Thumbnail
  • მაკგრეგორმა ბრძოლების ისტორიაში საუკეთესოების სია შეადგინა
  • ხაბიბ ნურმაგომედოვმა მას დასცინა
  • ირლანდიელს ნეიტ დიასიც გამოეხმაურა
  • დიასი-მაკგრეგორის მესამე ბრძოლა რეალურია

წინა კვირაში კონორ მაკგრეგორმა ის გააკეთა, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის - სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სკანდალი შექმნა. ირლანდიელმა ბრძოლების ისტორიაში საუკეთესოების სია შეადგინა, რომელშიც მასთან ერთად, ანდერსონ სილვა, ჟორჟ სენ პიერი და ჯონ ჯონსი შედიან.

კონორმა საუკეთესოდ ჯერ ანდერსონ სილვა დაასახელა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და განაცხადა, რომ ისტორიაში საუკეთესო სწორედ ის იყო. კონორისგან ეპატაჟი ალბათ არავის უკვირს.

როგორც მოსალოდნელი იყო, კონორის პოსტი უკომენტაროდ არ დატოვა ხაბიბ ნურმაგომედოვმა. მან ირლანდიელს სარკასტულად უპასუხა: "შენ UFC-ის ყველაზე დიდი მებრძოლი ხარ, ოღონდ ტვიტერის ისტორიაში". 

ხაბიბის პათოსი მისმა მენეჯერმა ალი აბდელაზიზმაც განაგრძო, რომელმაც შესთავაზა კონორს, რომ წონა მოიმატოს და მის კიდევ ერთ კლიენტს კამარუ უსმანს შეებრძოლოს. უსმანი ძალიან მაგრად ჭიდაობს და აბდელაზიზი კონორს დაპირდა, რომ იგი მას ორ რაუნდში, "თეიქდაუნის" (ანუ ჭიდაობის) გარეშე დაამარცხებს.

ნეიტ დიასის გამარჯვება მაკგრეგორთან პირველ ბრძოლაში

კონორს გამოეხმაურა მისი კიდევ ერთი ყოფილი მეტოქე ნეიტ დიასი, რომელმაც ირლანდიელს შეახსენა, რომ მან უფრო სწრაფად გალახა, ვიდრე მეივეზერმა. ნეიტ დიასისა და მაკგრეგორის მესამე ბრძოლა შესაძლოა წელს შედგეს. მაკგრეგორის შემდეგი მეტოქის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. თუკი დიასი-მასვიდალის რემატჩი არ შედგება, მაშინ ნეიტ დიასის მასთან დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე რეალური სცენარია.

მაკგრეგორს უნაკლო სტატისტიკა არ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, შერეული ბრძოლების ისტორიაში ის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტსმენია, რადგან სპორტის ამ სახეობის მარკეტინგული მიმზიდველობა ირლანდიელთან ერთად საგრძნობლად გაიზარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები