Thumbnail

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი: ძალადობას ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დროს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს პირველი ჩოგანი ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს და შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული, რის გამოც ის დააკავეს და შემდეგ, 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მიმდინარეობის საქმის გამოძიება. ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველებმა პრესკონფერენცია გამართეს და საქმის დეტალებზე ისაუბრეს…

ანა აბაშიძე (ნელი დოროყაშვილის ადვოკატი): "ნელი დოროყაშვილი ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და ვერ შეძლო დღეს ჩვენთან ერთად ყოფნა, რათა თვითონ ესაუბრა ამ თემაზე. თუმცა, ჩვენი პოზიციები მასთანაა შეთანხმებული.

თუ ვინმეს გიამაყიათ ნიკას წარმატებებით, ეს დიდწილად დაკავშირებულია მის ყოფილ მეუღლესთან

ნიკოლოზ ბასილაშვილი სპორტულ სამყაროში მისაბაძი ადამიანია და მისი დამსახურებები ყველას გვიხარია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატებული ადამიანი უნდა ძალადობდეს ვინმეზე, ჩვენ კი ჩუმად ვიყოთ. თუ მის სპორტულ კარიერას პრობლემა შეემნა, ერთადერთი, ვინც ამაში დამნაშავეა, თავად ბასილაშვილია. ნელი და ნიკოლოზი 8 წელი იყვნენ ცოლქმარი. ბასილაშვილი თვითონვე ამბობდა, რომ მისი წარმატებები პირდაპირ იყო დაკავშირებული მის ოჯახთან. ასე რომ, თუ ვინმეს გიამაყიათ ნიკას წარმატებებით, ეს დიდწილად დაკავშირებულია მის ყოფილ მეუღლესთან. ნელი პირად კარიერულ წინსვლაზე ამბობდა უარს, რომ ნიკასთვის ხელი შეეწყო". 

ანა თავხელიძე (ნელი დოროყაშვილის ადვოკატი): "საქმის დეტალებში არ შევალთ, თუმცა ორ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

არსებობს ფოტოები და ვიდეო-მასალა, რასაც ექსპერტიზის დასკვნა დაემატება

საუბარი არაა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, როგორც ამას ხშირად წარმოაჩენენ - საქმე ეხება ძალადობას განგრძობად დროში. ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დროს.

გამოძიება მიმდინარეობს და საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ ძალადობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. არსებობს ფოტოები და ვიდეო-მასალა, რასაც ექსპერტიზის დასკვნა დაემატება. გამოძიება გრძელდება და კიდევ არაერთი მტკიცებულება დაიდება. დღეს, დეტალებს არ ვასაჯაროვებთ, რადგან ვითვალისწინებთ ბავშვის ინტერესებს მაგრამ ეს ფაქტები საქმეშია და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი".

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები