Thumbnail

'აქ იმიტომ ვარ, რომ საქართველომ ჩემით იამაყოს' - გიგა ჭიკაძის მიზანი UFC-ში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველმა მებრძოლმა თავის ბოლო ბრძოლასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
  • 31 წლის სპორტსმენს სურს, საქართველოდან UFC-ის პირველი ჩემპიონი გახდეს

შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ UFC-ის ეგიდით ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, საიტ sport24.ru-ს ინტერვიუ მისცა. 31 წლის სპორტსმენმა 16 მაისს ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილში, მექსიკელ ირვინ რივერას სძლია.

📋 მეტი ამ თემაზე:

ქართველი მებრძოლი ბოლო დაპირისპირებას ასე იხსენებს:

"რივერასთან შეხვედრამდე მისი ბრძოლის ნახვა მოვასწარი. რამდენადაც შევამჩნიე, მას აგრესიული სტილი ჰქონდა. ის ყოველთვის რისკავს და ვხვდებოდი, რომ მისთვის შანსი არ უნდა მიმეცა. სწორედ ამიტომ, ბრძოლა ფრთხილად წარმვართე, მეჭირა დისტანცია და უფრო მეტად ტექნიკაზე ვმუშაობდი. ვნახე, მან რა დღეში ჩააგდო თავისი ბოლო სამი მეტოქე. ის Titan FC-ის ჩემპიონი იყო. ვიცოდი, რომ მას წაგება ნამდვილად არ სურდა. ბოლოს და ბოლოს, ის იმისთვის მოვიდა, რომ შოუ დაედგა და კლასი ეჩვენებინა. სწორედ ამიტომ, მასთან ბრძოლაში სიფრთხილითა და ჭკუით ვმოქმედებდი.

მეტოქისგან სირთულეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისში წავაწყდი. ის გლადიატორივით ხტებოდა და ცდილობდა, დაერტყა. და მარჯვენა თვალშიც მომარტყა. ეს არავინ იცის, მაგრამ პირველ რაუნდში მარჯვენა თვალით კარგად ვერ ვხედავდი, შესაბამისად, ვითარების გაკონტროლება მხოლოდ სანახევროდ შემეძლო. მაგრამ შემდეგ დისტანცია დავიჭირე და მეორე ნომრად მუშაობით ბევრი საპასუხო დარტყმა განვახორციელე. ამ მომენტიდან სირთულე აღარ შემხვედრია", - ამბობს გიგა ჭიკაძე.

გიგა ჭიკაძე კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონთან

ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, სამშობლოსა და UFC-ში მიზნებზე ისაუბრა:

"საქართველოში არ ვიმყოფები, თორემ ქართველი ვარ და ვიცი ყველაფერი, რაც იქ ხდება. იქ უამრავი ნათესავი და მეგობარი მყავს. მიზეზი, რატომაც აშშ-ში ვცხოვრობ, ეს საკუთარი თავის რეალიზებაა - რათა საქართველომ იამაყოს ჩემით, რათა UFC-ის ჰყავდეს პირველი ჩემპიონი საქართველოდან. აქ ნამდვილად არ ვიმყოფები რაღაც ამერიკული ოცნებისთვის.

ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის ჩემპიონობა იყო და ის უცვლელია - მსურს, ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და გავხდე UFC-ს პირველი ჩემპიონი საქართველოდან".

კომენტარები

ბოლო ამბები