Thumbnail
  • ფედერაციის გადაწყვეტილება ანორთოსისის მომავალზე იმოქმედებს
  • ანანიძე, კაჭარავა და ოქრიაშვილი, დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებენ

მას მერე, რაც კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილ ჩემპიონატში ტიტული ომონიას გადასცა, თემურ ქეცბაიას ანორთოსისი შემადგენლობას მნიშვნელოვნად შეიცვლის... 

23 ტურის შემდეგ ომონიასა და ანორთოსისს 46-46 ქულა ჰქონდათ, ჩემპიონად კი ომონია ბურთების უკეთესი სხვაობის გამო გამოაცხადეს, რაც სრული ნონსენსია. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი დეპრესიაში ჩააგდო.

თემურ ქეცბაიას ახალ სეზონისთვის შემადგენლობის შეცვლა მოუწევს

ამ გადაწყვეტილების გამო, ანორთოსისს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი მოესპო, რაც ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს, ასევე კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში ცვლილებებს. 

2019/20 წლების სეზონში ქეცბაიას გუნდში 5 ქართველი ლეგიონერი თამაშობდა: გიორგი ლორია (21 მატჩი), ბუბა დაუშვილი (21 თამაში, 1 გოლი), თორნიკე ოქრიაშვილი (14 თამაში, 3 გოლი), ჯანო ანანიძე (6 თამაში) და ნიკა კაჭარავა (18 თამაში, 6 გოლი). 

როგორც ჩანს, ქართველთა რიცხვი ანორთოსისში დაიკლებს - ჯანო ანანიძე მოლაპარაკებას დინამო ბათუმთან მართავს, კვიპროსული პრესა ხშირად წერს, რომ კაჭარავას ანორთოსისი აღარ დაიტოვებს, ოქრიაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავად თქვა, რომ ახალ სეზონში უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში სურს ძალების ცდა. ამას მოყვა ქეცბაიას კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ ოქრიაშვილს ხელს არ შეუშლის თუ კლუბის გამოცვლას გადაწყვეტს. 

kerkida.net ამტკიცებს, რომ მომდევნო სეზონში შესაძლოა, ქეცბაიას გუნდში მხოლოდ ორი ქართველი დარჩეს: გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილი და ესეც საუკეთესო შემთხვევაში. 

ქართველი ლეგიონერებიდან ჯანო ანანიძეს მაისის ბოლოს უსრულდება კლუბთან ხელშეკრულება, ნიკა კაჭარავას 2022 წლის ზაფხულში, სხვებს კი 2021 წლის ზაფხულში. 

კომენტარები

ბოლო ამბები