Thumbnail

ზლატანი მძიმედ დაშავდა - ეს, ალბათ, მისი კარიერის დასასრულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შვედმა ვეტერანმა ტრავმა მილანის ვარჯიშზე მიიღო, პროგნოზი კი არასახარბიელოა
  • სავარაუდოდ, წვივის კუნთი გაიწყვიტა და არც აქილევსის მყესის ტრავმას გამორიცხავენ

იტალიური მილანის ვეტერანმა შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო და დიდია შანსი, კარიერის დასრულება მოუწიოს. იბრას თაობაზე დეტალები იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა, შემდეგ კი, ცნობა სხვადასხვა სააგენტოებმა აიტაცეს.

როგორც ირკვევა, 38 წლის ვარსკვლავი მილანელთა ვარჯიშისას დარტყმას ახორციელებდა, როდესაც ტკივილი იგრძნო და გაზონზე აღმოჩნდა. შვედ ლეგიონერს საფუძვლიანი გამოკვლება ჯერ არ ჩატარებია, პირველადი მონაცემები კი საგანგაშოა. ვარაუდობენ, რომ ზლატანს წვივის კუნთი აქვს გაწყვეტილი, ამას დამატებული კი, არც აქილევსის მყესის ტრავმას გამორიცხავენ. თუკი ეს ამბები დადასტურდა, იბრაჰიმოვიჩი მინდორს დიდი ხნით ჩამოშორდება და ეს, ფაქტობრივად, მისი კარიერის დასასრულიც იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი მილანს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა და იტალიურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, მისი გაგრძელების პერსპექტივით. მას შემდეგ მან 10 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. იბრაჰიმოვიჩს კარიერის განმავლობაში მალმიოს, აიაქსის, იუვენტუსის, ინტერის, ბარსელონას, პსჟ-ს, მანჩესტერ იუნაიტედსა და ლოს ანჟელეს გელექსიშიც უთამაშია, შვედეთის ნაკრების მაისურით კი, 116 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები