Thumbnail

8 ივნისს არა - ლა ლიგის განახლების სავარაუდო თარიღი ისევ შეიცვალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანური პრიმერას პრეზიდენტმა ჩემპიონატის განახლების თარიღზე ისაუბრა
  • ხავიერ ტებასის ვარაუდით, ლა ლიგა 11 ივნისს, სევილიური დერბით განახლდება

ესპანური პრიმერის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ჩემპიონატის განახლების თარიღზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და როგორც ირკვევა, ის არ არის 8 ივნისი, როგორც ეს მანამდე იყო გამოცხადებული. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ლა ლიგა მარტში შეწყდა, ცოტა ხნის წინ კი ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ პედრო სანჩესმა ჩემპიონატის განახლების სავარაუდო თარიღად 8 ივნისი დაასახელა.

ხავიერ ტებასის ვარაუდით, ლა ლიგა 11 ივნისს განახლდება

"ქვეყანაში ყოველ ორშაბათს კარანტინის შემსუბუქების ახალი ფაზა დგება და სწორედ ამიტომ იყო ნახსენები 8 ივნისი. ამ კონკრეტულ კვირაში დღეებს უნდა გადავხედოთ, რათა გადავწყვიტოთ, რომელ დღეს დავიწყოთ. ეს ასევე დაკავშირებულია გუნდების საწვრთნელი პროცესის ეტაპებთან. სავარაუდოდ, ესპანეთის ჩემპიონატის განახლება ხუთშაბათს, 11 ივნისს მოხდება. თუ არადა, 12 ან 13 ივნისს.

ამასთან დაკავშირებით ფედერაციასა და სპორტულ საბჭოსთან ვიმსჯელებთ. ვფიქრობ, ჩემპიონატი დერბით განახლდება - სევილია-ბეტისით. ვაპირებთ, რომ მატჩის ტრანსლირება მხოლოდ ესპანეთში განვახორციელოდ - ნიშნად იმისა, რაც ქვეყანამ გამოიარა. ყველაფერს მომავალი კვირის დასაწყისში გამოვაცხადებთ", - აქვეყნებს ტებასის ნათქვამს ესპანური მედია.

იძულებითი პაუზის გამოცხადებამდე ლა ლიგის გუნდებს სეზონის 38 მატჩიდან 27 ჰქონდათ ჩატარებული. სატურნირო ცხრილის სათავეში 58 ქულით ბარსელონაა, რომელსაც 2 ქულით მადრიდის რეალი ჩამორჩება. მესამეზე სევილიაა (47).

კომენტარები

ბოლო ამბები