Thumbnail

‘ყველაფერი 6 ერის ბრალია’ – პიშოს აზრით, რაგბის წინსვლას ევროპელები აფერხებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ვნახავთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ფრანგულ-ინგლისური დომინაცია რას მოგვიტანს'
  • აგუსტინ პიშო მზადაა, მსოფლიო რაგბის სათავეში მოსასვლელად კიდევ ერთხელ იბრძოლოს

არგენტინელი აგუსტინ პიშო, რომელიც მსოფლიო რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში ინგლისელი ბილ ბომონტთან დამარცხდა, სულ უფრო თამამ განცხადებებს აკეთებს და ამჯერად, პირდაპირ განაცხადა, რომ სპორტის ამ სახეობის წინსვლას 6 ერის ქვეყნები აფერხებენ. აი, რა განუცხადა მან არგენტინულ რადიოს AM 1270:

“კენჭისყრის შედეგებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ მსოფლიო რაგბის 70%-მა ჩვენს იდეებს მხარი დაუჭირა, თუმცა, ეს, არასაკმარისი გამოდგა. მიზეზი ისაა, რომ მთელი ძალა 6 ერის წევრ ევროპულ ქვეყნებშია, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ. მართალი გითხრათ, გამიკვირდა აფრიკის რაგბის კავშირის არჩევანიც. ჩვენ, რაგბი არგენტინა და სრულიად სამხრეთ ამერიკა ამაყნი ვართ, რომ ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა მოვიპოვეთ, როგორებიც ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და აშშ არიან. რაც შეეხება მომავალს, მოდით დავიცადოთ და ვნახოთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ფრანგულ-ინგლისური დომინაცია რას მოგვიტანს. თუკი ისინი სათანადოდ ვერ იმუშავებენ, ჩვენს პროექტს კიდევ ერთხელ წარვადგენთ”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის არჩევნების შედეგები თვის დასაწყისში გახდა ცნობილი და ბომონტმა პიშოს 28:23 აჯობა. ინგლისელი ჩინოვნიკის მე-2 ვადით არჩევაში ლომის წვლილი 6 ერის ქვეყნებმა შეიტანეს, რომელთაც 3-3 ხმა ჰქონდათ, ამდენად, ბილმა ევროპელებისგან ერთბაშად 18 ხმა მიიღო. საქართველოს რაგბის კავშირმა მხარი პიშოს დაუჭირა.

კომენტარები

ბოლო ამბები