Thumbnail
  • ტურნირი სტარტს 17 ივნისს აიღებს, გამარჯვებული კი 30 ივნისს გვეცოდინება
  • შენგელია, შერმადინი, ბურჯანაძე, ჯენინგი, მაკფადენი - ვალენსიაში ყველას ვიხილავთ

ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ, სადაც არაერთი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, ჩემპიონატის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და ისიც გამოაცხადა, რომ ტურნირის ყველა მატჩს ვალენსია უმასპინძლებს.

ლიგის პრეზიდენტი ანტონიო მარტინი უკან დასახევ გზას იტოვებს და საკუთარ განცხადებას მცირე განმარტებაც დაურთო, თუმცა, ესპანური პრესის თანახმად, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. აი, რას ამბობს მარტინი.

“ყველაფერი გაწერილი გვაქვს და თუკი არაფერი შეიცვალა, მალე მის განხორციელებას შევუდგებით. შეჯიბრი ვალენსიაში ჩატარდება და ის 17-დან 30 ივნისამდეა გაწერილი. პირველ ეტაპზე ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება, 28-ში ნახევარფინალებს ჩავატარებთ, 30-ში კი – ფინალს”.

შეგახსენებთ, რომ ლიგა ენდესას კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის დასრულების გეგმა დაახლოებით 1 თვეა შემუშავებული აქვს. მის თანახმად, უკვე ჩატარებული 23 ტურის შედეგების გათვალისწინებით, 12 საუკეთესო გუნდი შეირჩა, რომლებიც ორ ჯგუფში გადანაწილდნენ.

A ჯგუფი: ბარსელონა, ტენერიფე, ბილბაო ბასკეტი, ბასკონია, უნიკახა, ხუვენტუტი.
B ჯგუფი: რეალი, სარაგოსა, მორაბანკ ანდორა, ვალენსია, სან ბაპლო ბურგოსი, გრან კანარია.

ახალი ფორმატის თანახმად, გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და 5 ტურის თავზე ჯგუფების საუკეთესოებს გამოავლენენ. პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალში გაეჯიბრებიან, ბოლოს კი ფინალი ჩატარდება.

მომავალ შეჯიბრში საქართველოს ნაკრების ყველა წევრს ვიხილავთ. A ჯგუფში არიან გიორგი შერმადინის ტენერიფე და თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია, B-ში კი – ბექა ბურჯანაძის გრან კანარია და თად მაკფადენის ბურგოსი.

შეგახსენებთ, რომ ლიგა ენდესას მოქმედი გამარჯვებული მადრიდის რეალია, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონობა 35-ჯერ აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები