Thumbnail
  • Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ათი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
  • რეიტინგში პირველზე რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია 
  • ფრანგის მსგავსად, ლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული კარლო ანჩელოტისაც

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია. ასეთ დასკვნას პორტალი Squawka აკეთებს, რომელმაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის (1992 წლის რებრენდინგის შემდეგ) ათი გამორჩეული სპეციალისტის რეიტინგი შეადგინა.

ფრანგი სპეციალისტის გაწვრთნილმა რეალმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, მსგავსი წარმატება კი აქამდე არცერთ მწვრთნელს ჰქონია. ზიდანმა ლიგის თასი 2016, 2017 და 2018 წლებში აღმართა, ჯამში კი ტურნირში 26 მატჩის მოგება მოახერხა.

ზიდანი ერთადერთი მწვრთნელია, ვინც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო

ტოპათეულის მეორე ადგილზე მანჩესტერ სიტის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა. პეპმა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ორჯერ, 2009 და 2011 წლებში, ბარსელონასთან ერთად მოახერხა.

ჟოზე მოურინიომ ლიგა პორტუსა და ინტერთან ერთად მოიგო

სამეულში მოხვდა იტალიელი კარლო ანჩელოტი, რომელიც ამჟამად ინგლისურ ევერტონს წვრთნის. ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ორ სხვდასახვა კლუბთან ერთად, ჯამში სამჯერ შეძლო - 2003 და 2007 წლებში მილანთან, ხოლო 2014-ში რეალთან ერთად.

ჩემპიონთა ლიგის TOP 10 მწვრთნელი (Squawka-ს ვერსიით)

1. ზინედინ ზიდანი (რეალი. მოგებათა პროცენტი: 65%). ჩემპიონთა ლიგა მოიგო: 2016, 2017 და 2018 წლებში.
2. ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი. 61%). 2009 და 2011 წლებში.
3. კარლო ანჩელოტი (პარმა, იუვენტუსი, მილანი, ჩელსი, პსჟ, რეალი, ბაიერნი, ნაპოლი. 55,15%). 2003, 2007 და 2014 წლებში.
4. ჟოზე მოურინიო (პორტუ, ჩელსი, ინტერი, რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი. 56,74%). 2004 და 2010 წლებში.
5. ლუი ვან გაალი (აიაქსი, ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი. 60%). 1995 წელს.
6 ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი. 54%). 1999 და 2008 წლებში.
7. იუპ ჰაინკესი (რეალი, ბაიერნი. 70%). 1998 და 2013 წლებში.
8. ვისენტე დელ ბოსკე (რეალი. 57%). 2000 და 2002 წლებში.
9. რაფაელ ბენიტესი (ლივერპული, ინტერი, ჩელსი, ნაპოლი, რეალი. 57%). 2005 წელს.
10. ოტმარ ჰიტცფელდი (დორტმუნდი, ბაიერნი. 51%). 1997 და 2001 წლებში.

კომენტარები

ბოლო ამბები