Thumbnail

ხულიგანი, რომელიც ვერ გახდა მეფე - რკინის მაიკის ტრაგედია

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

მაიკ ტაისონი ტრაგიკული კაცია. ამაზე ალბათ ყველა უნდა შევთანხმდეთ. ტრაგედია ისაა, რომ მის ცხოვრებაზე უფრო ხშირად ვლაპარაკობთ, ვიდრე მის ბრძოლებზე. მაიკმა როგორღაც მოახერხა და, თავისი უკიდეგანო ნიჭი სკანდალებში, ნარკოტიკებში, სისულელეებში დაახურდავა და გაფლანგა.

ტაისონი ბევრს არ უყვარს და ასეთების მესმის. რთულია, რაიმე სიმპათია გქონდეს იმ კაცის მიმართ, რომლის ‘ანგარიშზე’ გაუპატიურება და რინგზე მოჭმული ყურია. მაგრამ სხვა მაიკიც არსებობს - კაცი, რომელმაც თავისი პერფორმანსებით კრივი მთელ თაობას შეაყვარა. ეს ორი სხვადასხვა ისტორია უნდა ყოფილიყო - ტაისონი რინგზე და ტაისონი ცხოვრებაში, თუმცა მან პირიქით გააკეთა - მთელი მისი ცხოვრებისეული ქაოსი რინგზე გადაიტანა.

ტაისონის ისტორია პირველ რიგში ცხოვრებისეული ამბავია. შეუძლებელია, მისი არ გესმოდეს და მას არ თანაუგრძნობდე. ეს ერთი დიდი უიღბლობის ისტორიაა.

ტაისონი: ‘მთელი ჩემი ცხოვრება დროის კარგვა და შეცდომა იყო. უბრალოდ მინდა, რომ ამ ყველაფერს გავექცე.’

მარტო კაცი

ტაისონის მთავარი პრობლემა ის არის, რომ იგი სრულიად მარტოა. მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, მას არასოდეს ჰყოლია ადამიანი, რომელსაც ენდობოდა, რომელიც მისიანი იქნებოდა. თავის ბიოლოგიურ მამას საერთოდ არ იცნობდა, მისი მამინაცვალი ჯიმი კირკპატრიკი ქუჩის ბიჭი და გემბლერი იყო, რომელმაც ოჯახი მაიკის დაბადების შემდეგ მალევე დატოვა. კირკპატრიკი 1992 წელს მოკვდა.

მისი დედა კიდევ უფრო ადრე გარდაიცვალა - მაშინ, როდესაც ტაისონი მხოლოდ 16 წლის იყო. ერთი დეტალი დედა-შვილის ურთიერთობაზე: როდესაც პატარა მაიკი ტიროდა, დედამისი მას ნარკოტიკებს ასუნთქებდა, რათა ტირილი შეეწყვიტა და დაეძინა.

ტაისონი: ‘დედაჩემი ჩემით ბედნიერი და ამაყი არასოდეს ყოფილა. მე მხოლოდ ისე მიცნობდა, როგორც ველურ ბავშვს, რომელიც ქუჩებში დარბის და სახლში ახალი ტანსაცმელით ბრუნდება, რომელიც მას არ უყიდია. მასთან ლაპარაკის, ან მისი კარგად გაცნობის შანსი არასოდეს მქონია. ეს მე ემოციურად და ადამიანურად მანადგურებს.’

მისი უფროსი და 24 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მაიკ ტაისონს ოჯახი, ფაქტობრივად, არ ჰყოლია.

არანაკლებ წარუმატებელი აღმოჩნდა მისი ქორწინებებიც. მაიკის პირველი მეუღლე მსახიობი რობინ გივენსი იყო. ქორწინება სულ რამდენიმე თვეში კატასტროფით და სკანდალით დასრულდა, რომელსაც მთელი ამერიკა უყურებდა. გივენსმა მაიკთან ერთად პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ ტაისონს მანიაკალური დეპრესია აქვს და მასთან თანაცხოვრება ‘წამება, ჯოჯოხეთი და ყველაზე უარესი რამ არის, რისი წარმოდგენაც შეიძლება’. ეს ჯერ კიდევ 1988 წელს მოხდა, როდესაც მაიკი დიდების ზენიტში იყო.

