Thumbnail

ოზბილიზი: 'ჯანო ბარსელონაში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იქნებოდა'

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა ნახევარმცველმა არას ოზბილიზმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი ჯანო ანანიძე გაიხსენა. სომხეთის ნაკრების 30 წლის ფეხბურთელი, რომელსაც თავის დროზე აიაქსში, ბეშიქთაშში, რაიო ვალეკანოსა და ვილემ II-შიც უთამაშია, ქართველ ფეხბურთელს ახასიათებს და ხსნის, რატომ ვერ გაამართლა მოლოდინი ჯანომ მოსკოვურ კლუბში.

"ისეთი ტიპისა და მონაცემების ფეხბურთელს, როგორიც ჯანოა, კონკრეტული პირობები და ფაქტორები სჭირდება, რათა საკუთარი თავის რეალიზება სრულად მოახერხოს. ბარსელონაში რომ აღმოჩენილიყო, რომელიც მას სტილითა და ფილოსოფიით მიესადაგება, ჯანო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა. თავისი ტექნიკის წყალობით, მას გაცილებით მაღალ დონეზე თამაში თავისუფლად შეეძლო.

არას ოზბილიზი და ჯანო ანანიძე სპარტაკში თანაგუნდელები იყვნენ

მაგრამ როდესაც გიწევს ისეთი ფეხბურთის თამაში, რომელშიც შენს გუნდს ბურთი იშვიათად აქვს, გჭირდება დაცვაზე ზრუნვა და უფრო ძალისმიერი ფეხბურთის თამაში, ამ ვითარებაში ძნელია შენი საუკეთესო თვისებები გამოავლინო", - ამბობს ოზბილიზი sport24.ru-სთან.

სპარტაკთან განშორების შემდეგ, ჯანო ანანიძე ანორთოსისში გადავიდა

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკში 2007 წლიდან ირიცხებოდა, 2009-ში კი მას კლუბის მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელი ხშირმა ტრავმებმა შეუშალა. სპარტაკს ჯანო იჯარით სხვა რუსულ გუნდებშიც ჰყავდა გაშვებული - როსტოვსა და კრილია სოვეტოვში, ამ ზამთარს კი მოსკოვურმა კლუბმა და ფეხბურთელმა ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. 

არას ოზბილიზი მოსკოვის სპარტაკში ჯანო ანანიძის თანაგუნდელი 2013-15 წლებში იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები