Thumbnail

“ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არ არის!” - ანჩელოტის რეალი და ბარსა ურჩევნია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა.
  • იტალიელი სპეციალისტი ყოფილ გუნდს ტოპ-ფავორიტად არ მიიჩნევს.

მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სევილიას შეხვდება და შესანიშნავი შანსი აქვს, ნახევარფინალში გავიდეს. თუმცა მიუნხენური გრანდის ყოფილი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თავის ექს-გუნდს ტოპ-ფავორიტად არ მიიჩნევს.

“ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები მადრიდის რეალი და ბარსელონა არიან - პირველ რიგში, გამოცდილების, კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის გამო. რაც შეეხება ბაიერნს - გერმანული კლუბი ტოპ-ფავორიტად არ მიმაჩნია, თუმცა, ისევე, როგორც იუვენტუსს, ერთ მშვენიერ დღეს, რა თქმა უნდა, ბაიერნსაც შეუძლია ნებისმიერის დამარცხება,” - განაცხადა ანჩელოტიმ “გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

თავად 58 წლის იტალიელს ჩემპიონთა ლიგა მწვრთნელის რანგში სამჯერ აქვს მოგებული. წინა სეზონში ანჩელოტი სწორედ ბაიერნს ავარჯიშებდა და ევროპის ელიტარული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში რეალთან დამარცხდა. კარლოს ფორმაციის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი გახდა და ახალი სეზონიც კარგად დაიწყო, მაგრამ ჩემპიონა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, პსჟ-სთან 0:3 მარცხის შემდეგ, რეკორდმაისტერის ბოსებმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ანჩელოტი იუპ ჰაინკესმა შეცვალა, რომლის ხელშიც ბაიერნმა უდიდესი პროგრესი განიცადა და ისევ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია.

იტალიის ნაკრები? ჯერ არაფერი გადამიწყვეტია!

კარლო ანჩელოტი მას მერე უმუშევარია, თუმცა საქმეს მალე დაუბრუნდება. გამორიცხული არ არის, რომ მან იტალიის ნაკრები ჩაიბაროს.

“იტალიის ნაკრების გაწვრთნა, რა თქმა უნდა, დიდი პატივია, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. საკუთარ თავს დრო ივნისამდე მივეცი, მანამდე არაფერს გადავწყვეტ,” - ამბობს ანჩელოტი.

იტალიელი სპორტული ჟურნალისტების აზრით, კარლო კლუბებიდან სარფიან შემოთავაზებებს ელოდება და იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ამიტომაც ალოდინებს. სპეკულაციების თანახმად, ანჩელოტიზე ჩელსი, არსენალი და პსჟ ფიქრობენ. შეგახსენებთ, რომ კარლო ჩელსისა და პსჟ-ში უკვე მუშაობდა...

კომენტარები

ბოლო ამბები