Thumbnail

ლონდონი და ამსტერდამი გარანტიას ვერ იძლევიან - სად ჩატარდება ევრო 2020?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონი და ამსტერდამი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებს შორის არიან
  • უეფამ ამ ქალაქების წარმომადგენლებისგან გარანტიები ჯერჯერობით ვერ მიიღო

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (უეფა) აღმასკომის სხდომა, რომელიც 27 მაისს უნდა გამართულიყო, 17 ივნისისთვის გადადო, რადგან ევრო 2020-ის მატჩების მასპინძლობის მზადყოფნაზე, ლონდონისა და ამსტერდამისგან გარანტიები ვერ მიიღო. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ამ ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, უეფამ მისი 2021 წლისთვის გადადება გადაწყვიტა. ტურნირი ევროპის 12 ქალაქის 12 სტადიონზე უნდა გაიმართოს, საიდანაც ორი სწორედ ლონდონის "უემბლი" და ამსტერდამის "იოჰან კრუიფ არენაა".

ამსტერდამის სტადიონზე ევრო 2020-ის 4 შეხვედრის გამართვა იგეგმება

"უემბლიზე" ევროპის ჩემპიონატის 7 შეხვედრაა დაგეგმილი - 3 ჯგუფური ეტაპის, ერთი ⅛-ფინალური, ორი ½-ფინალური და ერთიც ფინალური მატჩი. "იოჰან კრუიფ არენამ" კი ჯგუფური ეტაპის 3 და ერთ ⅛-ფინალურ შეხვედრას უნდა უმასპინძლოს.

აღსანიშნავია, რომ საჭირო გარანტიები უეფას უკვე წარუდგინეს ევრო 2020-ის მასპინძელმა დანარჩენმა ქალაქებმა: რომმა, მიუნხენმა, ბაქომ, სანკტ-პეტერბურგმა, ბუქარესტმა, დუბლინმა, კოპენჰაგენმა, ბუდაპეშტმა, გლაზგომ და ბილბაომ. 

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. ტურნირში მოხვედრის შანსი აქვს საქართველოს ნაკრებსაც, რომელმაც საგზურისთვის ბრძოლის შანსი უეფას ერთა ლიგიდან მოიპოვა. საქართველოს ნაკრებს 1/2-ფინალში მეტოქედ ბელარუსი ჰყავს, წარმატების შემთხვევაში კი ფინალში კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები