Thumbnail

'დრო მოვიდა, სხეულმა მითხრა: საკმარისია' - ბილბაოს ლეგენდამ კარიერა დაასრულა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მუდამ ვამბობდი, რომ ფეხბურთი შენგან მანამდე წავა, ვიდრე შენ წახვალ ფეხბურთიდან'
  • არიც ადურისს 172 გოლი აქვს გატანილი და XXI საუკუნის ატლეტიკის ბომბარდირია

ბილბაოს ატლეტიკის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა არიც ადურისმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. 39 წლის თავდამსხმელი XXI საუკუნეში ბასკური კლუბის საუკეთესო ბომბარდირია. მას ატლეტიკის მაისურით, საერთო ჯამში, 405 მატჩში 172 გოლი აქვს გატანილი. ბილბაოელთა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში არიცს მე-6 ადგილი უკავია, ლიდერი კი ტელმო ზარაა 335 გოლით.

2015 წელს ადურისმა ატლეტიკის მაისურით ესპანეთის სუპერთასი მოიგო. მაშინ ბასკებმა 2 მატჩის ჯამში ბარსელონას სძლიეს – 4:0, 1:1. პირველ შეხვედრაში არიცმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჯამში კი, 5-დან 4 გოლი გაიტანა.

“დრო მოვიდა. ყოველთვიდ ვამბობდი, რომ ფეხბურთი შენგან მანამდე წავა, ვიდრე შენ წახვალ ფეხბურთიდან. გუშინ ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი ტრავმის მოსარჩენად ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო. ეს აუცილებელია, რათა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ძველებური იყოს. სამწუხაროდ, სხეულმა მითხრა: “საკმარისია”. თანაგუნდელებს ისე ვეღარ დავეხმარები, როგორც - ძველად. პროფესიონალი სპორტსმენის ხვედრი ესაა. ძალიან მარტივია. ჩემზე ბევრი ნერვიულობა არ ღირს. უბრალოდ, ჩემი ამბავი გითხარით. გზა, რომელიც გავიარე, ბოლოსკენ მიდის. ეს, თავიდან ბოლომდე დაუვიწყარი პერიოდი იყო. ყველას გულწრფელ მადლობას გეუბნებით”, - დაწერა ვეტერანმა ფეხბურთელმა ტვიტერში.

ადურისს კარიერის განმავლობაში აურერას, ბურგოსის, ვალიადოლიდის, მალიორკასა და ვალენსიას რიგებშიც უთამაშია.

ბილბაოში ის სამ სხვადასხვა პერიოდში ირიცხებოდა. ბოლოს ბასკურ კლუბში 2012 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ გუნდისთვის არ უღალატია. ესპანეთის ნაკრების მაისურით არიცს 12 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

ადურისი 2-ჯერ იყო ევროპის ლიგის ბომბარდირი და ამდენჯერვე გახდა ზარას პრიზის მფლობელი, რომელიც ლა ლიგის საუკეთესო ესპანელ ბომბარდირს გადაეცემა ხოლმე.

არიცი კარიერის დასრულებას ესპანეთის თასის დასრულების შემდეგ აპირებდა, რომელშიც ბილბაო რეალ სოსიედადს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, ფინალი მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო გადაიდო. მოსალოდნელია, რომ ადურისი ფინალს მაყურებლის გარეშე დაესწრება და კუთვნილ აპლოდისმენტებსაც მაშინ მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები