- ოლექსი ტოროხტის ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან და გიორგი ასანიძესთან
- ქართველი რეკორდსმენის უახლოესი მიზნები
ცნობილმა უკრაინელმა ძალოსანმა ოლექსი ტოროხტიმ YouTube-ის საკუთარ არხზე ოლიმპიურ ჩემპიონებთან, ლაშა ტალახაძესთან და გიორგი ასანიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა...
ინტერვიუ ჩაწერილია უკრაინულ კამიანეცში, სადაც საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ვარჯიშობდა. ტოროხტი ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი იყო (105 კგ), სანამ დოპინგის გამო, ამ ტიტულს ჩამოართმევდნენ. ის ახლა უკრაინის ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.
18-წუთიან ინტერვიუში ლაშა და მისი მწვრთნელი მზადებაზე, გუნდურ მენტალიტეტზე, მოტივაციაზე და მომავალ გეგმებზე საუბრობენ.
"ლაშა ვარჯიშებზეც იშვიათად უშვებს შეცდომებს, მაგრამ როდესაც ასე ხდება. ის მთელი ძალისხმევით ცდილობს მათ გამოსწორებას. თუ ის ამას ვერ ახერხებს, პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ახერხებს დაძინებას", - ამბობს უკრაინელი ათლეტი.
ლაშა მწვრთნელის როლზე: "ჩემი აზრით, ძალოსნის წარმატებაში 60% მწვრთნელის დამსახურებაა".
ტალახაძის უახლოესი გეგმები აკვრაში 226 კილოგრამის (500 ფუნტი) აწევაა, მისი რეკორდი ახლა, რომელიც მსოფლიო რეკორდიცაა, 220 კილოგრამია. თუმცა ლაშა არ მიიჩნევს, რომ ეს მიღწევა დააკმაყოფილებს: "500-იან ნიშნულს თუ მივაღწევ, უკვე ახალი მიზანი მექნება დასახული, 505, 510 და ასე შემდეგ", - ამბობს ლაშა. ასანიძეს მიაჩნია, რომ ლაშას ამ სიმძიმის აწევა შეეძლება.
ლაშას ახლა სერიოზული კონკურენტი მსოფლიოში არ ჰყავს, ის უფრო საკუთარ მიღწევებსა და შტანგას ებრძვის, ვიდრე კონკურენტებს, თუმცა ტალახაძეს ამის შეცვლა სურს:
ლაშა ტალახაძე: "არ მინდა მარტო ვიყო, ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ძალოსანი იყოს უფრო ძლიერი. ჩემთვისაც უკეთესი იქნება, თუ უფრო ძლიერი კონკურენტები მეყოლება. ეს ასევე კარგი იქნება ძალოსნობის პოპულარიზაციისთვის მთელს მსოფლიოში".
გიორგი ასანიძე: "მხოლოდ ამბიციები ცუდია. მნიშვნელოვანია უსმინო მწვრთნელს, იყო დისციპლინირებული, გქონდეს სხვების პატივისცემა. ძალზე მნიშვნელოვანია ბევრი ვარჯიში და სწრაფვა წინსვლისკენ. ყველა ძალოსანს ვუსურვებ თავიანთი მიზნების მიღწევას".
ლაშა მიიჩნევს, რომ შთამბეჭდავი შედეგების მისაღწევად სპორტსმენმა გართობა უნდა დაივიწყოს. "კონცენტრირება, ძალისხმევა და ბოლომდე ერთგულება ის საფუძვლებია, რომელთაც მოყვება წარმატება".
26 წლის ლაშა ტალახაძე რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, 4-4 გზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. მას ეკუთვნის მსოფლიოს რეკორდები, როგორც ატაცში (220 კგ), ასევე აკვრაში (264).
კომენტარები