Thumbnail
  • ‘გავეცანი ბრალდებას, რომელიც ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო’
  • ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პირველი კომენტარი

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბასილაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება მოულოდნელი იყო, თავად ფაქტი კი, ნიკას კარიერაზე დადებითად არ იმოქმედებს. მეტრეველის საუბარი საქართველოს პირველმა არხმა გაავრცელა.

“დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. ვიცი, რომ არის ბრალდება, რომელიც შოკისმომგვრელი იყო. სამი დღის წინ ვნახე ნიკოლოზი, აქ სავარჯიშოდ იყო მოსული. ვესაუბრე ჩვეულებრივ რეჟიმში და მერე ეს ამბავი მოხდა. მის კარიერაზე რომ დადებითად არ იმოქმედებს, ამაზე ორი აზრი არ არის. მძიმე ფსიქოლოგიური სტრესია და ძალიან არასასიამოვნო ფაქტია არა მარტო ჩოგბურთის ფედერაციისთვის, არამედ მოსახლეობისთვის, გულშემატკივრებისთვის. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ნიკოლოზს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და შემიძლია დავახასიათო როგორც დადებითი, თავშეკავებული ადამიანი. ეს, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. პირველ რიგში სიმართლე უნდა გაირკვეს. ფაქტი რომ არასასიამოვნოა, მგონი, ზედმეტი კომენტარი არც სჭირდება. ამასთან დაკავშირებით ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია მიიღებს თუ არა რაიმე გადაწყვეტილებას, ვერ გეტყვით. მძიმე საკითხია და პირველ რიგში, სიმართლე უნდა დადგინდეს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ დადასტურდება. ასეთ ფაქტთან შეხება არ მქონია, სავარაუდოდ, რაღაც სანქციები უნდა იყოს, მაგრამ ზუსტად რა შეიძლება მოყვეს ამ ამბავს, ვერ გეტყვით“.

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გაცემული ნიკას მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მამისი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები