Thumbnail
  • 'მწვრთნელს მარტში ველოდით, მაგრამ შეიძლება შეეშინდა, ეგონა, დაძაბული სიტუაცია იყო'
  • 'ბომონტმა მითხრა, კაცურად გპირდები, რომ რეფორმებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებო'
  • 'სამხრეთ აფრიკასთან მატჩი, შესაძლოა, ოქტომბერში ჩატარდეს, თუმცა, მე ნაკლებად მჯერა'
  • სრკ-ს პრეზიდენტმა ინტერვიუში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე რადიო იმედის გადაცემა “სპორტტაიმში” იმყოფებოდა და არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ჩვენ სამი თემა გამოვარჩიეთ: მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის არჩევნები, ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი და ბორჯღალოსნების გადადებული ტესტი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან.

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის არჩევნები

აგუსტინ პიშოს საქართველოს რაგბის კავშირი მხარს უჭერდა არა მხოლოდ ბოლო პერიოდში, არამედ – მანამდეც. ეს, იყო გარკვეული მემკვიდრეობა, ვსაუბრობ, გია ნიჟარაძის მმართველობის პერიოდზე, როდესაც ვექტორი რეფორებისკენ წავიდა. ეს საუბრები რაგბის დიდ ოჯახში მუდმივად გრძელდებოდა. ამიტომაც, პიროვნული სიმპათიები ვისკენაც არ უნდა გადახრილიყო, ჩვენ თანმიმდევრულები უნდა ვყოფილიყავით. მხარი რეფორმებს დავუჭირეთ და ეს, არავისთან დასამალი არ გვქონია. პიშო პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანია და ისიც მინდა გითხრათ, რომ ბილ ბომონტისადმი ირონიული დამოკიდებულებაც არასწორია. ის მორაგბეც მაგარი იყო და საკმაოდ ჭკვიანი ადამიანიცაა. როგორც კი არჩევნები მორჩა, პიშოს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ მის გვერდში ვრჩებოდი. ბომონტსაც მივულოცე და იმედი გამოვთქვი, რომ ისტორიაში ისიც რეფორმატორის სახელით შესვლას მოახერხებდა. ბილის პასუხი ძალიან საინტერესო იყო. მან მოთხრა, კაცურად ამას გპირდები, უბრალოდ, ხომ იცი, რა რთული იქნება რეფორმების გატარებაო. სიტყვას გაძლევ, ყველაფერს ვიღონებო. თქვენ გგონიათ, პიშო რომ მოსულიყო, დაუყოვნებლივ რეფორმებს დაიწყებდა? უბრალოდ, მისი პრეზიდენტობა გარკვეულ პროცესებს დააჩქარებდა. ჩვენთან ისე აღიქმება, რომ თუკი სხვა ბანაკში იყავი, აუცილებლად მტერი უნდა იყო, არადა დამიჯერეთ, რაგბში ყველა ყველასთან თანამშრომლობს. ჩვენთვის არც ის ყოფილა მოულოდნელი, რომ არჩევნების დროს რაგბი ევროპის ორივე ხმა ბომონტისკენ წავიდა. ეს ორგანიზაცია თავის დროე ფრანგების შექმნილია და მათზე ფრანგების ზეგავლენა დღემდე გრძელდება. მართალია, ოქტავიან მორარიუ რუმინელია, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მენტალობით, ის ფრანგია.

ბორჯღალოსნების ახალი მწვრთნელი

თავის დროზე სამხრეთაფრიკელ მწვფრთნელ სვის დე ბრუინთან აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა და არაერთი დეტალი გავიარეთ, ხედვები დაემთხვა და მან მუშაობაზე თანხმობა განაცხადა. ჩვენ ის მარტში უნდა ჩამოგვეყვანა, მაგრამ გაუგებარია რა მოხდა, შესაძლოა, გარკვეულმა ძალებმაც იმუშავეს, შეიძლება შეეშინდა, რომ საარჩევნო პროცესი გაიწელა და ეგონა, დაძაბული სიტუაცია იყო. ამბობდა, რომ შემოთავაზებები კლუბებიდანაც ჰქონდა და მოცდა აღარ შეეძლო. ცხადია, ასეთ ვითარებაში გარანტიების მიცემა გამიჭირდებოდა და როგორც სჩანს, მალევე გეგმებს ვირუსიც აგვირევდა. აქედან გამომდინარე, დე ბრუინის თემა დასრულებულია, რადგანაც ის საკმარისზე მეტხანს გველოდა და ბოლოს დაახლოებით, ასეთი რამ თქვა: “მე არ მომწონს რაც მანდ საქართველოში ხდება”. ამის შემდეგაც მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს. სხვა სამხრეთაფრიკელ სპეციალისტთანაც გვქონდა კონტაქტი. არადა, ზოგზე ეწერა, რომ კონტრაქტი ჰქონდა წინ და გადააგდო... ამ თეატრალიზებას ვერ მოვრჩით. არავისთან არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ საკითხს აქტიურად განვიხილავთ, თუმცა, კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებ, რადგანაც არსებულ ვითარებაში, ეს, შეუძლებელია. ბევრ ვარიანტებს ვუყურებთ, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად მაიკლ ჩეიკას არ მოვიწვევთ. გგონიათ, მისი დონის სპეციალისტებმა საქართველოს ნაკრებში მუშაობის სურვილი არ გამოთქვეს? გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მერე სხვა ნაკრებში დასაქმდა. მასაც უნდოდა აქ, მაგრამ ჩვენ გვინდა ასეთი რამ? რომ მას გუნდი გარედან ემართა და საქართველოში ხანდახან ჩამოსულიყო. საქართველოს რაგბის კავშირის პოლიტიკაა, რომ ნაკრების მწვრთნელმა დროის უმეტესობა აქ ადგილზე უნდა გაატაროს.

სამხრეთ აფრიკასთან ტესტი

სამხრეთ აფრიკასთან ტესტის თაობაზე ზუსტი განმარტებას ვერ მოგცემთ. აფრიკელებმა მოგვწერეს და ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ, მაგრამ ყველაფერი ისევ და ისევ პანდემიაზეა დამოკიდებული. რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ თუკი მსოფლიო რაგბი შემოდგომისთვის სანაკრებო ტესტების ფანჯარას დაუშვებს, თამაში ოქტომბერში შედგეს. პირადად მე, ამის ნაკლებად მჯერა, რადგანაც მთელი მსოფლიო იმაზე საუბრობს, რომ სექტემბრიდან კორონავირუსის ახალი ტალღა დაიწყება. ისე კი, ნამდვილად კარგი იქნება, თუკი წელს კიდევ 1 მატჩის ჩატარებას მოვასწრებთ.

შეგახსენებთ, რომ 59 წლის დე ბრუინის ბორჯღალოსანთა თავკაცად შესაძლო დანიშვნის შესახებ იანვრის მიწურულს გახდა ცნობილი. მაშინ სვანიძემ განაცხადა, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს სწორედ 59 წლის სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი ჩაიბარებდა, რომელსაც ზურგს ლაიონსსა და ქვეყნის 21-წლამდე გუნდში მუშაობის გამოცდილება უმაგრებდა. სხვა საქმეა, რომ 30 იანვარს დაგეგმილი არჩევნები რამდენჯერმე გადაიდო, შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო, პროცესი საერთოდ შეწყდა და როგორც სვანიძის კომენტარიდან შევიტყვეთ, დე ბრუინის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.

🏈პანდემიის პერიოდში ქართულ რაგბში მიმდინარე მუშა პროცესებზე, მნიშვნელოვან სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე "სპორტტაიმში" ↪️სტუმარი: საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი - გოჩა სვანიძე საუბრობს. გვისმინეთ FM105.9 🎧 ☎️ დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში: 2 92 11 88 ან 2 92 11 99

Posted by რადიო იმედი Radio Imedi on ორშაბათი, 25 მაისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები