Thumbnail
  • ჯორჯო კიელინიმ ავტობიოგრაფია დაწერა
  • ჯანლუიჯი ბუფონი მისი ყველაზე ახლო მეგობარია
  • ყველაზე რთულ ოპონენტებად იბრა და კრიშტიანო მიაჩნია
  • იუვენტუსამდე მას თურმე რომას და არსენალის ვარიანტები ჰქონდა

ჯორჯო კიელინის ავტობიოგრაფიული წიგნი რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და იტალიაში უკვე ერთ-ერთი ბესტსელერია. როგორ მოხვდა კიელინი იუვენტუსში, რატომ უყვარს დაცვა, ვინ არის მისი საუკეთესო მეგობარი ფეხბურთში და ვის წინააღმდეგ უჭირს ყველაზე მეტად თამაში. პოპსპორტი მისი წიგნიდან ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს გთავაზობთ.

ტურინში რომის და ლონდონის ნაცვლად

‘ლივორნოში გავიზარდე და 13 წლიდან ადგილობრივ გუნდში ვთამაშობდი. 16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემით ლონდონის არსენალი დაინტერესდა. ისინი წელიწადში 200 მილიონ ლირას (დაახლოებით 100 000 ევრო) მთავაზობდნენ. ჩემთვის ეს ძალიან დიდი ფული იყო, მაგრამ უარი ვთქვი. არასწორი იქნებოდა, რომ სრულიად უფასოდ წავსულიყავი იმ გუნდიდან, რომელმაც ამდენი მომცა. იმ მომენტში თავისუფალი აგენტი ვიყავი და ლივორნო ჩემს სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებდა. შესაძლოა, ინგლისში გადასვლა ჭკვიანური ყოფილიყო - იქ ენას ვისწავლიდი - მაგრამ ოჯახთან ერთად დარჩენა გადავწყვიტე და ლივორნოსთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე, რომლის მიხედვითაც ჩემი ხელფასი 17-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე არსენალში მივიღებდი.

2002 წელს ჩემი წასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო. რომამ ჩემი სატრანსფერო უფლებების ნახევარი შეისყიდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჯალოროსის ფეხბურთელი გავხდებოდი. პრეზიდენტები ყველაფერზე მოლაპარაკებულები იყვნენ. ძალიან მიხაროდა, რომ ლუჩანო სპალეტისთან მუშაობა შემეძლო.

მომდევნო კვირას, მოულოდნელად, პრეზიდენტმა სპინელიმ დამირეკა და მითხრა, რომ გეგმები შეიცვალა და მილანში უნდა ჩავსულიყავი. ჩემი წაყვანა პირველი ოთხეულის გუნდს სურდა - ზუსტად რომელს, არ ვიცოდი. ვარიანტები დავთვალე - მილანი, იუვენტუსი, ინტერი, რომა. ნებისმიერზე თანახმა ვიყავი - ფული საერთოდ არ მადარდებდა.

ტურინული კარიერა ფაბიო კაპელოს გუნდში დაიწყო

როდესაც კარი გაიღო და მილანის სასტუმროს ოთახში მოჯი, ჯირაუდო და ბეტეგა, იუვენტუსის ლეგენდარული ‘ტრიადა’ შემოვიდა, ყველაფერი გასაგები გახდა. მეორე დღეს იუვესთან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.

რეალი და სიტი

იუვედან წასვლა ორჯერ შემეძლო - 2010 და 2011 წლებში. ეს საშინელი პერიოდი იყო. ზედიზედ ორჯერ მეშვიდე ადგილზე გავედით. წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი. ეს აგონია იყო. ფიზიკურად თავს ცუდად ვგრძნობდი - დავიკელი, 87 კილო ვიყავი და 82 გავხდი. ჩემი აგენტი რეალთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა ჟოზე მოურინიომ რიკარდო კარვალიოს დამატება გადაწყვიტა.

