Thumbnail

'2021 წელი ბოლო შანსია' - თომას ბახი ოლიმპიადის გაუქმებაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

30 მარტს კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ისტორიაში პირველად ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გადადების შესახებ გამოაცხადა. მას მერე მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტოკიოში ოლიმპიადა ვერც 2021 წელს ჩატარდება...

The Guardian სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის კომენტარს გვთავაზობს ამ თემაზე. ბახი ამბობს, რომ თუ ტოკიოში ოლიმპიადის გამართვა მომავალ ზაფხულსაც ვერ მოხერხდება, ის აღარ გადავადდება - გაუქმდება.

ტოკიოს ოლიმპიადა, შესაძლოა, სულ გაუქმდეს

ეჭვები ოლიმპიადის შესახებ იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ რამდენიმე დღის წინათ საჯაროდ დააფიქსირა, მან თქვა, რომ 2021 წელს ოლიმპიური თამაშების გამართვა წარმოუდგენლად ძნელი იქნება, თუ მეცნიერები მანამდე ახალი კორონავირუსის ვაქცინას არ შეიმუშავებენ. ბახი პრემიერ-მინისტრს ეთანხმება. მან ისიც გაამხილა, რომ იაპონიისთვის ოლიმპიადის გამართვის ბოლო შანსი სწორედ 2021 წელია.

თომას ბახი (სოკ-ის პრეზიდენტი): "ალალად გეტყვით, იაპონელების სკეპტიციზმის მესმის. შეუძლებელია საორგანიზაციო კომიტეტმა მუდმივად ინახოს 5 ათასამდე თანამშრომელი. ყოველწლიურად ვერ შეცვლი მსოფლიო სპორტის განრიგს. ოლიმპიადის ცვლილება კი ყველა ფედერაციის კალენდრის ცვლილებაა. ათლეტებს მუდამ ვერ ვამყოფებთ გაურკვეველ სიტუაციაში.

მომავალ წელს საორგანიზაციო კომიტეტს უამრავ პრობლემასთან მოუწევს გამკლავება, მარტო ის რად ღირს, რომ ოლიმპიური სოფელი ახლებურად, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით უნდა მოეწყოს. 

როდესაც უკეთ გვეცოდინება, რას უნდა ველოდოთ 2021 წლის 23 ივლისისთვის, შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ".

შეგახსენებთ, რომ ახლახან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ასევე სკეპტიკურად გამოეხმაურა ოლიმპიადის ჩატარების შანსებს:

ტედროს ადანომ გებრეისუსი (WHO-ს გენერალური დირექტორი): "11 ათასამდე ათლეტის, 200-ზე მეტი ქვეყნის ტოკიოში უსაფრთხოდ ასპარეზობა არ უნდა იყოს იოლი საქმე. იმედია, საორგანიზაციო კომიტეტი ადამიანის ჯანმრთელობას უპირველეს მიზნად დაისახავს. ჩვენ ყველანი ერთად, ერთმანეთთან თანამშრომლობით შევძლებთ მიზნის მიღწევას".

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემია იაპონიასაც შეეხო. კუნძულებზე 17 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 800-მდე კი გარდაიცვალა. მართალია, იაპონია სხვებზე უკეთ უმკლავდება პანდემიას, მაგრამ ოლიმპიური თამაშები მსოფლიო მოვლენაა და მასში ყველა ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის ისეთებიც, სადაც პანდემიამ ძალზე სახიფათო სახე მიიღო. 14 მაისს მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი შედეგი დაფიქსირდა (24 საათში) - 106 ათასი შემთხვევა.  

კომენტარები

ბოლო ამბები