Thumbnail
  • ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა გუნდში ნეიმარის დაბრუნების მომხრეა
  • ბრაზილიელის გარდა, კიკე სეტიენმა ჩემპიონთა ლიგის შესახებაც ისაუბრა

2020 წლის იანვარში ბარსელონამ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გაუშვა და მის მაგივრად კიკე სეტიენი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანია, რაც სეტიენი კატალონიურ გუნდს წვრთნის, მას უკვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

61 წლის ესპანელმა სპეციალისტმა პარი სენ-ჟერმენიდან ბარსელონაში ნეიმარის დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ბედნიერი იქნება ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელის მწვრთნელობით.

"ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ნეიმარის მწვრთნელობას შევძლებ. ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლესი დონის მოთამაშეზე და ამას ვერავინ უარყოფს", - განაცხადა სეტიენმა.

ნეიმარის შესაძლო დაბრუნების შესახებ ლამის იმ დღიდან იწერება, რაც მან კატალონიური კლუბი დატოვა და პარი სენ-ჟერმენს მიაშურა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ახლოს ბარსელონა ბრაზილიელის დაბრუნებასთან გასულ ზაფხულს იყო, თუმცა მაშინ ფრანგულმა გუნდმა 28 წლის მოთამაშის გაშვება არ ისურვა.

კიკე სეტიენმა ჩემპიონთა ლიგის შესახებაც ისაუბრა და ლიონელ მესის განცხადებას გამოეხმაურა. რამდენიმე დღის წინ არგენტინელმა განაცხადა, რომ თამაშის ისეთი დონით, როგორიც გუნდს პანდემიის გამო გამოწვეულ პაუზამდე ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლებელი იქნება.

"ვფიქრობ, ამან დიდი კამათი გამოიწვია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ზოგიერთი სათამაშო ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების პოტენციალი აქვს", - დაამატა კიკემ.

კომენტარები

ბოლო ამბები