Thumbnail

ევროლიგის სეზონი გაუქმდა - გუნდები თამაშის განახლებაზე ვერ დაითანხმეს

  • ოფიციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა
  • მომავალ სეზონში ტურნირში იგივე გუნდები ჩაერთვებიან

ევროლიგამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი აღარ გაგრძელდება და შესაბამისად, ჩემპიონიც ვერ გამოვლინდება. ტურნირის ვებ-გვერდზე განთავსებული ცნობის თანახმად, ევროლიგის მომდევნო სეზონი სტარტს 1 ოქტობერს აიღებს, ევროთასის გათამაშება კი 30 სექტემბერს დაიწყება.

გაირკვა ისიც, რომ ყველა ის გუნდი, რომელიც ევროლიგის 2019-20 წლების სეზონში თამაშობდა, ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირში ადგილს შეინარჩუნებს, ამდენად, მომავალ სეზონში ისევ ამ გუნდებს ვიხილავთ:

ბარსელონა, ბასკონია, რეალი, ვალენსია (ყველა – ესპანეთი), ოლიმპიაკოსი, პანათინაიკოსი (ორივე – საბერძნეთი), ანადოლუ ეფესი, ფენერბაჰჩე (ორივე – თურქეთი), მილანი (იტალია), ჟალგირისი (ლიტვა), ცსკა, ხიმკი, ზენიტი (ყველა – რუსეთი), ალბა, ბაიერნი (ორივე – გერმანია), ვილერბანი (საფრანგეთი), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), მაკაბი (ისრაელი).

აღსანიშნავია, რომ ევროლიგის ხელმძღვანელობა სეზონის გაგრძელებით იყო დაინტერესებული და რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, თუმცა, შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კლუბების კაპიტნებთანა და მოთამაშეებთან ვიდეო-კონფერენცია შედგა, სადაც ნათლად გამოიკვეთა, რომ გუნდები სეზონის შეწყვეტას ემხრობოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის მიმდინარე გათამაშება მარტის დასაწყისში შეწყდა, როდესაც 28 ტურის თავზე, ტურნირს 24 მოგებით თურქული ანადოლუ ეფესი ლიდერობდა, შემდეგ კი, რეალი და ბარსელონა მოდიოდნენ 22-22 გამარჯვებით. თორნიკე შენგელიას ბასკონიას 12 მოგებით მე-13 ადგილი ეკავა, თუმცა, საპლეიოფო ზონას, რომელშიც 8 კლუბი შედიოდა, მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები