Thumbnail

'რასინგში პაპუს ფაქტორი იზრდება' - AS-მა პაპუნაშვილს სტატია მიუძღვნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • AS: გიორგი პაპუნაშვილის როლი რასინგში გაიზრდება
  • მწვრთნელი მას შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე მოსინჯავს

"დიარიო AS-მა" გიორგი პაპუნაშვილს სტატია მიუძღვნა - "პაპუს ფაქტორი". პრესტიჟული ესპანური გამოცემა წერს, რომ ხოსე ლუის ოლტრას გუნდში ქართველ შემტევს მეტი როლი ელის, რათა ხშირად ჩაანაცვლოს ვეტერანი ალვარო სეხუდო...

36 წლის სეხუდოს ლა ლიგაში, ოსასუნასა და ბეტისში უთამაშია, მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა ახლაც (27 თამაში, 8 გოლი), თუმცა როცა სეზონი განახლდება, გუნდებს ყოველ 3 დღეში მოუწევთ თამაში, სეხუდო კი ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლებს და დამხმარე დასჭირდება:

გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში განაახლა

AS პაპუნაშვილზე: "გიორგი პაპუნაშვილი საქართველოში ძალიან უყვართ და აფასებენ, ის სარაგოსაში კარგი ფეხბურთელი იყო და ორი წლის წინათ, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. სამაგიეროდ, სანტანდერში მისი ოსტატობა შედარებით, უცნობია. სეხუდოს ფანტასტიკური სეზონი აქვს, არც ტრავმები ჰქონია, მაგრამ ის უკვე 36 წლისაა და აქ პაპუნაშვილის მნიშვნელობა იზრდება რასინგისთვის - 11 მატჩი 6 კვირაში, 90 და მეტი წუთი ყოველ სამ დღეში. ფაქტია, გუნდმა ეს ეტაპი მაქსიმალურად მობილიზირებულმა უნდა გაიაროს.

სეხუდო მარჯვენა ფეხით თამაშობს, პაპუნაშვილი ცაციაა, თუმცა ორივეს აქვს პლუსები - ისინი ნიჭიერები არიან, შეუძლიათ კარში დარტყმა და საგოლე პასების გაკეთება. ორივეს შეუძლია ითამაშოს იმ პოზიციაზე, რომელსაც ოლტრა ითხოვს - მარჯვენა ფლანგიდან შეიწიონ და შემტევ ნახევარმცველად ითამაშონ. რაც შეეხება ფლანგს, აქ სიცარიელეს ნანდო ან კარმონა შეავსენებენ". 

შეგახსენებთ, რომ 24 წლის გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსამ რასინგში იჯარით გაუშვა, სარაგოსაში მან 11 მატჩი ჩაატარა ამ სეზონში, ხოლო რასინგში - 4. გიორგის თავი გოლით არ გამოუჩენია. ლა ლიგა 2-ში სანტანდერის რასინგი 28 ქულით ბოლო ადგილზეა და დაქვეითების საფრთხის წინაშეა. უსაფრთხო ზონამდე რასინგს 17 ქულა აშორებს. მაისის დასაწყისში გავრცელდა ცნობები, თითქოს, გიორგის ბერძნული პანათინაიკოსი იწვევს.

კომენტარები

ბოლო ამბები