Thumbnail

'შეუძლია კაშკაშა ვარსკვლავი გახდეს' - აფრასიძე Rugbyrama-ს TOP 5-ში

  • 'მონპელიე ნამდვილად არ შემცდარა, როდესაც 2017 წელს გელა მიიწვია'
  • ახალგაზრდა ბორჯღალოსანი ფრანგების გამოკითხვაში ლიდერობს

ცნობილმა ფრანგულმა ვებ-გვერდმა Rugbyrama-მ მსოფლიოს მასშტაბით 5 ყველაზე პერსპექტიული 9 ნომერი დაასახელა და სასიხარულოა, რომ მათ შორის საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული მონპელიეს მორაგბე გელა აფრასიძეც მოხვდა. აი, როგორ ახასიათაბს 22 წლის ბორჯღალოსანს აღნიშნული ვებ-გვერდი, რომელმაც სტატიის მთავარ ფოტოზე სწორედ ჩვენებური გამოსახა.

გელა აფრასიძე და ვასილ ლობჟანიძე

გელა აფრასიძე

თუკი ფართო პუბლიკამ ის მიმდინარე სეზონში მონპელიესა და საქართველოს ნაკრებში თამაშით გაიცნო, იმ ქომაგებმა, რომლებიც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებს აქტიურად ადევნებენ თვალს, მის შესახებ დიდი ხანია იციან. 20-წლამდელთა პირველობაზე ის ჯერ კიდევ 2016 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ კი, მუდმივად უმატებს და უკვე 6 ერის B ტურნირშიც (რაგბი ევროპის ჩემპიონატი) აქტიურადაა ჩართული. გასულ წელს მან პირველად ითამაშა მსოფლიო თასზე და დროს ასევე ფრანგული ბრივის წევრ ვასილ ლობჟანიძესთან იყოფდა. აფრასიძე არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია კაშკაშა ვარსკვლავი გახდეს. ის რაღაცით ანტუან დიუპონს გვაგონებს, ასეთივე მოკრძალებული ფიზიკური მონაცემები (1.75 მ. 70 კგ.) აქვს და მოუხელთებელია. ფეხებით კარგად მუშაობს, ამდენად, როდესაც სიჩქარეს კრეფს, მცველებს მისი შეჩერება ძალიან უჭირთ. მონპელიე ნამდვილად არ შემცდარა, როდესაც 2017 წელს გელა მიიწვია. მართალია, 2019-2020 წლების შემოკლებულ სეზონში მან მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა (მსოფლიო თასსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის შორის პერიოდში), თუმცა, მას რომ ნათელი მომავალი აქვს, ეს მაინც ცხადად გამოჩნდა.

Rugbyrama-ს TOP 5-ში ინგლისელი ბენ უაითი (ლესტერი, 21 წლის), ავსტრალიელი ტეიტ მაკდერმოტი (რედსი, 21), ირლანდიელი კრეიგ კეისი (მიუნსტერი, 21) და შოტლანდიელი ჯეიმი დობიც (გლაზგო, 18) მოხვდნენ.

სათქმელია ისიც, რომ ფრანგული ვებ-გვერდი პარალელურად გულშემატკივრების გამოკითხვასაც აწარმოებს იმის თაობაზე, მომავალში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული ჰავბექი ვინ გახდება. ამ დროისთვის აფრასიძეს 46% გააჩნია და ის სოლიდური უპირატესობით ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები