Thumbnail

'სხვებზე უკეთესი არ ვარ' - მსოფლიო რაგბის ინტერვიუ მამუკა გორგოძესთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ყველას ვალია, ქვეყნისთვის მაქსიმუმი გააკეთოს, ალბათ, იმაზე მეტიც კი, რაც შეუძლია'
  • Worldrugby ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძეს საინტერესო თემებზე ესაუბრა

მსოფლიო რაგბიმ კიდევ ერთი პუბლიკაცია მიუძღვნა ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი სახელოვანი კარიერის დასრულებას მიმდინარე სეზონის ბოლოს გეგმავდა და ეს, ასეც იქნება, თუმცა, ისე გამოვიდა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, გამოსათხოვარი მატჩის ჩატარებაც კი ვერ მოახერხა. აი, რას წერს Worldrugby:

“მამუკა გორგოძე, ალბათ, ბევრს გაიღებდა, რათა ვარსკლავური კარიერის ბოლოს სარაგბო მინდორზე გასვლის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცემოდა. სამწუხაროდ, ქართველი მორაგბის კარიერას დამსახურებული ბოლო არ ჰქონია. მან საერთაშორისო რაგბს 16 წელი მიუძღვნა, საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსება 75 მატჩში დაიცვა და ოთხ მსოფლიო თასზე ითამაშა. აი, უკანასკნელი პერიოდი კი მამუკასთვის იღბლიანი ნამდვილად არ ყოფილა. მას ტრავმის გამო, ფრანგულ ტულონში მთელი რიგი მატჩები გაუცდა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი, მსოფლიოში პანდემია დაიწყო და სეზონიც შეწყდა, ამდენად, გამოსამშვიდობებელი თამაშის ჩატარებაც შეუძლებელი გახდა.

“ცხადია, კარიერის ბოლო ასე არ წარმომედგინა, თუმცა, უკვე ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. გასული წლების განმავლობაში, დიდი სითბო მაქვს მიღებული და აპლოდისმენტებიც არ დამკლებია. ამ სიყვარულს დღესაც კი ვგრძნობ და მთავარი ჯილდო სწორედ ესაა”, - ამბობს 35 წლის ქართველი.

სახელოვანი კარიერიდან უმთავრესი მატჩების გამორჩევა იოლი არ არის, თუმცა, არის 1 შეხვედრა, რომელიც გორგოძეს არასოდეს დაავიწყდება. “გორგოძილამ”, როგორც მას საოცარი ძალის გამო ეძახიან, 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასთან შეხვედრაში დიდებულად ითამაშა, მისმა გუნდმა კი 17:10 მოიგო. ინგლისურ გლოსთერში გამართულ მატჩში კუნძულელებმა გორგოძის ბრწყინვალება საკუთარ თავზე სრულად გამოსცადეს. მამუკა დაცვაში კლდესავით იყო აღმართული, ამასთან უმნიშვნელოვანესი ლელოც დადო და თამაშის შემდეგ, თანაგუნდელებთან ერთად, გამარჯვება ხმაურიანად იზეიმა. ეს, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველომ მსოფლიო თასზე რეიტინგით მაღლა მდგარ მეტოქეს სძლია და მეოთხედფინალში გასვლის ისტორიული შანსიც გაიჩინა.

წაიკითხე | რაგბის ქართველი ლეგენდა - როგორ თამაშობდა მამუკა გორგოძე

“მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო თასზე გამარჯვების გემო უკვე ვიცოდით, ეს მოგება მართლაც გამორჩეული გახლდათ. მანამდე, ასეთი ძლიერი მეტოქე არასოდეს დაგვემარცხებინა. მე გუნდური მოთამაშე ვარ და ინდივიდუალურ მიღწევებს ნაკლებ მნიშვნელოვას ვანიჭებ, ამიტომაც, იმ წარმატებამ განსაკუთრებით გამახარა. ტონგასთან სწორედ გუნდმა მოიგო და არა – რომელიმე კოკრეტულმა მოთამაშემ. მგონი, მარტო თავად გვჯეროდა, რომ მათ ვაჯობებდით და ეს რწმენა დაგვიფასდა”.

გორგოძისთვის ყველაზე მწარე მატჩად 2016 წელს კამპ ნოუზე რასინგთან TOP 14-ის წაგებული ფინალი რჩება, როდესაც ის ტულონის ღირსებას იცავდა, თუმცა, სჯობს, ისევ ტკბილ მოგონებებზე ვთქვათ და იმავე 2015 წლის მსოფლიო თასს დავუბრუნდეთ. კინგსჰოლმში გამართულ შეხვედრაში ქართველი მორაგბეები ლეგენდარულ “ოლ ბლექსს” დაუპირისპირდნენ და ბევრი ალბათ გაოცებული დარჩებოდა, როდესაც საუკეთესო მოთამაშედ სწორედ მამუკა გორგოძე დაასახელეს.

“ახალი ზელანდის ნაკრებს ყველასათვის ცნობილ მილენიუმზე ვეთამაშეთ და 30 ქულით წავაგეთ. მატჩის მიწურულს გამოაცხადეს, რომ თამაშის საუკეთესო მორაგბის წოდება მერგო. ეს, უდიდესი პატივი იყო. წარმოიდგინეთ, მოედანზე რამდენი ლეგენდარული მორაგბე იყო და მიუხედავად ამისა, მე გამომარჩიეს. ეს, ყველაფერი რაგბმა მომცა, რომლის ყველა დეტალი სიამოვნებას მანიჭებდა. იქნებოდა ეს თუნდაც დამღლელი ვარჯიშები, უდიდეს წნეხი და ზეწოლა, რომელსაც თითოეული თამაშის წინ განვიცდიდი, მინდორზე გატარებული თითოეული წუთი თუ მსაჯის საფინალო სასტვენი, რომელიც მატჩის შენს სასარგებლოდ დასრულებას მოასწავებდა”.

ახლა, გორგოძე შინ დაბრუნებას და პოსტ-რაგბული ცხოვრების დაწყებას აპირებს. ეს, მას შემდეგ მოხდება, რაც საფრანგეთში პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები მოიხსნება და საჰაერო მიმოსვლა აღდგება. მამუკა ჯერაც სამაგალითოდ რჩება სხვა მორაგბეებისთვის, თუმცა, თავად გორგოძის აზრით, ის, ნაკრების სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებული არ ყოფილა.

“ყველას ვალია, რომ ქვეყნის სასახელოდ მაქსიმუმი გააკეთოს, ალბათ, იმაზე მეტიც კი, რაც შეუძლია. ასე ფიქრობს ყველა მორაგბე, ვისაც ნაკრების მაისური აცვია და ამაზე დიდი არაფერია. ამდენად, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ სხვა მორაგბეებზე მაღლა ვდგავარ ან უკეთესი ვარ”.

კომენტარები

ბოლო ამბები