთ. პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ უახლოეს პერიოდში ვერის ბაღის დარბაზი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას გადმოეცემა და კალათბურთში თავის სახლში დაბრუნდება.

საქართველოს შავი ზღვის ქვეყნების თასზე

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის 2022 წლისთვის გადადებამ ფიბა იძულებული გახადა, კალენდარში გარკვეული ცვლილებები განეხორციელებინა. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებს დასასრულებელი აქვს ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც ჩვენდა სასიხარულოდ ბრწყინვალედ დავიწყეთ. როგორც ცნობილია, აქ თამაშები გველის ჯერ ნოემბერში, შემდეგ კი, თებერვალში. აი, უკვე შემდეგ, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპამდე ფაქტობრივად წელიწადნახევარი რჩება და ფიბამ სწორედ ამ პერიოდში ჩანიშნა მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები.

ამგვარად, ევროპის ჩემპიონატამდე, საქართველოს ნაკრებს გარანტირებული 6 თამაში ექნება და ეს, ბიჭებს მთავარი ტურნირისთვის მზადების პერიოდში ძალიან წაეხმარებათ. სხვათა შორის, მზადების ასპექტში ჩვენ დიდი ხანია ვფიქრობთ, რომ საჭიროა რაიმე რეგიონულ ლიგაში ჩართვა, მაგალითად, როგორიც არის ადრიატიკის ლიგა და სხვა ამგვარი ტურნირები. ამიტომაც, საქართველომ ფიბა-ში დააყენა საკითხი შავი ზღვის ქვეყნების ლიგის შექმნის თაობაზე. 5-6 გუნდისგან სიტყვიერი თანხმობა უკვე მიღებული გვაქვს და ფიბა-ში ამ მიმართულებით, უკვე ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებზე მსჯელობენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიგა ქართველიშვილი, რომელიც ფიბა-ს გამგეობის ანუ ბორდის წევრია, არის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელიც. მას აქვს ყოველდღიური კონსულტაციები ამ ქვეყნებისა და ფიბა-ს წარმომადგენლებთან და ვფიქრობ, პროექტს წინ აღარაფერი უდგას, რადგანაც პრინციპული თანხმობა ყველა მხარისგან არსებობს. სავარაუდოა, რომ შავი ზღვის თასში ქვეყნების ჩემპიონები ჩაებმებიან, თუმცა, ეს თემა ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები