Thumbnail
  • 📅 26 მაისი | ⌚ 20:30 | ⚽ დორტმუნდი V ბაიერნი
  • საფეხბურთო გერმანია ძალიან საინტერესო Der Klassiker-ის მოლოდინშია
  • ორივე გრანდი საუკეთესო ფორმაშია და ორივეს ჩემპიონობა სურს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

თამაში, რომელსაც გერმანიაში Der Klassiker-ს უწოდებენ, ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ბუნდესლიგის კლასიკაში გერმანული საკლუბო ფეხბურთის ორი გრანდი, ბოლო წლებში კი სულაც ორი მთავარი გრანდი, დორტმუნდის ბორუსია და მიუნხენის ბაიერნი ხვდებიან. ‘კლასიკერი’ ახლა განსაკუთრებით საინტერესო და დამაინტრიგებელი დუელია, რადგან ორივე გუნდს ზედიზედ 6 თამაში აქვს მოგებული და ორივე ჩემპიონობისთვის იბრძვის. 28-ე ტურის წინ ბაიერნი დორტმუნდს 4 ქულით უსწრებს და შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტობრივად საჩემპიონო მატჩია.

რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ბაიერნს ნახევარდაცვის ვარსკვლავი ტიაგო ალკანტარა არ ეყოლება. დორტმუნდის ბორუსიას კი ემრე ჯანი გამოუჯანმრთელდა - იგი ბორუსიას შუა ხაზისთვის დიდი ძალაა. დაბრუნდა ჯეიდონ სანჩოც და დიდი შანსია, რომ ის BVB-ს ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ, რაც მარკო როისის არყოფნაში დორტმუნდისთვის დიდი შეღავათია. გამოჯანმრთელდა და განაცხადშია ვიტსელიც.

პირველ წრეში ბაიერნმა დორტმუნდს 4:0 მოუგო

დორტმუნდისთვის ეს იქნება მატჩი შემდეგი დევიზით: ყველაფერი, ან არაფერი. ბორუსია ფაქტობრივად მხოლოდ მოგების შემთხვევაში შეინარჩუნებს კარგ შანსს, რომ ბაიერნის ზედიზედ მე-8 ჩემპიონობა არ დაუშვას. დორტმუნდისთვის ძალიან დიდი ნაკლია ის, რომ სტადიონის ტრიბუნები ცარიელი იქნება.

29 წლის ტიაგოს არყოფნა ბაიერნისთვის დიდი დანაკლისია. თუმცა, ესპანელი არც პირველი წრის მატჩის ძირითადში იყო და ის თამაში ბაიერნმა დორტმუნდს 4:0 მოუგო. იქ ნახევარდაცვაში კიმიხმა, გორეტცკამ და მიულერმა ითამაშეს.

რაც მთავარია: ორივე გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია, ბუნდესლიგაში ორივეს ზედიზედ 6 თამაში აქვს მოგებული! რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ფაქტებს: 

საინტერესო ფაქტები

⚽ დორტმუნდმა შინ ბოლო 30 მატჩიდან 28-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ ბაიერნს სტუმრად ზედიზედ 6 მოგება აქვს, ბოლო 13-დან 11 მატჩი კი მინიუმ ორბურთიანი სხვაობით მოიგო.

⚽ დორტმუნდს ბუნდესლიგაში ზედიზედ 6 გამარჯვება აქვს, უკანასკნელ 4 საშინაო თამაშში კი გოლი არ აქვს გაშვებული.

⚽ დორტმუნდელებს ამ მატჩის წაგების უფლება არ აქვთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ლიდერ ბაიერნთან ჩამორჩენა 7 ქულამდე გაიზრდება.

⚽ დორტმუნდმა ამ სეზონში პირველ ტაიმში ორჯერ მეტი გაიტანა, ვიდრე გაუშვა (23:13) და ბუნდესლიგაში 15 თამაშში პირველი მოიგო (პლუს 11-ჯერ პირველი ტაიმიც და თამაშიც).

⚽ დორტმუნდი ბუნდესლიგაში საუკეთესო საშინაო გუნდია (10 მოგება, 3 ფრე, 0 მარცხი), ბაიერნი კი საუკეთესოა სტუმრად დაფიქსირებული შედეგების მიხედვით (9 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი).

⚽ ბაიერნს სტუმრად ჩატარებულ მატჩებში საშუალოდ 2,85 გოლი გააქვს და სტუმრად გოლების თითქმის ერთ მესამედს პირველ 15 წუთში იტანს (12/37).

⚽  ჯეიდონ სანჩოს ბუნდესლიგის ბოლო 16 მატჩიდან 14-ში ან გოლი გაჰქონდა, ანაც საგოლე პასს აკეთებდა.

⚽ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირს, რობერტ ლევანდოვსკის (27 გოლი) ბოლო 5 გოლი მეორე ტაიმში აქვს გატანილი. 

⚽ დორტმუნდს ბუნდესლიგის ზედიზედ 38 საშინაო მატჩში მინიმუმ 1 გოლი აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი, აკანჯი - ჰაკიმი, ემრე ჯანი, დაჰუდი, გერეირო - თ. აზარი, ბრანდტი - ჰაალანდი.
ტრავმა: როისი, ნ. შულცი, ზაგადუ
დისკვალიფიკაცია: არავინ

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი - კიმიხი, გორეტცკა - კომანი, თ. მიულერი, გნაბრი - ლევანდოვსკი.
ტრავმა: კოუტინიო, ზიულე, ტოლისო, ტიაგო ალკანტარა
დისკვალიფიკაცია: არავინ

კომენტარები

ბოლო ამბები