Thumbnail
  • მსოფლიო რაგბიში არსებულმა ვითარებამ ბრიტანელი ჟურნალისტიც აღაშფოთა
  • მისი აზრით, ბილ ბომონტი საქართველოს დარი ქვეყნებისთვის არაფერს გააკეთებს

ცნობილმა ბრიტანელმა სარაგბო მიმომხილველმა კრის ჰიუიტმა (ის Independent-ისთვის წერს) მსოფლიო რაგბის პრეზიდენტად ბილ ბომონტის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრებიც ახსენა. მისი აზრით, სარაგბო სამყაროში უსამართლო სისტემაა შექმნილი, სადაც ძლიერები სუსტების ინტერესებს არ ითვალისწინებენ.

“მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელი ფორმალურად საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებებითაა დახუნძლული, თუმცა, მეორე საქმეა, ის ამის გამოყენებას რამდენად აპირებს. როდესაც ბომონტი მე-2 ვადისთვის ხმებს ითხოვდა, მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომელიც პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ვერ გადაჭრა, თუმცა, იმის თქმა კი დაავიწყდა, იგივე თემებთან დაკავშირებით მომავალში რას აპირებს.

“6 ერი დახურული ორგანიზაციაა, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნის”, - განაცხადა ბომონტმა არცთუ დიდი ხნის წინ, რითაც შეფარულად მიანიშნა, რომ უძველესი ტურნირის მიმდინარეობაში ჩარევა მის ძალებს აღემატება. არადა, ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელიც ყველაზე ხშირად განიხილება. რატომ არ უნდა იყოს ექვს ერში დაქვეითება-აღზევების სისტემა? რატომ არ უნდა განიხილებოდეს ისეთი პერსპექტიული სარაგბო ერის წინსვლა, როგორიც საქართველოა?

გამოდის, რომ მას შემდეგ, რაც 6 ერის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფიიანი გახლდათ, არაფერი შეცვლილა. მახსოვს, 2016 წელს მან მითხრა:

“ეს ყველაზე დიდი ყოველწლიური სარაგბო ტურნირია კლასიკურ რაგბიში. ამასთან, ის ძალიან შემოსავლიანია და ლიდერია ტელეტრანსლაციებისა და ბილეთების რეალიზაციის მხრივ. რატომ უნდა შევცვალოთ რამე? ევროპის ყველაზე ძლიერი ნაკრებები ისედაც ჩვენთან არიან. ცხადია, მათი ტურნირიდან გაშვებაზე საუბარიც კი არ ღირს, ამდენად. ახალი წევრის დამატების ერთადერთი საშუალება მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაა. თუკი ამას გავაკეთებთ, გაიზრდება მატჩების რაოდენობა და მორაგბეები გადაიტვირთებიან. თავადაც გესმის, რომ ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. რატომ უნდა ნერვიულობდეს 6 ერი იმაზე, როგორ განვითარდებიან საქართველო, რუმინეთი ან სხვები?”.

'პრეზიდენტს თავზე გვირგვინი კი ადგას, მაგრამ რეალური ძალაუფლება სხვათა ხელშია'

ამ კომენტარიდან ნათლად სჩანს, რომ 6 ერში მსოფლიო რაგბის ინტერესები ნაკლებად ადარდებთ. მათთვის მთავარია საკუთარი კომფორტის ზონა უზრვუნველყონ და ბომონტსაც მხარს მარტივი გარიგების გამო უჭერენ. ინგლისელი ჩინოვნიკი პოსტს შეინარჩუნებს, თუმცა, პრობლემებს არ შეუქმნის ევროპული რაგბის უმთავრეს შეჯიბრს. განა ვინმეს გაუკვირდა, რომ არჩევნების დროს 6 ერის წარმომადგენელთა 18-ვე ხმა ბომონტისკენ წავიდა? სამაგიეროდ, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ 6 ერის 9 დირექტორიდან ხუთნი პარალელურად მსოფლიო რაგბის სტრუქტურებში არიან დასაქმებულნი. აი ისინიც:

ბილ სუინი (ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი), გარეთ დევისი (უელსის რაგბის კავშირის თავმჯდომარე), ჯონ ჯეფრი (შოტლანდიის რაგბის კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი), ანტონიო საკა (იტალიის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი) და ბერნარ ლაპორტი (საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი და ბილ ბომონტის მარჯვენა ხელი).

ეს ადამიანები სარაგბო თვალსაზრისით ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ და თუკი მათ რაიმე საკითხზე გადაწყვეტილება მიიღეს, ის სწორედ იმგვარად გადაწყდება. ეს ძირეულად განსხვავდება მიდგომებისგან, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაშია. ცხადია, სკანდალები არც ფიფას დაჰკლებია, თუმცა, იქ არსებობს მკაფიო წესი: “ერთი წევრი – ერთი ხმა”. რაგბი ამისგან ძალიან შორსაა.

ავიღოთ თუნდაც ტონგა, წყნარი ოკეანის პატარა წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ჩაგრავენ. 2007 წელს ტონგელებმა კინაღამ მოუგეს მომავალ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას, 4 წლის თავზე მომავალ ფინალისტ საფრანგეთს აჯობეს, გასულ მსოფლიოს პირველობაზე კი, იგივეს გაკეთებამდე სულ ცოტა დააკლდათ. მიუხედავად ამისა, ტონგას ჯერაც არ აქვს საარჩევნო ხმა მაშინ, როდესაც სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს უფლება გააჩნიათ აშშ-სა და კანადას.

ამგვარად, მსოფლიო რაგბის არ უჭირს ზოგადი ფრაზებით საუბარი, თუმცა, როდესაც საქმე თანაბარუფლებიანობაზე მიდის, ყველაფერი სრულდება. იგივე ბომონტზე უკეთ არავინ იცის, რომ ეს რაგბის განვითარებას ხელს არ უწყობს, თუმცა, ვერაფერს აკეთებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს თავზე გვირგვინი კი ადგას, მაგრამ რეალური ძალაუფლება სხვათა ხელშია”.

კომენტარები

ბოლო ამბები