მაიკი და რობინ გივენსი

ამ ქორწინებას კიდევ მოჰყვა ოჯახის შექმნის წარუმატებელი მცდელობები. პირველი ქორწინების შემდეგ კი მაიკი ქალების მიმართ უფრო მტრული და აგრესიული გახდა. ეს მას დანგრეულ კარიერად, ციხეში გატარებულ წლებად და სამუდამოდ შელახულ რეპუტაციად დაუჯდა.

ბრაუნსვილი

ტაისონზე ყველაზე დიდი გავლენა მის მშობლიურ უბანს - ბრაუნსვილს ჰქონდა. ნიუ იორკში ბევრჯერ ვყოფილვარ და ქალაქიც სტუმრის კვალობაზე კარგად ვიცი. თუმცა ბრაუნსვილი არასოდეს მინახავს - უბრალოდ იმიტომ, რომ ნიუ იორკში ჩასულს აუცილებლად გეტყვიან, რომ იქ არ უნდა წახვიდე. ბრაუნსვილი დღესაც ძალიან საშიშია და 70-იანებში, როდესაც იქ ტაისონი იზრდებოდა, იქაურობა  სრულად ასახავდა განგსტერული ფილმების რეალობას.

დღესაც კი, ბრაუნსვილში სიკვდილიანობა 60 პროცენტით მეტია, ვიდრე დანარჩენ ქალაქში და 4-ჯერ უფრო მეტი მკვლელობა ხდება - ყოველ 1000 კაცში 16-ს კლავენ. მარტივი სტატისტიკაა: ბრაუნსვილში თუ დაიბადე, 10 წლით ნაკლებს ცხოვრობ, ვიდრე მანჰეტენზე დაბადებული ადამიანი. ეს რაიონი ნარკოტიკებთან დაკავშირებული კრიმინალითაც ლიდერობს ქალაქში და ბავშვთა სიკვდილიანობის პროცენტითაც აღემატება სხვებს.

სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ 12 წლის მაიკი უკვე ადგილობრივი ბანდის წევრი იყო, 13 წლის ასაკში კი მას 38 დაკავება ჰქონდა. სკოლა არც დაუსრულებია.

მაიკის პირველი ჩხუბის მიზეზი ბევრს გვეუბნება იმ გარემოზე, სადაც გაიზარდა: სხვა მოზარდმა თავი მოაგლიჯა მაიკის კუთვნილ მტრედს (ცოცხალ მტრედზეა ლაპარაკი), მასაც ჩხუბში ჩართვა მოუწია.

ამ გარემოში გაზრდილ ტაისონს უბრალოდ არ ჰქონდა საკმარისი სოციალური უნარები, რომ საზოგადოების ნორმალური და ადეკვატური წევრი ყოფილიყო. ინტელექტუალურად ის მოზარდის დონეზე დარჩა - საკმარისია, მისი ერთი ინტერვიუს ნახვა, რომ ამაში მაშინვე დარწმუნდებით.

კას დ’ამატო

ტაისონის ცხოვრებაში ერთი კაცი იყო, რომელსაც ყველაფერი შეიძლება შეეცვალა. მისი ცხოვრების მთავარი What If, სწორედ მას უკავშირდება. როდესაც ბობი სტიურტმა იმედისმომცემი მოზარდი მოკრივე ლეგენდარულ მწვრთნელ კას დ,ამატოს მიუყვანა, მან საჩვენებელი ბრძოლის ორი რაუნდის შემდეგ ბრძოლა ამ სიტყვებით შეწყვიტა - ‘ეს ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება.’