მომდევნო წელს უკვე მანჩესტერ სიტის წარმომადგენლებმა მოისურვეს ჩემთან შეხვედრა, თუმცა ეს ამბავი ამაზე შორს აღარ წასულა.

მატჩისთვის სამზადისი

თუ თავდამსხმელმა, რომლის წინააღმდეგაც ვთამაშობ, ვერ გაიტანა, შეიძლება სიხარულისგან შევიშალო. წაგება ჩემთვის პატარა სიკვდილია.

მოწინააღმდეგე თავდამსხმელის შესწავლას თამაშის წინა დღეს ვიწყებ. მეტოქის ყველა შემტევზე მინიმუმ 30-წუთიან ვიდეოს ვუყურებ. მათი თამაშის სტილი უნდა ვიცოდე - როგორ მოძრაობენ, რა შეიძლება მათ დავუპირისპირო. ბრძოლა მოედანზე იწყება, თუმცა მე მინდორზე გასვლამდე მეტოქეზე ყველანაირ ინფორმაციას უნდა ვფლობდე.

თამაშის აგრესიული მანერა კიელინის სამარკო ნიშანია

მცველმა ყველაფერი უნდა იცოდეს. თამაშის წინა საღამოს ყოველთვის ვიდეოების ყურებაში ვატარებ. არაფერს ვიწერ, ყველაფერი თავში უნდა მქონდეს.

უნდა გავიგო, რა ხდება თავდამსხმელის თავში და ეს რთული ფსიქოლოგიური თამაშია. დაცვა ხელოვნებაა. ამერიკულ ფეხბურთში ერთი კარგი გამოთქმაა: ‘შეტევა ყიდის ბილეთებს და დაცვა იგებს ჩემპიონატებს’. დაცვა ჩემთვის სიხარულია. ბურთის კარგი ართმევა - ბედნიერებაა. ეს უფრო სასიამოვნოა, ვიდრე გოლის გატანა. ასეთია ჩემი ცხოვრება.

ყველაზე ახლო მეგობარი

‘მცველი მეკარის საუკეთესო მეგობარია. მეკარე მცველის ბოლო იმედია. ეს პრაქტიკულად სიმბიოზია. მოედანზე ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. მე ჯიჯი მიყვარს - ფეხბურთის სამყაროში ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.

'მე მას უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე ჩემს ცოლს და ეს ხუმრობა არ არის'

ბუფონი უნიკალურია. ის არამხოლოდ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარეა, არამედ საოცარი ადამიანიცაა. ის კაპიტანი და ჩემი უფროსი ძმაა. ერთად 15 წელი გავატარეთ - ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი ცხოვრებაში. მე მას უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე ჩემს ცოლს და ეს ხუმრობა არ არის, ეს სიმართლეა.

ტოტენჰემთან გამარჯვების შემდეგ

მთავარი მიზეზი, რის გამოც ის ამ ზაფხულს ტურინში დაბრუნდა, მწვრთნელის ცვლილებაა. კლუბის ხელმძღვანელობამ ბუფონს, როგორც სენატორს, დაბრუნება თხოვა, რათა სარის გუნდში ინტეგრაციაში დახმარებოდა. ალეგრი რომ დარჩენილიყო, ჯიჯი ახლა ტურინში არ იქნებოდა.

ასეთი მშვიდი, როგორიც ახლაა, ჯიჯი არასოდეს მინახავს. ის სულ გუნდთან ერთადაა. ძირითადი მეკარე უფრო ხშირად ცალკე, მარტო ვარჯიშობს. ბუფონი ახლა სულ ჩვენთან ერთადაა და ეს გუნდს ძალიან ეხმარება.

42 წლის ასაკში ის ნამდვილი მანქანაა. მანიაკალურად ზრუნავს თავის ფიზიკურ ფორმაზე. ყოველდღე დამატებით დადის სატრენაჟორო დარბაზში. ადრე ასეთი ყურადღებიანი არ იყო. მას უნდა, რომ ასაკის მიუხედავად, სულ უფრო და უფრო უკეთესი გახდეს და მას ეს გამოსდის. ფიზიკურად მას თამაში კიდევ ბევრი წელი შეუძლია - მაშინ წავა ფეხბურთიდან, როცა ფსიქოლოგიურად დაიღლება. მერე რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, ეს კარგად გამოუვა.’

