- რა გვიჩვენა Der Klassiker-მა, რომელიც ბაიერნმა 1:0 მოიგო
- დორტმუნდი უჩვეულოდ დაცვითად გამოიყურებოდა
- ბორუსიამ მომენტები მხოლოდ ჰაალანდის მოძრაობის წყალობით შექმნა
- დევისმა ჰაკიმის ფლანგზე დუელი გადამწყვეტი მოუგო
- კიმიხის წყალობით ბაიერნი ცენტრს აკონტროლებდა
გერმანიის ჩემპიონატის და პოსტვირუსული საფეხბურთო სეზონის მთავარი შეხვედრა დორტმუნდში გაიმართა - ბორუსია ბაიერნს მასპინძლობდა. გერმანიის ბოლო 10 ჩემპიონობა ამ კლუბებს აქვთ განაწილებული (მართალია, ბაიერნის დიდი უპირატესობით 8:2, მაგრამ მაინც) და წელსაც, მათ შორის 4-ქულიანი სხვაობიდან გამომდინარე, ამ თამაშს ბუნდესლიგის ფინალის სტატუსი ჰქონდა. მიუნხენელთა მოგება მათთვის ფაქტობრივად ჩემპიონობას ნიშნავდა.
როგორ თამაშობს ჰანსი ფლიკის ბაიერნი და რატომ ვერ აჩვენა დორტმუნდმა მისთვის ჩვეული ფეხბურთი? მატჩის ანალიტიკური მიმოხილვა პოპსპორტის სტატიაში.
დორტმუნდის სქემა
ბორუსიას 3-4-2-1 ძალიან მოქნილი სქემაა. ეს სქემა ერთდროულად ძალიან შემტევიც შეიძლება იყოს და დაცვითიც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განლაგდებიან განაპირა მოთამაშეები - ჰაკიმი და გერეირო. თუ ისინი შეტევის ხაზზე თამაშობენ, დორტმუნდს ერთდროულად 5 შემტევი ყავს, თუ ისინი დაცვის ხაზზე ჩამოდიან, მაშინ ბორუსია 5 კაცით იცავს თავს.
დორტმუნდი 0:1 ბაიერნი
გოლი: 0:1 კიმიხი (43)
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი (80. გიოტცე), ჰუმელსი, აკანჯი - ჰაკიმი, დილეინი (46. ემრე ჯანი), დაუდი (85. ვიტსელი), გერეირო - აზარი, ბრანდტი (46. სანჩო) - ჰაალანდი (72. რეინა).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი (85. ერნანდესი), ალაბა, დევისი - კიმიხი, გორეტცკა - კომანი (73. პერიშიჩი), მიულერი, გნაბრი (87. ხავი მარტინესი) - ლევანდოვსკი.
გუშინდელ შეხვედრაში დორტმუნდი უჩვეულოდ დაცვითად გამოიყურებოდა. მათი განაპირა მოთამაშეები (ჰაკიმი, გერეირო) ცენტრალური მცველების ხაზზე თამაშობდნენ და დორტმუნდს ერთდროულად 5 მცველი ჰყავდა. ეს ბაიერნის ზეწოლის გარდა, ლუსიენ ფავრის ფრთხილმა სტრატეგიამაც განაპირობა. მიუნხენელთა შემტევები, გნაბრი და კომანი ძალიან სწრაფები არიან და სივრცეს კარგად უტევენ, თომას მიულერი ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა მეტოქის ნახევარზე სივრცეეების მოძებნაში. ფავრმაც გადაწყვიტა, თავის ნახევარზე ერთდროულად 5-კაციანი დაცვითი ხაზი განელაგებინა და ბაიერნისთვის სივრცეები შეეზღუდა. გარკვეულწილად, ეს გამოუვიდა კიდეც - ბაიერნმა ღია სივრციდან პირველ 60 წუთში (მანამდე, სანამ თამაში გაიხსნა) მომენტები თითქმის ვერ შექმნა.
ამ სქემას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა. თამაშის დიდი ნაწილი დორტმუნდელთა კარის სიახლოვეს წარიმართა. ბორუსიას ბურთი უფრო დიდხანს ჰქონდა (51 პროცენტი), თუმცა თამაშის 35 პროცენტი მათ მესამედზე წარიმართა, ბაიერნის მესამედზე კი მხოლოდ - 25%. ანუ, ბორუსია ბურთს ფლობდა, მაგრამ უფრო ხშირად თავისი კარის სიახლოვეს, იქ, სადაც მათი მოთამაშეების დიდი ნაწილი იყო თავმოყრილი.
ჰაალანდი და დორტმუნდის შეტევა
დორტმუნდი პრესინგზე თითქმის არ მიდიოდა. თავისი შეტევის დაწყების დროს საკუთარ ნახევარზე ერთდროულად 7 ან 8 მოთამაშე ჰყავდა და ბაიერნის პრესინგის დროს ცდილობდა, ბურთი არ დაეკარგა. ეს მათ ხშირად გამოსდიოდათ, თუმცა შედეგად მეტოქის ნახევარზე მხოლოდ 2 მოთამაშე (აზარი და ჰაალანდი) რჩებოდათ. დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლა (ე.წ. transition) და იქ ღია სივრცეების ხარჯზე მომენტების შექმნა ბორუსიას ერთადერთი შესაძლებლობა იყო.
