Thumbnail

'დაგვიბრუნეთ ბიჭები' - ზელანდიაში ჩარჩენილი ტონგელი მორაგბეების ამბავი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'აეროპორტში მივედით, გვეგონა, შინ მივფრინავდით, იქ გავიგეთ, რომ ეს შეუძლებელი იყო'
  • ტუ’უაკიტაუ ჰა’აპაის 29 წევრს ეკლესიაში იატაკზე სძინავს და ოცნებად ქცეულ რეისს ელის

ტონგას სარაგბო კლუბის 29 წევრი უკვე ორთვენახევარზე მეტია ახალ ზელანდიაშია ჩარჩენილი და შინ დაბრუნებას ვერ ახერხებს. ტუ’უაკიტაუ ჰა’აპაის წევრები ღამეს ეკლესიაში პირდაპირ იატაკზე ათევენ და მეზობლების მიერ შეწირული საჭმლით იკვებებიან, დღეში რამდენჯერმე ლოცულობენ და ვარჯიშობენ, სამშობლოში კი კიდევ 3 კვირა ვერ აღმოჩნდებიან.

ტონგელთა უცნაური თავგადასავალი 3 მარტს დაიწყო, როდესაც მათ გეზი ზელანდიისკენ აიღეს და 2000 კმ-ის გავლა მოუწიათ. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ ჰა’აპაელებს ოჯახებიდან მოშორებით 1 თვე უნდა გაეტარებინათ და ერთგვარ შეკრებაზე საკონტროლო მატჩებსაც გეგმავდნენ.

ყველასათვის უცნობი ტონგელი მორაგბეები ამ მნიშვნელოვანი ამბისთვის მთელი თვეები ემზადებოდნენ იმ იმედით, რომ მათ რომელიმე ზელანდიური კლუბი აიყვანდა, ეს კი, კარიერის აწყობისკენ პირველი ნაბიჯი იქნებოდა.

ტუივაიტა უელენის ბიჭები შინ დაბრუნებას უკვე ორთვენახევარია ვერ ახერხებენ

მთავარი ამბები ვოიაჟის დასაწყისშივე, დაახლოებით 10 დღეში დაიწყო. მსოფლიოს მოდებულმა კორონავირუსმა ხელი ზელანდიელებსაც დარია, ამდენად, მათ სტუმრებთან ტესტების ჩატარებაზე უარი განაცხადეს. ტუ’უაკიტაუ ჰა’აპაის ბიჭებსაც შინ დაბრუნების გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენოდათ.

“იმ დროისთვის საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 5 ათასი დოლარი გვქონდა დარჩენილი, ამდენად, სასწრაფოდ ბილეთები ვიყიდეთ და იმედი გვქონდა, რომ იქამდე როგორმე თავს გავიტანდით”, - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ტუივაიტა უელენი.

ტონგელთა რეისი 23 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა, ისე მოხდა, რომ 2 დღით ადრე, ზელანდიამ საზღვრები დაკეტა, ხოლო ტონგა უფრო შორს წავიდა და საკუთარი მოქალაქეების მიღებაზეც უარი განაცხადა.

“აეროპორტში მივედით და გვეგონა, შინ მივდიოდით, თუმცა, იქ გავიგეთ, რომ ეს შეუძლებელი იყო. რა უნდა გვექნა? ქალაქში დავბრუნდით და ტოკაიკოლო ია კალაისის ეკლესიას მივადექით. ჩვენდა ბედად, კეთილი ხალხი შეგვხვდა. მათ უსასყიდლოდ დაგვრჩენა შემოგვთავაზეს. ეკლესიაშივე გამოგვიყვეს ფართი და დასაწოლად მატრასებიც მოგვიტანეს. საბოლოოდ, 9 ჩვენიანმა ზელანდიაში ახლობლები ნახა და მათთან გადაბარგდნენ, ოცნი კი დღემდე აქ ვცხოვრობთ”.

ტუ’უაკიტაუ ჰა’აპაის მორაგბეები ვარჯიშის გარდა ბევრი რამით არიან დაკავებულნი

მწვრთნელისვე თქმით, გუნდის ყოველდღიური ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია. მორაგბეები ბევრს მუშაობენ ეკლესიის ბაღში, ვარჯიშობენ, ლოცულობენ, რამდენჯერმე დალაშქრეს მახლობლად მდებარე მანგარეს მთა, ყველაზე მეტ ხალისს კი მშობლიური სიმღერები სძენთ. როგორც უელენი ხუმრობს, ბიჭებმა უკვე იმდენი ტექსტი დაისწავლეს, რომ შინ დაბრუნების შემდეგ, ყველა ტონგური მელოდია ზეპირად ეცოდინებათ.

ბოლო ინფორმაციით, ტონგა საზღვრების გახსნას 12 ივნისს ვარაუდობს, ამდენად, ტუ’უაკიტაუ ჰა’აპაის წევრები უკვე დღეებს ითვლიან. სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ისინი ისევ ოჯახებთან ერთად იქნებიან, რომლებიც მათ მოუთმენლად ელიან. ეს, განსაკუთრებით ტევიტა ვაკასიუოლაზე ითქმის, რომელიც გუნდის მწვრთნელის ასისტენტი და ექიმია. მისი ზელანდიური ვოიაჟის ჟამს, ტონგას ცენტრალურ რაიონში მხოლოდ 1 მისი კოლეგა დარჩა და ის უკვე სამუშაოს ვეღარ აუდის.

“ტევიტას გარეშე ძალიან გვიჭირს. ის ერთადერთია, რომელიც ოჯახში მუშაობს და შესაბამისად, საკვები შემოაქვს. ყველას გვინდა, რომ ბიჭები შინ მალე დაბრუნდნენ, თევზი დაიჭირონ და სხვა საოჯახო საქმეებით დაკავდნენ. მთავრობამ საზღვრები რაც შეიძლება მალე უნდა გახსნას, რათა ისინი ისევ ჩვენთან ერთად იყვნენ”, - ამბობს ტევიტას საყვარელი მეუღლე მონი ვაკასიულოა.

კომენტარები

ბოლო ამბები