მაიკი და კას დ'ამატო

დ’ამატომ ტაისონს, რომელსაც, ფაქტობრივად, ცხოვრებაში არავინ ჰყავდა, არამხოლოდ კრივი ასწავლა, არამედ მისთვის ნამდვილ მამად იქცა. მაიკი მის სახლში ცხოვრობდა და მან ის ოფიციალურად იშვილა.

თავად დ’ამატოც ნიუიორკელი იყო, ბრონქსიდან. ახალგაზრდობაში მღვდლობა უნდოდა, შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო და ბევრი ჩემპიონი აღზარდა - მათ შორის ფლოიდ პატერსონი. ლეგენდარული სტატუსის მიუხედავად, ის ყოველთვის ის კაცი იყო, რომელიც მეინსტრიმის წინააღმდეგ მიდიოდა. სწორედ ამიტომ ამბობდა იგი, რომ ტაისონი მისი პასუხი იყო მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. ტაისონს მან იოლად გაუგო. ბრონქსში გაზრდილ კაცს, მღვდლობას რომ აპირებდა, მაიკთან მიდგომა კარგად გამოსდიოდა - მან იცოდა მაიკის შიშები, კომპლექსები, სუსტი და ძლიერი მხარეები.

ტაისონის საბრძოლო სტილი, განსაკუთრებით კი მისი Peek a Boo სტილის დაცვა, როდესაც მაიკი ორი მაღლა აწეული ხელით სახეს იფარავდა, სწორედ დ’ამატომ შექმნა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მის ხელში ტაისონი უფრო თავდაჯერებული გახდა. მთელი მისი მძვინვარე და ბრუტალური ხასიათის მიუხედავად, მაიკს თვითშეფასების პრობლემა მუდამ ჰქონდა. სკოლაში მას ხმის გამო დასცინოდნენ - წვრილი და არადამაჯერებელი ხმა აქვს. მთელი მისი კარიერის მანძილზე, მაიკის ძალადობრივი და ველური გამოხდომები უფრო მეტად მისი სასოწარკვეთილების გამოვლინება იყო, ვიდრე მისი თვითრწმენის და შინაგანი ძალის.

დ'ამატო ტაისონისთვის მამასავით იყო

ამას აღნიშნავდნენ მისი ოპონენტებიც. პირველივე რაუნდებში მაიკი მაქსიმალურად აგრესიულად გესხმის თავს და შეშინებას ცდილობს. თუკი ეს მალევე არ გამოუვიდა, შუა რაუნდებიდან თავად ის იწყებს ნერვიულობას.

მისი ხასიათის, სოციალური უნარების და ინტელექტუალური განვითარების გამო, მაიკ ტაისონი მუჰამედ ალივით დიდი, სახალხო ჩემპიონი ვერასოდეს გახდებოდა. ტაისონის აზრი პოლიტიკაზე, ცხოვრებაზე და სხვა მსგავს საკითხებზე საინტერესო უბრალოდ არ არის. თუმცა ის რინგზე ყველაზე მაგარი იყო. მის გვერდით სწორი ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, მაიკი ყველა დროის საუკეთესო მოკრივე უნდა გამხდარიყო. ასეთი კაცი კას დ’ამატო უნდა ყოფილიყო. თუმცა ის მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მაიკი 19 წლის იყო. რამდენიმე თვეში ტაისონი ტრევორ ბერბიკს გალახავს და კრივის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდება. ეს გამარჯვება მან სწორედ დ’ამატოს მიუძღვნა.

დონ კინგი

როცა კას დ’ამატოს ნაცვლად დონ კინგის ხელში აღმოჩნდები, აი, ეს არის ცხოვრებაში არგამართლება. დონ კინგი მაიკის ცხოვრებაში მისი კარიერის პიკზე, მაიკლ სფინქსთან გამარჯვების შემდეგ გამოჩნდა. მანამდე, მაიკი სანდო ხელში იყო - დ’ამატოს გუნდთან აგრძელებდა მუშაობას. დონ კინგმა მისი მწვრთნელი კევინ რუნი და მენეჯერი ბილი კეიტელი მალევე გააშვებინა.

