Thumbnail
  • გერმანიის ნაკრების შემტევი ლეროი სანე მიუნხენის ბაიერნს უახლოვდება
  • SPORT BILD-ის ცნობით, ბავარიელები მას საუკეთესო ნომერს სთავაზობენ
  • ფეხბურთელი ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა

ყველამ იცის, რომ მიუნხენის ბაიერნს ლეროი სანეს გადაბირება სურს. ცნობილია ისიც, რომ ბავარიულ გრანდში გადასვლით თვითონ გერმანიის ნაკრების 24 წლის შემტევიც დაინტერესებულია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • X
  • აინტრახტი

გერმანული სპორტული ჟურნალის, SPORT BILD-ის ინფორმაციით, სანე ერთი იდეით განსაკუთრებით აღფრთოვანებულია. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ ბაიერნმა მას მე-10 ნომერი შესთავაზა!

ჟურნალ SPORT BILD-ის პირველი გვერდი დღეს

რეკორდმაისტერში, ისევე, როგორც ყველა გუნდში, ათიანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბაიერნის მე-10 ნომერი 10 წლის მანძილზე არიენ რობენი გახლდათ, ახლა კი ეს ნომერი ბარსელონადან იჯარით აყვანილ ფილიპე კოუტინიოს აქვს, თუმცა მას დროებითი კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება და გადაწყვეტილია, რომ ბაიერნში არ დარჩება. შესაბამისად, მიუნხენურ გრანდში ათიანი სანესთვის თავისუფლდება!

SPORT BILD წერს, რომ ბაიერნისა და მანჩესტერ სიტის მესვეურებს სანეს შესახებ უშუალო და პირდაპირი მოლაპარაკება ჯერ კიდევ არ გაუმართავთ, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში მოხდება და რეკორდმაისტერი ინგლისურ კლუბს თავდაპირველად 40 მილიონ ევროს შესთავაზებს. ჟურნალი ორი კვირის წინაც წერდა, რომ მიუნხენში დაინახეს შანსი, სასურველი ფეხბურთელი 60 მილიონ ფუნტზე (დაახლოებით 69 მილიონი ევრო) ნაკლებ ფასად შეიძინონ. როგორც ირკვევა. აღსანიშნავია, რომ შარშან ამ დროს საუბარი იყო 100-დან 150 მილიონ ევრომდე თანხაზე, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. 

► პირველ რიგში, შეცვლილია სატრანსფერო ბაზარი. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ფეხბურთელების ფასებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწია. სანეს ფასი ტრანსფერმარკტზე 100-დან 80 მილიონ ევრომდე დაეცა. კლუბებს შემოსავალი აღარ აქვთ, დიდი ფინანსური კრიზისის საფრთხე ემუქრებათ და ბოსები და აგენტები მიიჩნევენ, რომ ამ ზაფხულში ძალიან ცოტა ტრანსფერი განხორციელდება. სანეს შემთხვევა კი სხვანაირია - მას 2021 წელს სიტისთან კონტრაქტი უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია, გაისად კლუბი უფასოდ დატოვოს. ამიტომ, სიტი ახლა წნეხის ქვეშაა.

► სიტის ფული სჭირდება. კლუბი უეფამ ორი წლით მოკვეთა ევროტურნირებიდან. ამიტომ, მანჩესტერულმა კლუბმა ტრანსფერებით უნდა აიღოს ფული, რათა Financial-Fairplay-წესი არ დაარღვიოს.

► სანეს ფასი კიდევ იმის გამო აკლდება, რომ მას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. წინა ზაფხულში მან უმძიმესი ტრავმა მიიღო. ბოლო ოფიციალური მატჩი სანეს 9 თვის წინ აქვს ჩატარებული.

SPORT BILD-ის ინფორმაციით, სანე მზადაა, ბაიერნში 30 პროცენტით ნაკლები ხელფასი აიღოს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ბაიერნში მაინც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

Football Leaks-ის ინფორმაციით, სანე სიტიში სეზონში დაახლოებით 10 მილიონ ევროს იღებს. ბაიერნში ყველაზე მაღალი ხელფასები რობერტ ლევანდოვსკის, თომას მიულერს და მანუელ ნოიერს აქვთ - ისინი წელიწადში 15 მილიონზე მეტს იღებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ გერმანიამ განაახლა. ბუნდესლიგაში რესტარტი 16 მაისს, 26-ე ტურით შედგა. მომდევნო ტური პარასკევს, ბერლინური დერბით იწყება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჰერტა
  • X
  • უნიონი

 

კომენტარები

ბოლო ამბები