ეს მონახაზი პირველი ტაიმის დროს რომ მეტ-ნაკლებად ფუნქციონირებდა ეს მხოლოდ ჰაალანდის დამსახურებაა. ნორვეგიელი ფენომენალურად მოძრაობს და იხსნება. მიუხედავად იმისა, რომ მან ტრავმის გამო თამაში ვერ დაამთავრა და მატჩის დიდი ნაწილი რიცხვობრივ უმცირესობაში (2-3 კაცით) უტევდა, ის მაინც ახერხებდა დასარტყმელ პოზიციაზე გასვლას - თამაში მან 5 დარტყმით დაასრულა. ბორუსიას თითქმის ყველა სწრაფი შეტევის ადრესატი ის იყო და 58-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც მართებდა - მისი დარტყმის შემდეგ წაქცეულ ჯერომ ბოატენგს ხელში მოხვდა ბურთი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვალა მიმართულება.
გადამწყვეტი ფლანგი
ბორუსიას ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, თუმცა უცნაურია და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლოა აშრაფ ჰაკიმი იყოს. ჰაკიმი ძალიან სწრაფია, კარგად იწყებს და კარგად ერთვება შეტევაში და დორტმუნდიც თავის თამაშს დიდწილად მარჯვენა ფლანგიდან აგებს. ჰაკიმის მარჯვენა ფლანგიდან ბორუსიამ თავისი შეტევების 46 პროცენტი დაიწყო. საპირისპირო ფლანგიდან მხოლოდ - 32. ცენტრიდან კი, სულ რაღაც - 22 პროცენტი.
ჰაკიმის თავის გუნდში ყველაზე მეტი შეხება (118) და ყველაზე მეტი პასი (75) ჰქონდა. ეს უცნაური მაჩვენებელია, რადგან ჩვეულებრივ ამ კომპონენტებში ცენტრალური მცველები, ან შუა ნახევარმცველები ლიდერობენ ხოლმე. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ჰაკიმი ბორუსიას ფაქტობრივი გამთამაშებელია. მაგალითად, 2 კვირის წინ შალკესთან მატჩში მან გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ბაიერნთან ჰაკიმის საუკეთესო თამაში არ ჰქონდა, რადგან მიუნხენელებს მის წინააღმდეგ ალფონსო დევისი ჰყავდათ. დევისი ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა და გუშინ მან ჰაკიმის თავისი თამაშის ჩვენების საშუალება არ მისცა. დევისს 5 დრიბლინგი ჰქონდა, ჰაკიმის მხოლოდ - 1. შედარებისთვის საპირისპირო ფლანგზე მოთამაშე რაფაელ გერეიროს 4 დრიბლინგი ჰქონდა. დევისმა ბაიერნისთვის გადამწყვეტი ფლანგი მოიგო.
კიმიხი და მოედნის ცენტრი
გადამწყვეტი უპირატესობა ბაიერნს მოედნის ცენტრში ჰქონდა. მიუნხენელები ამ სტრატეგიულ არეალს სრულად აკონტროლებდნენ. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა დორტმუნდელებმა, ემრე ჯანმა და აქსელ ვიტსელმა ძირითადში თამაში ვერ დაიწყეს. მათ არყოფნაში, დაჰუდი-დილეინის დუეტი მიუნხენელებმა უშანსოდ დატოვეს. ეს პირველ რიგში კიმიხის დამსახურებაა. აქ მხოლოდ გატანილ გოლში საქმე არაა. ტრავმირებული ტიაგო ალკანტარას არყოფნაში, კიმიხი მოედნის ცენტრს და ბაიერნის მთელ თამაშს უძღვებოდა. შედეგად, მას თავის გუნდში ყველაზე მეტი შეხება (104) და პასი ჰქონდა (81).
მისი გოლიც ძალიან ლოგიკური იყო. იმ ზონიდან გავიდა, სადაც ბაიერნს უპირატესობა ჰქონდა. მიუნხენელთა დარტყმების 55 პროცენტი საჯარიმოს გარედან შესრულდა. ბაიერნს დორტმუნდის კომპაქტურ დაცვაში შესვლა უჭირდა, თუმცა საჯარიმოს მისადგომებს აკონტროლებდა და დარტყმების საშუალებაც ჰქონდა. გოლიც ასე გავიდა.
ძალიან სოლიდური ბაიერნი
არის ფეხბურთში რაღაცები, რაც სტატისტიკაში არ იზომება. ასეა ბაიერნის თამაშიც. თითქმის ყველაზე სტატისტიკური პარამეტრით თანაბარი თამაში იყო, თუმცა ბაიერნს რაღაც დამატებით ჰქონდა. მიუნხენელებმა თავიანთი უპირატესობის და მომენტების რეალიზებაც უკეთ მოახერხეს, თამაშსაც უკეთ აკონტროლებდნენ და ბოლო ნახევარი საათი ტემპის დაგდება და ე.წ. ‘თამაშის მოკვლაც’ ძალიან კარგად გამოუვიდათ. ჰანსი ფლიკის ხელში გუნდმა 18-დან 17 ბუნდესლიგური თამაში მოიგო. მიუნხენელთა თამაში ყველა კომპონენტში ძალიან სოლიდურად გამოიყურება. ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.
კომენტარები