დონ კინგმა რომ ტაისონზე ბევრი ფული გააკეთა და ის ფინანსურ საკითხებში ბევრჯერ მოატყუა, ეს ყველამ იცის. კინგმა ‘რკინის მაიკზე’ 300 მილიონზე მეტი იშოვა, თავად ტაისონმა კი 2003 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. მაიკმა კინგს სასამართლოში 100 მილიონის დაბრუნების მოთხოვნით უჩივლა კიდეც, თუმცა მორიგების დროს მხოლოდ 14 მილიონი მიიღო.

მაიკი და დონ კინგი

თუმცა ეს ყველაზე ცუდი რამ არ არის, რაც კინგმა ტაისონს გაუკეთა. მის ხელში ‘რკინის მაიკი’ სწრაფად დეგრადირდა და ყველა ის სისუსტე და მანკიერება, რომელიც მის ხასიათში იყო, წინა პლანზე წამოვიდა. მაიკის გარემოცვა იხსენებდა, რომ დონ კინგს ტაისონისთვის უბრალოდ არ ჰქონდა სიტყვა ‘არა’ - ყველაფერს უსრულებდა. სწორედ ამ პერიოდში ჩნდება მის გარაჟში 'ლამბორგინები', მის სახლში კი ვეფხვები. კინგი ტაისონს იმ ტიპის ვარსკვლავურ იმიჯს უქმნიდა, რომელსაც მერე იოლად გაყიდდა. მაიკის საწვრთნელი პროცესი შემცირდა - მისი სპარინგი უწინდელი 8 რაუნდის ნაცვლად, 3 რაუნდს გრძელდებოდა. ჩვეულ 13-კილომეტრიან დისტანციასაც აღარ დარბოდა. დონ კინგს ტაისონი ნაკლებად აღელვებდა - მისთვის მთავარი დიდი მედიახმაური და ბრძოლების კარგად გაყიდვის შანსი იყო, მაიკის კარიერა გრძელვადიან პერსპექტივაში მას ნაკლებად ადარდებდა.

დ’ამატოს სხვა მიდგომა ჰქონდა. ცდილობდა, მაიკი რაც შეიძლება მეტი ვარჯიშით დაეტვირთა და ზედმეტი ხმაურისგან დაეცვა. კინგი პირიქით, ქმნიდა ვარსკვლავურ აჟიოტაჟს, რომელიც მაიკის სუსტი, მერყევი და ამყოლი ხასიათიდან გამომდინარე, მას ბევრ პრობლემას უქმნიდა.

სწორედ ამიტომ, მაიკ ტაისონის საუკეთესო წლები მის ცხოვრებაში დონ კინგის გამოჩენამდე თარიღდება. 1990 წელს მან უიმედო აუტსაიდერ ბასტერ დაგლასთან მოულოდნელად წააგო. მისივე აღიარებით, ბრძოლამდე თვეების მანძილზე ნორმალურად არ უვარჯიშია და მუდმივად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. ეს უკვე დონ კინგის ეპოქის ‘რკინის მაიკია’.

გაუპატიურების ამბავი ალბათ ყველას სმენია. დესირე ვაშინგტონის ბრალდების საფუძველზე ტაისონს 6 წელი მიუსაჯეს, საიდანაც სამი მოიხადა. უფრო საინტერესოა, თუ როგორ შეხვდა ის ვაშინგტონს. მაიკი ინდიანაში, აფროამერიკელთა სილამაზის კონკურსის ჟიურიში იყო. მოკლედ, ნორმალური მენეჯმენტის პირობებში, ტაისონი იქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო.

მისი ეს ვოიაჟი ორი ბრალდებით დასრულდა: გაუპატიურების გარდა, სილამაზის კონკურსის ორგანიზატორები მას 21 მილიონს თხოვდნენ, რადგან ორი დღის განმავლობაში, მაიკი 10 კონკურსანტს, კანონის ენაზე რომ ვთქვათ, ‘შეუფერებლად შეეხო’.