ყველაზე დიდი სიძულვილი

მოედანზე ხშირად ისე ვთამაშობ, როგორც ნამდვილი გარეწარი. მთელი ცხოვრებაა, სტრესის წინააღმდეგ ბრძოლის მხოლოდ ერთი საშუალება მაქვს - მოვძებნო მტერი და მას ვებრძოლო. ასაკთან ერთად ცოტა შევიცვალე, მაგრამ ჩემი კარიერის დიდი ნაწილი, ვიღაცის მიმართ ზიზღი აუცილებელი იყო.

მეზიზღება ინტერი. ეს სპორტული სიძულვილია - მზად ვარ, ცხრილში ნებისმიერმა გაგვასწროს, ოღონდ არა ინტერმა. ჩემი უფროსი შვილი ნინაც კი ასე ლაპარაკობს: ‘სკოლა არ მომწონს, სკოლაში წასვლა ჩემთვის ისეა, როგორიც ინტერის გოლის ნახვა, ხოლო ‘სახლში დედასთან და მამასთან ერთად დარჩენა იუვენტუსის გოლების ყურებასავითაა.’

იბრა და კრიშტიანო

ყველა თავდამსხმელი ჩემი მტერია, მაგრამ მათ შორის მთავარი ზლატან იბრაჰიმოვიჩია!

იბრას და კიელინის ბევრი ორთაბრძოლა ჰქონიათ

იბრა იმდენად ძლიერია, რომ მის წინააღმდეგ საუკეთესო თამაში უნდა ითამაშო. როცა მას ეთამაშები, მთავარია, აჩვენო, რომ მისი არ გეშინია. თუ ზლატანმა შენში შიში იგრძნო, თუ სისხლი იყნოსა, უბრალოდ გაგანადგურებს, ნამდვილი დემონია. იბრას პროვოცირებას აზრი არ აქვს - ის თვითონ არის ამ საქმის სპეციალისტი. ის შეურაცხყოფას არ გაყენებს - მასთან თამაში უფრო ფიზიკური ბრძოლაა. მუდამ გაგრძნობინებს, რომ შენს გვერდითაა და შენს შეცდომას ელოდება, მუდამ ცდილობს, თავისი უპირატესობა გაჩვენოს.

მასთან ერთად ორი წელი ერთ გუნდში გავატარე - ის შესანიშნავი ადამიანი და ფეხბურთელია. ოქროს ბურთი მხოლოდ იმიტომ არ აქვს, რომ მესის და რონალდოს ეპოქაში ცხოვრობს. ისინი უბრალოდ სხვა პლანეტიდან არიან.

ბევრი თავდამსხმელის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ რონალდო ყველაზე შხამიანი გველია მათ შორის. ის სასიკვდილოდ იკბინება. საჯარიმოში კრიშტიანო გარდაიქმნება - შეუჩერებელი ხდება. მუდამ ცვლის სიჩქარეებს და მოძრაობას, ყოველთვის იქ არის, სადაც შენ არ ხარ. მასთან თამაშის დროს თავბრუ გესხმის. გგონია, რომ მისი ყველა მოძრაობა, მის შესახებ ყველაფერი იცი, მაგრამ სინამდვილეში ვერასოდეს მიხვდები, წინასწარ რის გაკეთებას აპირებს.

როცა კრიშტიანო იუვეში გადმოვიდა, მეგონა, რომ ის უფრო თავის თავში ჩაკეტილი იქნებოდა - დიდ ჩემპიონებს ასე ხშირად ემართებათ ხოლმე. თუმცა ის ძალიან გახსნილია და გასახდელში აბსოლუტურად ‘ჩვეულებრივია’. იგივე ინტერესები აქვს, რაც ჩვენ. კრიშტიანო გუნდის ნაწილი მალევე გახდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები