Thumbnail

'ევროპალიგაზე რაც შეიძლება შორს უნდა გავიდეთ' - ხოჭოლავამ თამაში დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დონეცკის შახტარმა თამაში განაახლა
  • დავით ხოჭოლავას კომენტარი მატჩის შემდეგ

კორონავირუსის პანდემიის გამო, იძულებითი შესვენების შემდეგ თამაში კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა განაახლა - დავით ხოჭოლავას შახტარმა უკრაინულ რუხს 4:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ქართველმა მცველმა პირველი ტაიმი ითამაშა. წაგებულთა რიგებში სათადარიგო იყო 22 წლის რატი არდაზიშვილი. მატჩის შემდეგ ხოჭოლავამ შახტარის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა...

26 წლის ქართველ მცველს 70 დღის განმავლობაში არ უთამაშია, მას მერე, რაც შახტარმა ზორიასთან მოულოდნელად წააგო, უკრაინის პრემიერ ლიგა შეწყდა.

დავით ხოჭოლავა (შახტარი): "ძალიან სასიამოვნოა დიდი პაუზის შემდეგ თამაში და გამარჯვება. მით უფრო, სადღესასწაულო დღეს. რა თქმა უნდა, უკვე ოფიციალური მატჩები გვენატრება, მაგრამ ამხანაგურებშიც ჩანს, როგორო მონდომებულია ყველა.

კლუბის დაბადების დღეს კი არა, შახტარის ამოცანა ყოველ მატჩში გამარჯევაა. არ აქვს მნიშვნელობა, თამაში ამხანაგურია თუ ოფიციალური. გუნდში მხოლოდ ისეთი ფეხბურთელებია, რომელთაც გამარჯვების გარდა არაფერი აკმაყოფილებთ. ამიტომაც, შახტარი ასე ხშირად ხდება ჩემპიონი. ვფიქრობ, ჩვენს გუნდში სხვანაირად შეუძლებელია.

ჩვენს სათამაშო ფორმას რაც შეეხება, ვფიქრობ, ბურთთან მუშაობა გვაკლია და ტაქტიკაზეც სამუშაოა, თუმცა ფიზიკურად კარგ ფორმაში ვართ. ყველაფერი იზოლაციით კი დაიწყო, მაგრამ ონლაინ ვემზადებოდით. როცა კარანტინი გამარტოვდა, სირბლის საშუალებაც გაჩნდა. ახლა მთელს ყურადღებას სწორედ ტაქტიკაზე და ბურთით თამაშზე გადავიტანთ, ფიზიკურად გუნდი მზად არის სათამაშოდ.

ჩემპიონატის განახლება გვსურს, ჩვენ ხომ ფეხბურთელები ვართ. სწორედ ამისთვის ვემზადებით. ასევე დიდი სურვილი გვაქვს, ევროპალიგაზეც გამოვიჩინოთ თავი, რაც შეიძლება შორს გავიდეთ".

შეგახსენებთ, რომ დონეცკის შახტარი 59 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ დინამო კიევს 14 ქულით უსწრებს. 27 წლის ხოჭოლავამ 8 მატჩში ითამაშა. შახტარი ევროპალიგის 1/8 ფინალშია გასული, სადაც პირველი მატჩი ვოლფსბურგს სტუმრად 2:1 მოუგო, საპასუხო კი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. 

კომენტარები

ბოლო ამბები