Thumbnail
  • ზუსტად 24 წლის წინ იუვემ ჩემპიონთა ლიგა მოიგო
  • იუვენტუსი და აიაქსი ერთმანეთის ანტიპოდები იყვნენ
  • ფაბრიციო რავანელის გოლი იუვეს ხასიათს გამოხატავს
  • ეს თარიღი ტურინელთათვის ლეგენდის ნაწილია

22 მაისი იუვენტუსის და მისი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული დღეა - ზუსტად 24 წლის წინათ ტურინულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ოფიციალურად, ტურინელებს ორი ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული, თუმცა პირველი გამარჯვება 1985 წელს ‘ეიზელზე’ შედგა ლივერპულთან და როგორ გინდა, გამარჯვება უწოდო იმ თამაშს, რომელსაც სტადიონზე შენი 39 გულშემატკივარი შეეწირა.

გულშემატკივართა შორის ბევრი ‘მეფე’ (Le Roi) მიშელს დღემდე ვერ პატიობს იმას, რომ გამარჯვების მომტანი პენალტის შემდეგ სიხარული ღიად გამოხატა. არადა, პლატინი დღემდე ამტკიცებს, რომ მან გარდაცვლილთა შესახებ თამაშის დროს არაფერი იცოდა და პენალტიც ისე დაარტყა.

‘ეიზელი’ ისტორიას გამარჯვებაზე მეტად ტრაგედიად შემორჩა ასე ეწოდა: ‘სიკვდილის თასი’. აი, 1996 წლის 22 მაისს კი იუვე განსაკუთრებით ელოდა. ამას სხვა მიზეზიც ჰქონდა - ფინალი რომში იმართებოდა, ‘სტადიო ოლიმპიკოზე’ და იუვე, ფაქტობრივად, სახლში იყო. მთელი იტალიის იუვენტინოები რომში ჩავიდნენ.

იუვეს სასტარტო შემადგენლობა

  1. ტორიჩელი, კონტე, ფერარა, რავანელი, პერუცი
  2. პაულო სოუზა, პესოტო, დეშამი, დელ პიერო, ვიალი, ვერხოვედი

აიაქსის სასტარტო შემადგენლობა

  1. ვან დერ სარი, ბოგარდი, ფინიდი, ბლინდი, დავიდსი, კანუ
  2. ლიტმანენი, სილოი, ფ. დე ბური, რ. დე ბური, მუსამპა

ვან გაალის აიაქსი

იუვენტუსის მეტოქე აიაქსი იყო, ლუი ვან გაალის ლეგენდარული გუნდი, რომელმაც წინა წელს ფინალში ევროპულ ფეხბურთში კაპელოს მილანის ჰეგემონია დაასრულა. კარში ვან დერ სარი, დაცვაში დენი ბლინდი და ფრანკ დე ბური, მოედნის ცენტრში დავიდსი და მეორე დე ბური, მერე ლიტმანენი, როგორც გუნდის ტვინი და ინტელექტი და პატრიკ კლუივერტი სკამიდან - 90-იანების აიაქსი სახელითაც მრისხანე გუნდი იყო და ინოვაციურ ფეხბურთს თამაშობდა. ფინალში ფავორიტად ისევ ამსტერდამელები მიიჩნეოდნენ.

ვან გაალმა წინა სეზონის საჩემპიონო შემადგენლობა თითქმის სრულად შეინარჩუნა - ერთადერთი კლარენს ზეედორფი გადავიდა სამპდორიაში. მთავარი დანაკლისი კი ის იყო, რომ ფრენკ რაიკარდი ფეხბურთიდან წავიდა.

ლიპის იუვენტუსი

მარჩელო ლიპიმ იუვე 90-იანების დასაწყისში ჩაიბარა და ჯერ იტალიაში, შემდეგ კი ევროპაში უძლიერეს გუნდად აქცია. რომის ფინალი შემაჯამებელი აკორდი იყო. ამ თამაშის შემდეგ გუნდის ორი ლიდერი, ჯანლუკა ვიალი და ფაბრიციო რავანელი მიდიოდნენ. ძირითადი ბირთვი რჩებოდა, მაგრამ შემდეგ სეზონში იუვე ახალ სიცოცხლეს იწყებდა, უკვე ზიდანთან ერთად.

დაცვაში ვეტერანები, ჩირო ფერარა და პიეტრო ვერხოვედი, მათ წინ ფრანგი დირიჟორი დიდიე დეშამი, მორბენალი, მებრძოლი და დაუღალავი კონტე, დი ლივიო და იუგოვიჩი და ტურინელთა მთავარი აქტივი: დელ პიერო-რავანელი-ვიალის შემტევი ტრიო.

ანტიპოდები

ეს თამაში საფეხბურთო ფილოსოფიების, განსხვავებული კონცეფციების შეჯახება იყო. აიაქსის პროგრესული ფეხბურთი იუვეს ძალის და აგრესიის წინააღმდეგ. ვან გაალი ამსტერდამელებს ინტელექტუალურ ფეხბურთს ათამაშებდა, ლიპის გუნდს თამაშის ომად გადაქცევა ეხერხებოდა.

კონტეს, ტორიჩელის, ვერხოვედის, დი ლივიოს და ფერარას საერთო ერთი რამ ჰქონდათ - ბურთის გამო მოედანზე კაცის მოკვლა შეეძლოთ. ეს გუნდი ყველაზე ახლოს იდგა იუვენტინურ იდეალთან - ერთი ცნობილი გამოთქმის არ იყოს, მზად იყვნენ, თავი იქ შეეყოთ, სადაც სხვა ფეხის შეყოფას არ გარისკავდა.