მაიკის სტანდარტული ფოტო დონ კინგის ეპოქიდან

3-წლიანი ციხის შემდეგ, მაიკი უკვე აღარ იყო ისეთივე მებრძოლი. ის ამ მონაკვეთში საბოლოოდ გატყდა. ამას მოყვა ჰოლიფილდთან ორი წაგებული ბრძოლა და ყურზე კბენის თუ ყურის მოჭმის ამბავი და დისკვალიფიკაცია, კიდევ ერთი პატიმრობა, ქრონიკული პრობლემები ნარკოტიკებთან და კანონთან. კარიერის დასრულების შემდეგ, მაიკ ტაისონი საზოგადოებისთვის უბრალოდ მიუღებელ კაცად იქცა. მან ვერც თავისი იმიჯის სრულყოფილად გამოყენება შეძლო - მისი კარიერა ტელევიზიაში და კინოში არ გამოვიდა.

მაგალითად, 2018 წელს ჩელიაბინსკში იყო ჩასული შერეული ბრძოლების სანახავად - ეს არის დეტალი, რომელიც გვეუბნება, რომ მის ცხოვრებაში დღემდე ქაოსია.

სხვა მაიკ ტაისონი

მთელი მისი ცხოვრებისეული ქაოსის მიუხედავად, სხვა მაიკ ტაისონიც არსებობს. მგონია, რომ სწორედ ეს არის მთავარი მაიკ ტაისონი - მის ცხოვრებაში დონ კინგის გამოჩენამდე, ანუ იმ დრომდე, სანამ 25 წლის მულტიმილიონერი მსოფლიოს ჩემპიონი მოზარდის ინტელექტით სისულელეების კეთებას დაიწყებდა, რინგზე ნამდვილი მაიკ ტაისონი არსებობდა. ანუ, ის კაცი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მოკრივე უნდა გამხდარიყო - მას ამისთვის ყველაფერი ჰქონდა.

ტაისონი 90-იანებშიც მრისხანე მებრძოლი იყო, თუმცა მისი პიკი 80-იანებია - ის დრო, სანამ მის ცხოვრებაში ნარკოტიკები და ციხე გამოჩნდა. თავისი პირველი 28 ბრძოლიდან 26 ნოკაუტით მოიგო, მათ შორის 16 პირველ რაუნდში. კრივის ისტორიაში არავის არაფერი უნახავს იმის მსგავსი, როგორც ტაისონი იმ წლებში მეტოქეებს სცემდა. ეს აბსოლუტურად ბრუტალური სანახაობა იყო.

ტაისონის ნოკაუტი

მაიკს თავისი აღნაგობიდან გამომდინარე მეტოქეებთან ფიზიკური უპირატესობა (სიმაღლე, გრძელი ხელები ა.შ.) არასოდეს ჰქონია. პირიქით, მძიმე წონისთვის ის საკმაოდ დაბალია - 178 სანტიმეტრი და მისი გაშლილი ხელების სიგრძე მხოლოდ 180 სანტიმეტრია. შედარებისთვის, ფიური, ჯოშუა და უაილდერი სამივე ორი მეტრის ფარგლებშია და ბევრად გრძელი ხელები აქვთ. მაგალითად, ფიურის გაშლილი ხელების სიგრძე 216 სანტიმეტრია. მუჰამედ ალი 191 სანტიმეტრის სიმაღლის იყო და ძალიან გრძელი, 198-სანტიმეტრიანი ხელები ჰქონდა. აღნაგობით, დიდ ჩემპიონებს შორის, ტაისონს ყველაზე მეტად ჯო ფრეიზერი გავს - 182 სანტიმეტრი სიმაღლე და 185-სანტიმეტრიანი ხელების სიგრძე.

თუმცა, მაიკი ახლო დისტანციაზე კრივის ისტორიაში ყველაზე სახიფათო მებრძოლი იყო. მას არაადეკვატურად ძლიერი და სწრაფი დარტყმა აქვს - მისი დარტყმების შემდეგ მეტოქეები სიკვდილის პირას იყვნენ.

‘რკინის მაიკს’ ძალიან დიდი კუნთის მასა ჰქონდა - სიმაღლის არქონის მიუხედავად, 100-110 კილოგრამის ფარგლებში იყო, ანუ, დაახლოებით იგივე წონა ჰქონდა, რაც მასზე 13 სანტიმეტრით მაღალ მუჰამედ ალის, ან 20 სანტიმეტრით მაღალ ვლადიმერ კლიჩკოს. ასეთი კუნთები ფეთქებად ენერგიას წარმოშობს. ტაისონის საბრძოლო სტილსაც სწორედ ეს განსაზღვრავდა. 50 გამარჯვებიდან 44 მან ნოკაუტით მოიპოვა. ბრძოლების ასტრონომიული 41 პროცენტი მას პირველ რაუნდში აქვს მოგებული. კიდევ 12 პროცენტი მეორე რაუნდში.

შედარებისთვის: მუჰამედ ალის და მაიკ ტაისონს დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ბრძოლები აქვთ ჩატარებული - 56 ალის, 58 მაიკს. ალიმ 541 რაუნდი იჩხუბა, ტაისონმა მხოლოდ 211.

მაიკი ყველაზე სახიფათო პირველ რაუნდებში იყო - სანამ თავისი ფენომენალური დარტყმის ძალის, სისწრაფის და შემტევი არსენალის წყალობით ბრძოლებს ძალიან მალე იგებდა. გრძელი, ტაქტიკური ბრძოლები და ქულების დაგროვება მისი საყვარელი საქმიანობა არასოდეს ყოფილა. მისი სუნთქვა და გამძლეობა საუკეთესო არ იყო. სწორედ ამიტომ, ის ფსონს პირველ რაუნდებზე ჩამოდიოდა.

ტაისონის 6-დან ხუთი წაგება გვიანი რაუნდებით თარიღდება. ამ მარცხებს თავისი ისტორია აქვს. ბოლო ორი ჩხუბი გასახსენებლადაც არ ღირს - ვეტერანი მაიკი ფულის გასაკეთებლად ისეთ დროს გამოვიდა რინგზე, როცა არ უნდა გამოსულიყო. ბასტერ დაგლასის გარდა, ორჯერ ის ჰოლიფილდთან დამარცხდა და ერთხელ ლენოქს ლუისთან. ყველა ეს მოკრივე მასზე მაღალი იყო და გრძელი ხელების ხარჯზე დისტანციიდან ბრძოლას ახერხებდა. თუმცა ეს უკვე დონ კინგის ეპოქის მაიკ ტაისონია.

თავის საუკეთესო წლებში მას წაგება არ აქვს. მეტიც, ის საერთოდ დაუმარცხებლად გამოიყურებოდა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლებში მას ყველაზე ეპიკური მეტოქეები არ ჰყოლია. მაიკის ყველაზე ძლიერ ოპონენტებად ტრევორ ბერბიკი და მაიკლ სფინქსი მიიჩნეოდნენ. ამის მიუხედავად, ის, რასაც ტაისონი რინგზე აჩვენებდა, გულშემატკივარს არასოდეს დაავიწყდება. ‘რკინის მაიკი’ რაღაცნაირი განსაკუთრებული ცოფით და აგრესიით უსწორდებოდა მეტოქეებს.

ამის შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა. თუმცა, ალბათ ყველას გვინდა, რომ ის მაიკ ტაისონი გვახსოვდეს, რომელიც კრივის ისტორიის დაწერას აპირებდა. ამის შემდეგი ამბები გატეხილი, ბრაუნსვილელი ბიჭის ტრაგედიაა. არაფერი განსაკუთრებული იქ არ არის. განსაკუთრებული რინგზე იყო, თანაც ისეთი, რომ ერთხელ მაინც თუ ნახე, არ დაგავიწყდება.

კომენტარები

ბოლო ამბები