Thumbnail
  • ბასტიან შვაინშტაიგერს მიაჩნია, რომ გერმანიის ჩემპიონატის ბედი გადაწყდა
  • ყოფილმა ნახევარმცველმა ჰანსი ფლიკი შეაქო
  • შვაინის აზრით, ბაიერნს ტრიპლის შესრულების კარგი შანსი აქვს

მიუნხენის ბაიერნის ყოფილ ლიდერს, ბასტიან შვაინშტაიგერს მიაჩნია, რომ ბაიერნის დორტმუნდში გამარჯვებით გერმანიის ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გაირკვა. “ბუნდესლიგის ბედი გადაწყვეტილია. ვფიქრობ, შეუძლიათ, ვერცხლის სინი მიუნხენში გაგზავნონ - ბაიერნი პირველ ადგილს აღარ დაკარგავს,” - განაცხადა შვაინშტაიგერმა ARD-სთან ინტერვიუში.

'კარგი იქნებოდა, რომ სეზონის ბოლოს დაძაბული საჩემპიონო ბრძოლა გვენახა'

28 ტურის შემდეგ ბაიერნს სატურნირო ცხრილში 7-ქულიანი უპირატესობა აქვს, სეზონის დასრულებამდე კი 6 ტურია დარჩენილი. მიუნხენური გრანდი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ასეთი უპირატესობა გაანიავოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაიერნი ზედიზედ მერვედ (!) გახდება გერმანიის ჩემპიონი. შვაინშტაიგერს მიაჩნია, რომ ეს სულაც არ არის კარგი. “ბუნდესლიგისთვის ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კარგი იქნებოდა, რომ სეზონის ბოლოს დაძაბული საჩემპიონო ბრძოლა გვენახა,” - დასძინა შვაინიმ.

წაიკითხეროგორ მოუგო ბაიერნმა დორტმუნდს - ძირითადი ფაქტორები

35 წლის ბასტი იოზია კიმიხის გოლით გაოცებულია: “ძალიან კარგად დაარტყა. ასეთ მომენტში მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდების გააზრებაც კი რთულია, არათუ შესრულება. ეს დარტყმა მეკარისთვისაც დიდი სიურპრიზი იყო.”

ზოგადად, შვაინშტაიგერს მიაჩნია, რომ ბაიერნის ასეთი ფორმა და ფაქტობრივად საჩემპიონო მატჩის მოგება პირველ რიგში გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის დამსახურებაა. ფლიკთან ერთად რეკორდმაისტერმა 18-დან 15 მატჩი მოიგო - ეს ისეთი მაჩვენებელია, როგორიც ბუნდესლიგაში მხოლოდ პეპ გვარდიოლას ჰქონდა.

“ჰანსი ფლიკს დიდ მწვრთნელობამდე, რა თქმა უნდა, გრძელი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ მე უკვე ვხედავ მასში იუპ ჰაინკესისთვის დამახასიათებელ გარკვეულ მომენტებს,” - აღნიშნა შვაინშტაიგერმა და ეს ფლიკისთვის ძალიან სერიოზული კომპლიმენტია.

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი

შვაინი ფიქრობს, რომ ბაიერნს სულაც ჰეთ-თრიკის შესრულების კარგი შანსი აქვს - ანუ, ბუნდესლიგასთან ერთად გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების. შეგახსენებთ, რომ მიუნხენურ გრანდს ასეთი რამ აქამდე მხოლოდ ერთხელ აქვს გაკეთებული და, სხვათა შორის, ახლო წარსულში - 2013 წელს.

“ახლა ცხადია, რომ ბაიერნს ერთი ტიტული უკვე თითქმის განაღდებული აქვს. გუნდი გერმანიის თასზე ნახევარფინალშია, თუ აინტრახტს მოუგებენ, ფინალში გავლენ, მერე კი თასამდე ერთი ნაბიჯი დარჩებათ. ჩემპიონთა ლიგა, რა თქმა უნდა, სულ სხვა დონის ტურნირია, რომლის მოგება ძალიან ძნელია, მაგრამ გუნდი თამაშობს, ფორმაშია და ვფიქრობ, კარგი შანსი აქვს, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირიც მოიგოს.” - მიაჩნია შვაინშტაიგერს.

კომენტარები

ბოლო ამბები