ფოტო, რომელიც იუვეს თამაშს ყველაზე კარგად აღწერს

აიაქსს ბურთის კონტროლი უყვარდა, იუვე სწრაფად და ვერტიკალურად თამაშობდა. აიაქსი ახალგაზრდების გუნდი იყო, იუვე - უფრო ვეტერანების.

ჯანი ანიელი: ‘აიაქსი ფლამანდრიელი მხატვრების გუნდია?! ჩვენ პიემონტელი მაგარი ბიჭები ვართ.’

თუმცა, ეს არ იყო დაცვის და შეტევის კლასიკური დაპირისპირება - ამსტერდამელებს შეტევასთან ერთად დაცვაც ეხერხებოდათ, იუვე თავს იტალიურად იცავდა, თუმცა იმ პერიოდის ფეხბურთში ყველაზე ვარსკვლავური შემტევი ტრიო ჰყავდა. ორივე გუნდი დაბალანსებულ ფეხბურთს თამაშობდა.

რავანელის გოლი

თამაში რავანელის გოლით დაიწყო. ეს გოლი განსაკუთრებით მიყვარს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბავშვობის ემოციაა, არასოდეს რომ გავიწყდება ისეთი, პატარა შავ-თეთრ ტელევიზორში ნანახი. მთავარი კი ის არის, რომ ის იუვეს ხასიათს და მორალს გამოხატავს - ბოლომდე ბრძოლის და არდანებების კულტურას.

რავანელი გოლს თავის საფირმო სტილში აღნიშნავდა

რავანელი იმ ბურთზე მიდის, რომელიც წესით მისი არ შეიძლება იყოს, დაკარგული ბურთია, წესით დე ბურმა და ვან დერ სარმა წყნარად უნდა განმუხტონ სიტუაცია. რავანელი უიმედო სიტუაციაში მიდის და მეტოქის შეცდომას იქ პოულობს, სადაც არავინ ელის. შემდეგ კუთხურის ხაზთან იმ ბურთს ეწევა, რომელსაც ვერ უნდა დაეწიოს და თავგანწირული ვარდნით მეტოქის კარისკენ თითქმის ნულოვანი კუთხიდან ატრიალებს. ამ გუნდს ბურთის გამო მარტო მეტოქის კი არა, საკუთარი თავის გაწირვაც შეეძლო. რავანელიც ამას აკეთებს.

თამაში

ტაიმის ბოლოს ლიტმანენმა გაათანაბრა - პერუცის შეცდომით ისარგებლა. გულშემატკივრის პერსპექტივიდან არ ვამბობ, იუვე იმ დღეს ობიექტურად უკეთესი იყო. რომში ფინალის წამგები იუვენტუსი არ იყო.

ტურინელებს მოგება თითქოს უფრო მეტად უნდოდათ, ძალიან მაღალ ტემპში და აგრესიულად ითამაშეს, აიაქსს ჩვეული თამაშის ჩვენების საშუალება არ მისცეს. ამსტერდამელები მატჩის შემდეგ იხსენებდნენ, რომ იუვენტუსი ისეთი ტემპით და ჟინით გამოვიდა, რომ ელოდებოდნენ, როდის დაიღლებოდა. იუვე 120 წუთი არ დაიღალა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა აიაქსის ბანაკში ლეგენდა, რომ იუვე დოპინგს იღებდა - მათი ენერგია უბრალოდ დაუჯერებელი იყო.

მომენტებიც იყო: ლუკა ვიალიმ ცარიელ კარში ვერ გაიტანა, იუგოვიჩმა სანტიმეტრებით ააცილა, დელ პიეროს მეკარემ არ გაატანინა. მოკლედ იუვეს პენალტებამდე მოგებაც მართებდა.

პენალტებში პერუციმ დავიდსს და სონი სილოის აუღო, ტურინელებმა ოთხიდან ოთხი გაიტანეს. გადამწყვეტი პენალტი ვლადიმერ იუგოვიჩმა შეაგდო.

22 მაისის მისტიკა

ამ ფინალის შემდეგ იუვემ კიდევ ხუთჯერ მიაღწია გადამწყვეტ შეხვედრამდე და ვერცერთი მოიგო. ისე მოხდა, რომ ფინალებში თითქოს ყველა ფაქტორი და გარემოება ტურინელთა წინააღმდეგ იყო. მსაჯი, რომელმაც იცოდა წესები, მაგრამ არ იცოდა ფეხბურთი და პაველ ნედვედს 2003 წელს მისი ოცნების ფინალის თამაშის საშუალება არ მისცა, 1998-ში რეალის პრედრაგ მიატოვიჩის ორმეტრიანი თამაშგარიდან გატანილი გოლი, 2017 წელს ისევ რეალთან ჩაგდებული ფინალი და კიდევ ბევრი სხვა ამბავი.

ამ წარუმატებლობებმა 22 მაისი კიდევ უფრო მისტიკურ დღედ აქცია. ზუსტად 24 წლის წინ ყველაფერი იუვესკენ იყო. ჰკითხეთ ნებისმიერ იუვენტინოს, ვინც ამ თამაშს მოესწრო და ზუსტად გეტყვით, სად და რა ვითარებაში უყურა. 22 მაისი ლეგენდის ნაწილია.

კომენტარები

ბოლო ამბები