Thumbnail
  • კიელინი ავტობიოგრაფიაში თავის მწვრთნელებს აღწერს
  • ანტონიო კონტე წარმოუდგენელი მოტივატორია
  • ალეგრის ყველაზე მეტად სტრესის შემსუბუქება გამოსდის
  • სარი ტაქტიკაზეა დაციკლული და მოთამაშეებთან ნაკლებს კონტაქტობს

ჯორჯო კიელინიმ სულ ცოტა ხნის წინ თავისი ავტობიოგრაფია გამოუშვა. მასში ბალოტელისა და ფელიპე მელოზე თავდასხმის გარდა, სხვა ნაკლებად სკანდალური, თუმცა არანაკლებ საინტერესო დეტალებია. მისი წიგნიდან რამდენიმე ეპიზოდი ამოვიღეთ, მათ შორის ერთ-ერთი, რომელშიც იგი თავის მწვრთნელებს: ანტონიო კონტეს, მაქსი ალეგრის და მაურიციო სარის აღწერს. განსაკუთრებული ყურადღება კონტეს და ალეგრის ეთმობა, რომელთაც კიელინი ცალკე თავს უძღვნის  - სათაურით "ანტონიო და მაქსი".

კონტე

კონტე ფეხბურთით დაავადებულია. ის 24 საათი მართლა ამ თამაშით ცხოვრობს. პარალელურ რეალობას ქმნის, რომელშიც არაფერია ფეხბურთის გარდა. მოშვებული არასოდეს არის და ალბათ ეს არის მისი მთავარი პრობლემა. ის სხვებისგანაც მოითხოვს, რომ ყველაფერი გაიღონ საქმისთვის - ეს კი ყველას არ გამოსდის. კონტესთან მუშაობა ისეა, როგორც ატომურ რეაქტორში ცხოვრება. მასთან ერთად ყოფნა და მუშაობა ფსიქოლოგიურად უფრო რთულია, ვიდრე ფიზიკურად.

კრიზისის შემდეგ იუვენტუსის აღმასვლა კონტემ დაიწყო

2013 წლის მარტში სტუმრად ნაპოლის ვეთამაშებოდით, რომელიც 6 ქულით ჩამოგვრჩებოდა. დეკემბრის შემდეგ ტრავმირებული ვიყავი და ნეაპოლში თამაშამდე 1 კვირით ადრე დავბრუნდი. მაშინვე კიდევ ერთი მიკროტრავმა მივიღე. მთელი კვირის განმავლობაში ტკივილი ვერ მოვიცილე და თამაშის წინ კონტეს ვუთხარი, რომ მოედანზე გასვლა არ შემეძლო.

კონტემ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერ გაიგო და არც არაფერი მომხდარა. ძირითადი შემადგენლობა რომ დაასახელა, მოულოდნელად მეც იქ ვიყავი. მოვიდა და მითხრა: "არ მაინტერესებს. ხვალ თამაშობ. ისინი მარტო შენს დანახვაზეც კი შიშისგან შარვალს გაავსებენ. თუ დაიმტვრევი, შეგცვლი, მაგრამ სანამ ფეხზე დგომა შეგიძლია, მოედანზე იქნები და ითამაშებ".

სათამაშოდ ტკივილგამაყუჩებლებით გავედი და მეცხრე წუთზევე გავიტანე. ფეხი ისე გამისივდა, რომ შესვენებაზე ბუცის გახდაც ვერ შევძელი, თუმცა თამაში მაინც დავასრულე. კონტე ასეთია. ის წარმოუდგენელი მოტივატორია - მის გამო მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო. ანტონიო დიდი კაცია, მაგრამ შენგან ყველაფერს გამოწურავს.

კონტე მხოლოდ ემოციები არ არის. მასთან ერთად ფეხბურთი ახლიდან ვისწავლე. მან ახალი სამყარო გამიხსნა. იქამდე ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ დაცვა იყო - ბურთის მოგერიება, პასი უახლოეს თანაგუნდელს. მან ფეხბურთის თამაში მასწავლა.

ალეგრი

ალეგრის საუკეთესო თვისება მისი ადამიანებთან, ფეხბურთელებთან კონტაქტის უნარია - ის იცინის, ხუმრობს, ადამიანების ძალიან კარგად ესმის. ყველაზე კარგად ეხერხება ზეწოლის მოხსნა და ცდილობს, გუნდში სულ კარგი განწყობა და ატმოსფერო იყოს. მაქსი ორკესტრის დირიჟორია, ის იდეალურად მართავს გუნდს. ასეთ რაღაცებს კოვერჩიანოში არ ასწავლიან და წიგნებში ვერ წაიკითხავ. 

ალეგრი ტურინიდან აპლოდისმენტებით გააცილეს - 5 წელიწადში 5 ჩემპიონობა

როცა ალეგრიმ კონტე შეცვალა, მას უკვე ჰქონდა იდეები, თუ როგორც უნდა გადაეწყო გუნდის თამაში. მან თავიდანვე გვითხრა, რომ კონტეს 3-5-2-ის შეცვლა სურდა, რადგან ძალიან ბევრი კარგი ნახევარმცველი გვყავდა. პირველი სამი თვე ისევ კონტეს სქემით ვიგებდით, შემდეგ 4-4-2-ზე გადავედით, მოედნის ცენტრში რომბით.

როცა ალეგრი რამეს ამბობს, მისი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც გჯერა. შემთხვევითი არ არის, რომ მასთან ერთად ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები ბაიერნთან 2016 წელს და რეალთან 2018 წელს ვითამაშეთ. მაშინ, როცა ჩვენი არავის სჯეროდა, ალეგრიმ ფენომენალურად იმუშავა. ორჯერ ვიყავით სასწაულამდე ერთი ნაბიჯით დაშორებულები.

სარი

სარი კონტესა და ალეგრისგან ძალიან განსხვავდება. ის ძალიან კარგად მომზადებულია, დეტალებზეა დაციკლული და მუშაობის დროს სამეცნიერო მეთოდებს იყენებს. ის თავის კაბინეტში იკეტება და ანალიზს იწყებს, სქემებს და სტატისტიკას სწავლობს. მაურიციო ტაქტიკის მანიაკია. ვერ ნახავთ, რომ სარი სატრენაჟორო დარბაზში ფეხბურთელებს ელაპარაკებოდეს და ხუმრობდეს. ამ დროს ის თავის ოთახში მუშაობს.

სარი იუვენტუსში გასულ ზაფხულს დაინიშნა

სარის ფეხბურთის სათამაშოდ და მისი იდეების რეალიზაციისთვის თვეებია საჭირო. მისი ფეხბურთი ბევრი დეტალისგან შედგება, რომელიც ზეპირად, ინტუიტიურად უნდა იცოდე. თუმცა დიდ კლუბებს ბევრი დრო არასოდეს აქვთ, ამიტომ ჩვენ ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ. სეზონის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება მაშინაც კი, როცა შეცდომებს ვუშვებდით. სარი იდეალს ეძებს - მას სურს, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე სათამაშო დროის 100 პროცენტი ქონდეს. ეს უტოპიაა, მაგრამ ხვდებით ალბათ, მისი თავი როგორ მუშაობს.

თუ ჩვენ მასთან ერთად გამოგვივა, გულშემატკივარი ზღაპრულ ფეხბურთს ნახავს, ისეთს, როგორიც აქამდე არ უნახავს.

კომენტარები

ბოლო ამბები