Thumbnail

ბასილაშვილი V ჯოკოვიჩი? ნოვაკს აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატზე ელიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბელგრადში თამაშზე თანხმობა უკვე განაცხადა ათმა ჩოგბურთელმა
  • ბასილაშვილი სერბეთის დედაქალაქში 15 ივნისისთვის უნდა იყოს

ივნისში დაგეგმილ ექსპერიმენტულ ტურნირზე, რომელსაც უკვე ეწოდა აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი, შესაძლოა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი – სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩიც ვიხილოთ. ეს ინფორმაცია მით უფრო საინტერესოა, რომ ბელგრადში დაგეგმილ შეჯიბრში თამაშზე თანხმობა უკვე განაცხადა საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორი წარსულში ასევე ცნობილი სერბი ჩოგბურთელი იანკო ტიპსარევიჩია, რომლისთვისაც ტურნირში ნოლეს ჩართვა უდიდესი რეკლამა იქნება. ჯოკოვიჩის გეგმების შესახებ მისმა მწვრთნელმა – ხორვატმა გორან ივანიშევიჩმა ისაუბრა.

“დაზუსტებით რაიმეს თქმა მიჭირს. ის ვიცი, რომ ნოვაკი სამშობლოში დაბრუნებას აპირებს და ბელგრადში თამაშის საშუალებაც თუ ექნება, ძალიანაც გვაწყობს. გვითხრეს, რომ იანკო ტურნირის ორგანიზებას გეგმავს და ამ ვარიანტს აუცილებლად განვიხილავთ”.

აღნიშნული ტურნირის სტარტი 15 ივნისს იგეგმება, ჩემპიონატის რეგლამენტისა და განრიგის შესახებ კი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

ბასილაშვილის გარდა, ბელგრადში თამაშზე ასევე თანახმანი არიან დუშან ლაიოვიჩი, ვიკტორ ტროიცკი, ლასლო ჯერე, მიომირ კეჩმანოვიჩი, ჰამად მეჯედოვიჩი, დანილო პეტროვიჩი (ყველა – სერბეთი), დამირ ძუმჰური (ბოსნია-ჰერცეგოვინა), დიმიტარ კუზმანოვი (ბულგარეთი) და ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა (ესპანეთი). ცალკე იგეგმება ქალთა ჩემპიონატის ჩატარებაც.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური საჩოგბურთო მატჩები მარტის შემდეგ არ გამართულა და ამის მიზეზი მსოფლიოს მოდებული კორონავირუსია. ნიკოლოზმა ბოლო მატჩი 6 მარტს დევისის თასზე ჩაატარა, როდესაც საქართველოს ნაკრები ესტონეთს ეთამაშებოდა. 28 წლის ქართველ ჩოგბურთელს მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილი უკავია, მისი საუკეთესო შედეგი კი მე-16 საფეხურია.

View this post on Instagram

🙌🔥🙌

A post shared by Janko Tipsarevic (@tipsarevicjanko) on

კომენტარები

ბოლო ამბები