Thumbnail

The Game Haus კოლეჯთა ლიგის (NCAA) გამორჩეული მოთამაშეების დახასიათებას აგრძელებს. მეოთხე თავში სხვებთან ერთად, სეტონ ჰოლის ფორვარდის, სანდრო მამუკელაშვილის ჯერიც დადგა...

The Game Haus სანდრო მამუკელაშვილზე

2019/20 სეზონი: 11.9 ქულა; 6.0 მოხსნა; 1.4 პასი; 54% თამაშიდან; 43.4% - სამქულიანები

"სანდრო მამუკელაშვილს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა იმის მიუხედავად, რომ შუა სეზონში მაჯის ძვალი მოიტეხა. მისი სიმაღლე და უნივერსალიზმი სანდროს პერიმეტრზე მაღალ დონეზე თამაშში ეხმარება, სამქულიანები კი განსაკუთრებულად კარგად გამოსდის. მეტიც, ის ძალიან მობილურია და ფარქვეშ ძლიერია ბურთთან ერთად.

დამატებით, სანდროს შეუძლია, დრიბლინგის ხარჯზე შეუტიოს მეტოქის ფარს, ამაში მას სიმაღლე და ათლეტიზმი ეხმარება. გარდა ამისა, სეტონ ჰოლიდან მაილს პაუელის წასვლის შემდეგ, მამუკელაშვილი მთავარი ვარსკვლავი იქნება.

მის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია, რადგან არსენალში მრავალფეროვანი იარაღი აქვს, მომდევნო სეზონში Big East-ის კონფერენციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იქნება. 

რაც შეეხება დაცვას, სისწრაფე და მობილურობა მოსამატებელი აქვს. ხშირად ხდება, რომ ბალანსს კარგავს და ადვილად შესატევი ხდება. სანდრო მამუკელაშვილს შემდეგ სეზონში სუპერსტატისტიკა უნდა ჰქონდეს". 

შეგახსენებთ, რომ სეტონ ჰოლის ქართველი ფორვარდი NBA-ს დრაფტზე დადგა, თუმცა 3 ივნისამდე გადაფიქრება და კოლეჯში დაბრუნება შეუძლია. წესით, სანდრო ასეც მოიქცევა, რადგან მას 2021 წლის დრაფტზე უწინასწარმეტყველებენ არჩევას. სანდრო ბოლო სეზონში "ბიგ ისთის" კონფერენციის მესამე ხუთეულში აირჩიეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები