Thumbnail

სამშაბათს მიუნხენის ბაიერნს დორტმუნდის ბორუსიასთან საჩემპიონო მატჩი ელოდება და ბავარიული გრანდი ამ თამაშს შესანიშნავ ფორმაში ხვდება. რესტარტის შემდეგ რეკორდმაისტერმა ორივე თამაში მოიგო და ჯამში 7 გოლი გაიტანა. ფრანკფურტის აინტრახტთან 5:2 კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბაიერნი ძალიან ძლიერია შეტევაში.

27 ტურის შემდეგ მიუნხენელებს 80 გოლი აქვთ გატანილი, რაც ბუნდესლიგის რეკორდია. თუ ასე გააგრძელებენ, შესაძლოა, 1971/72 წლების 101-გოლიანი რეკორდიც გაიმეორონ, ან მოხსნან. მოკლედ, სამშაბათს დორტმუნდის ბორუსიას საუკეთესო ფორმაში მყოფ ბაიერნთან ექნება საქმე.

ბაიერნის გოლები სტადიონზე გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმაც ნახა. 74 წლის ‘კაიზერს’ დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სტადიონზე აღარ დადის, ახლა კი ბაიერნის შეფის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიპატიჟება მიიღო და ტრიბუნაზე ული ჰიონესთან ერთად იჯდა. როგორც იცით, ორივე ბაიერნის საპატიო პრეზიდენტია. 

“იმის გათვალისწინებით, რომ სტადიონზე ფანები არ იყვნენ, შესანიშნავი სანახაობა გამოვიდა. კომპლიმენტი ორივე გუნდს - ეს ძალიან კარგი ფეხბურთი იყო. ფაქტია, რომ ბაიერნი ძალიან კარგ ფორმაშია, თუმცა ფრანკფურტელებიც მშვენივრად თამაშობდნენ,” - განაცხადა 1974 და 1990 (მწვრთნელის რანგში) წლების მსოფლიოს ჩემპიონმა ბეკენბაუერმა მატჩის შემდეგ და დასძინა: “ფეხბურთის ფანისთვის ეს ყველაფერი ბოლომდე კარგი არ არის, რადგან სტადიონზე მისვლა არ შეუძლია, მაგრამ მე ფეხბურთის ხარისხის თვალსაზრისით განსხვავებას ვერ ვხედავ. მაღალი დონის თამაში იყო.”

ბაიერნის საპატიო პრეზიდენტები - ული ჰიონესი და ფრანც ბეკენბაუერი სტადიონზე

“ძალიან მიხარია, რომ სტადიონზე იყო, - ეს ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის სიტყვებია, - მას დიდი ხანია ვიცნობ. ფრანც ბეკენბაუერი არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი წარსული აქვს. ის გერმანული ფეხბურთის უდიდესი ლეგენდაა. იმედი მაქვს, კიდევ ხშირად მოვა ხოლმე ბაიერნის თამაშის სანახავად.”

“ბეკენბაუერის თვალწინ თამაში ძალიან მაგარია. იმედი მაქვს, ჩვენი თამაშით ისიამოვნა,” - განაცხადა პირველი გოლის ავტორმა ლეონ გორეტცკამ.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბეკენბაუერი ალიანც არენაზე დიდი ხანი არ დადიოდა

შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია, რაც ბეკენბაუერი ‘ალიანც არენაზე’ აღარ გამოჩენილა. გარდა ჯანმრთელობის პრობლემებისა, კაიზერ-ფრანცი საზოგადოებაში დიდი სკანდალის გამოც აღარ ჩნდებოდა. საქმე მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატს ეხება. მაშინ კაიზერი მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მოგვიანებით, კონკრეტულად კი 2016 წლის 1 სექტემბერს, საქმე მის წინააღმდეგაც აღიძრა. გამოძიება არკვევდა თანხების გადარიცხვებს მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტიდან ყატარელი ფუნქციონერისკენ, მოჰამედ ბინ ჰამამისკენ, რომელმაც, როგორც ირკვევა, დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 2006 წელს გერმანიას ემასპინძლა. 2019 წლის ივლისში გერმანული მედია წერდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბეკენბაუერის დაკითხვაც კი შეუძლებელი იყო...

ბაიერნი 5:2 აინტრახტი

გოლები: 1:0 გორეტცკა (17), 2:0 მიულერი (41), 3:0 ლევანდოვსკი (46), 3:1 ჰინტერეგერი (52), 3:2 ჰინტერეგერი (55), 4:2 დევისი (61), 5:2 ჰინტერეგერი (73 საკ. კარში)

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - პავარი, ბოატენგი (73. ლ. ერნანდესი), ალაბა, დევისი - მიულერი, კიმიხი (85. კუიზანსი), გორეტცკა - კომანი (85. ცირკზეე), ლევანდოვსკი, პერიშიჩი (64. გნაბრი)

კომენტარები

ბოლო ამბები