Thumbnail

10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი PUBG-ის შესახებ

  • პოპსპორტი წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს მულტიფლეიერ PUBG-ის შესახებ
  • PUBG-ის ლოკაციები საბჭოთა კავშირის ქალაქებითაა შთაგონებული
  • იცით, საიდან მოდის ყველაზე პოპულარული რუკის, ერანგელის სახელი?
  • ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ PUBG-ის?

თუ ონლაინ თამაშები მოგწონთ, პოპულარული მულტიფლეიერი PUBG, იგივე PlayerUnknown's Battlegrounds, გაგონილი მაინც გექნებათ. დღეს, გაგაცნობთ ფაქტებს ამ თამაშის ისტორიიდან, რომლებიც შესაძლოა, ყველაზე თავდადებულმა გეიმერებმაც არ იცოდნენ. მაგალითად, იცით თუ არა, რომ PUBG-ის ლოკაციები საბჭოთა კავშირის ქალაქებითაა შთაგონებული? იცით, საიდან მოდის PUBG-ის ყველაზე პოპულარული რუკის, ერანგელის სახელი? 

1. თამაშის სახელი

PUBG-ის სრული სახელია PlayerUnknown’s Battlegrounds. ეს სახელი, ერთი შეხედვით, უცნაურად და ალოგიკურად ჟღერს, თუმცა მას თავისი ისტორია აქვს. თამაშის ავტორი ბრენდან გრინი თავადაც თავდადებული გეიმერია. PlayerUnknown კი მისი გეიმერული სახელი იყო.

2. ყველაზე იშვიათი ნივთი PUBG-ში

ვირტუალური წითელი თავსაბურავი თამაშში ყველაზე იშვიათი ნივთია. 2017 წელს, PUBG-ის ბაზარზე გამოსვლისას, ეს კოსმეტიკური ნივთი წინასწარი შეკვეთის პაკეტს მოჰყვებოდა და მისი მიღება ე.წ. ''ლუტ ბოქსებიდანაც'' შეიძლებოდა, თუმცა ახლა, მას ვეღარ შეიძენთ. სწორედ ამიტომ, ის ყველაზე იშვიათ და ძვირადღირებულ ნივთად ითვლება და მისი ფასი 1000 დოლარამდეა.

ყველაზე ძვირადღირებული წითელი თავსაბურავი PUBG-ში

3. რეკორდსმენი თამაში

PUBG-ს ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი როგორც ''თამაშს, რომელსაც ერთდროულად ყველაზე მეტი მომხმარებელი თამაშობდა.'' ეს რეკორდი 2017 წლის დეკემბერში დამყარდა, როდესაც თამაშის სერვერებზე ერთდროულად 3 106 358 ადამიანის აქტიურობა დაფიქსირდა. PUBG ამჟამადაც შედის ყველაზე პოპულარული თამაშების ხუთეულში.

4. რუკა ერანგელი

ერანგელი PUBG-ის ყველაზე პოპულარული რუკაა, თუმცა, იცით თუ არა, როგორ დაერქვა მას ეს სახელი? ერანგელი ორი სიტყვის ნაზავია, რომელიც თამაშის ავტორის, ბრენდან გრინის ქალიშვილს ეძღვნება. სიტყვა გოგონას სახელის, ერინის და ინგლისური სიტყვა angel-ის (ანგელოზი) გაერთიანებით მიიღეს.

Dota 2, ESL ONE [21.05]

5. PUBG და სარეკლამო ბაზარი

PUBG-ის მფლობელ კომპანია Bluehole Corporation-ს თამაშის რეკლამაზე არც ერთი ცენტი არ დაუხარჯავს. კომპანიის განცხადებით, თამაშის ხარისხი უზრუნველყოფდა იმას, რომ მისი რეკლამირება საჭირო არ გამხდარა. მეორე მხრივ, PUBG Mobile პირველი მობილური თამაში იყო, რომლის რეკლამებიც ტელევიზიით გადაიცემოდა.

6. ლოკაციები რეალურია

ერანგელზე შენობებისა და ლანდშაფტის დიზაინერებისათვის შთაგონების წყარო საბჭოთა კავშირი იყო 1950-იან წლებში. მაგალითად, ერანგელზე მდებარე სკოლა ჩერნობილის ატომურ სადგურთან მდებარე ქალაქის, პრიპიატის ერთ-ერთი სკოლის ფოტოების მიხედვითაა აწყობილი, ხოლო ბუნკერი, რომელშიც იარაღის მარაგებია, უკრაინაში, ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე მიტოვებული ატომური იარაღის საწყობის მიხედვით. ასევე 'იასნაია პოლიანა', გზის პარალელურად მდებარე შენობების წყება, რუსეთში მდებარე ამავე სახელწოდების ქალაქზეა დაფუძნებული. სხვათაშორის, ეს ქალაქი, ცნობილი მწერლის, ლევ ტოლსტოის სამშობლოა. 

ერანგელის ერთ-ერთი ბუნკერი

7. ბანი PUBG-ში

PUBG-ის წესები ჩითერების და ტროლების მიმართ საკმაოდ მკაცრია. თამაშის მოდერატორებმა, ერთ დღეს, რეკორდული რაოდენობის, 30 000 ანგარიში გააუქმეს. ალბათ, იცით, რომ პირველი ინციდენტის შემდეგ, ერთი ანგარიში ერთი დღით იბლოკება. შემდეგ კი 3 დღით. მაგრამ, იცოდით, რომ მოთამაშის მიმართ მაქსიმალური სასჯელი 100-წლიანი 'ბანია'?

8. Winner Winner Chicken Dinner

PUBG-ის ყველა მოთამაშეს სურს, საკუთარ ეკრანზე მატჩში გამარჯვების აღმნიშვნელი ეს სიტყვები წაიკითხოს. თუმცა ეს ფრაზა თამაშის ავტორებს არ ეკუთვნით. “Winner Winner Chicken Dinner” ამერიკული გამონათქვამია და მას დიდი დეპრესიის დროს იყენებდნენ. ფრაზის სამშობლო ქალაქი ლას ვეგასია. 1930-იან წლებში, ქათმის ღირებულება დაახლოებით 2 $ იყო და ის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ საკვებად ითვლებოდა. ფრაზის იდეა ისაა, რომ თუ ქათმის ხორცის შესაძენი ფული გაქვს, შესაბამისად, უსადილოდ არ დარჩები და, შეგიძლია, თავი გამარჯვებულად ჩათვალო.

CS:GO, ESEA [22.05]

9. პაციფისტი

როგორც წესი, ბეთლ-როიალის ტიპის თამაშები, მაქსიმალური რაოდენობის მოწინააღმდეგის მოკვლასთან ასოცირდება. თუმცა, PUBG-ში შეგიძლიათ 0 მკვლელობითაც მოიგოთ. ამ შემთხვევაში, თამაში 'პაციფისტის' სამკერდე ნიშანს მოგანიჭებთ.

10. წყალი ტყვიებს ისხლეტს

ალბათ, ეს გამოცდილი მოთამაშეებისთვის, ცნობილი ფაქტია, თუმცა, ახალბედებს, შესაძლოა, გამოადგეთ: თუკი წამით შესვენება, იარაღის გადატენვა, ან აბჯრის აღდგენა გსურთ, წყალში ჩახტით: იქ მტრები ვერ გესვრიან.

კომენტარები

ბოლო ამბები