Thumbnail
  • სფფ-ს პრეზიდენტი სპორტულ გადაცემა ტაიმაუტს ესტუმრა
  • ლევან კობიაშვილმა აქტუალურ თემებზე ილაპარაკა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე სპორტულ გადაცემა ტაიმაუტს ესტუმრა და აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი) 

კობიაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ვაისთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულება ძალაში 1 ივლისიდან შევა. წინა კონტრაქტი 31 მარტს ამოიწურა და შესაბამისად, 3 თვე ვაისს უხელფასოდ მოუწია ყოფნა. ამიტომ, ადვილი არ იყო მოლაპარაკების პროცესი, რომელიც საბედნიეროდ, შეთანხმებით დასრულდა. დასაფასებელია მისი ნაბიჯი, მინდა მადლობა გადავუხადო და გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად არის. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად მივიყვანთ ბოლომდე იმ საქმეს, რომელიც წლების წინ ერთად დავიწყეთ. 

რაც შეეხება კონტრაქტის ვადას, ის წლის ბოლომდეა გათვლილი. ყველაზე რთული ისაა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის გაიმართება ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩები. არის მოლოდინი, რომ ეს მოხდება შემოდგომაზე და სავარაუდოდ, ასეც იქნება, მაგრამ გარანტია არ გვაქვს. ამ ეტაპზე, ორივე მხარე კმაყოფილი ვართ, დანარჩენს კი დრო გამოაჩენს."

კობიაშვილი ერთა ლიგის კალენდარზე: "როდის გვეცოდინება ზუსტი კალენდარი? დღეს ამაზე ლაპარაკი რთულია. უეფას აღმასკომი ჩანიშნული იყო მაისის ბოლოს, მაგრამ გადაიდო ივნისის შუა რიცხვებამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ უეფამაც არ იცის, რა იქნება მომავალში. აშკარაა, რომ ელოდებიან, რა მდგომარეობა იქნება სხვადასხვა ქვეყანაში. დიდია შანსი, ერთა ლიგის მატჩები ოქტომბერში გაიმართოს, თუმცა უეფა განიხილავს რამდენიმე ვარიანტს. ერთი ვერსიით, ოქტომბერში გაიმართება როგორც პლეი ოფები, ისე ერთა ლიგის მომდევნო გათამაშების პირველი მატჩი. ეს ვარიანტი არ მოგვწონს, რადგან ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში მეტოქე ჩვენთან შედარებით დასვენებული იქნება. ამიტომ, უეფას ჩვენი ვარიანტიც შევთავაზეთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები."

კობიაშვილი ეროვნული ლიგის რესტარტზე: "რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, დღეს ჯერ კიდევ ვერ ვამბობთ, როდის განახლდება ჩემპიონატი, რადგან ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ჯერ კიდევ მოქმედებს შეზღუდვები სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებით. როდესაც გვექნება საშუალება, რომ ჩავატაროთ მატჩები, ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს ტესტებს, საკარანტინო ზონებს და ყველაფერს, რაც უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვისაა აუცილებელი. რაც შეეხება ფორმატს, სავარაუდოდ განახევრდება მატჩების რაოდენობა და ორ წრეს ვითამაშებთ. ბელარუსში თამაშობენ ფეხბურთს და ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მათი უპირატესობაა, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. არცკი მაინტერესებს, რას აკეთებენ ბელარუსში, იმდენად ვარ დარწმუნებული ჩვენი ნაკრების წარმატებაში."

ტაიმაუტი

⚽ „ჩვენი სურვილია, რომ ჩემპიონატი მალე დავიწყოთ, მაგრამ მოგეხსენებათ, სპორტში შეზღუდვები ისევ მოქმედებს. ხვალ კლუბებთან ვიდეოკონფერენცია გვექნება და ბევრ საკითხს გავივლით. მე იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის განახლება მალე იქნება შესაძლებელი“-ლევან კობიაშვილი #ტაიმაუტი

Posted by საქართველოს პირველი არხი • სპორტი on სამშაბათი, 26 მაისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები