Thumbnail

ფრანგმა და ბრაზილიელმა მსოფლიოს ჩემპიონებმა ოქროს მედლები გაყიდეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მუნდიალის მოგებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ ჩემპიონმა მედალი გაყიდა
  • მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლის ახალი მფლობელი ბრიტანელია
  • ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო მედლები ბრაზილიელებმაც გაყიდეს

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულებიდან ჯერ ზუსტად 2 წელიც არ გასულა და საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა უკვე რუსეთში მოგებული ოქროს მედალი გაყიდა.

ლოს ანჯელესში გამართულ აუქციონზე ახალმა მფლობელმა ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო მედალში 71 875 ამერიკული დოლარი გადაიხადა. როგორც გაირკვა, მედლის მყიდველი დიდი ბრიტანეთიდანაა. Juliens Auctions-ის ხელმძღვანელმა დარენ ჯულიენმა მედიას განუცხადა, რომ ფეხბურთელს, რომელსაც ეს ოქროს მედალი ეკუთვნოდა, ვინაობის გამხელა არ სურს. შესაბამისად, ცნობილი არ არის, რომელმა ფრანგმა ფეხბურთელმა გაყიდა მსოფლიოს ჩემპიონის მედალი.

აუქციონის ხელმძღვანელის თქმით, ფეხბურთელის ვინაობა მხოლოდ მედლის შეძენის რამდენიმე მსურველს გაუმხილეს, რადგან პოტენციურ მყიდველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, ვის ეკუთვნოდა მედალი, რომლის შეძენის სურვილი ჯამში 10 ადამიანს ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალის ფინალში საფრანგეთმა ხორვატია 4:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამავე აუქციონზე სხვა მუნდიალების ოქროს მედლებიც გაიყიდა. მაგალითად, 2002 წლის ჩემპიონის (ბრაზილია) ოქროს მედალი 50 000 დოლარად იყიდეს (შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს რონალდინიოს მედალია - თუკი აქამდე არ ჰქონდა გაყიდული). ასევე გაიყიდა 1994 წლის მუნდიალის ოქროს მედალიც (ისევ ბრაზილიელი!), რომელშიც 48 000 დოლარი გადაიხადეს.

კომენტარები

ბოლო ამბები