Thumbnail

2079 კმ ავტომობილით და 2-კვირიანი კარანტინი - რა ელით წინ რუბინის ქართველებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ყაზანში მანქანით მიემგზავრებიან
  • რუბინის 19 წლის ქართველ ლეგიონერებს გზაში დღე-ღამის გატარება მოუწევთ
  • ადგილზე ჩასულები ორკვირიან კარანტინს გაივლიან და ტესტირებას ჩაიტარებენ 

ყაზანის რუბინმა, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ, ჩემპიონატის განახლებისთვის მზადება დაიწყო. რუსულმა კლუბმა თავისი ევროპელი ლეგიონერები გერმანიიდან ყაზანში ჩარტერული რეისით უკვე ჩაიყვანა, რაც შეეხება რუბინის ახალგაზრდა ქართველებს, ზურიკოს და ხვიჩას სამშობლოდან გამგზავრება ავტომობილით მოუწევთ.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყვეტილია. რუბინში გადაწყვიტეს, რომ აღარ დაელოდონ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და საზღვრების გახსნას და ქართველი ლეგიონერები კლუბში ავტომობილით დააბრუნონ. 

ხვიჩამ რუსეთის ჩემპიონატის 13 მატჩში ითამაშა და 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა

რუბინმა უკვე აცნობა რუსეთის ფეხბურთის კავშირსა და რუსეთის პრემიერლიგას, რომ კლუბის ფეხბურთელებს საზღვრის გადაკვეთა ავტომობილით დასჭირდებათ. ეს ორგანიზაციები თავის მხრივ საქართველოს შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდნენ და შედეგად, დავითაშვილი და კვარაცხელია, მძღოლთან ერთად, თბილისიდან ყაზანისკენ ხვალ უნდა გაემგზავრნონ. ინფორმირებულები არიან სასაზღვრო პუნქტებზეც, სადაც მათ უპრობლემოდ გაატარებენ.

თბილისიდან ყაზანამდე გზის მანძილი 2079 კმ-ია, რის გავლასაც ავტომობილით მგზავრობის შემთხვევაში, დაახლოებით 24-28 საათი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელებს ეს გზა, ოღონდ ყაზანიდან თბილისამდე, მანქანით უკვე დაფარული აქვთ. როდესაც პანდემიის გამო რუსეთის ჩემპიონატი შეაჩერეს, ზურიკო და ხვიჩა სამშობლოში ავტომობილით წამოვიდნენ, მაგრამ მაშინ ისინი საზღვარზე თოვლმა დააყოვნა და საბოლოოდ თბილისში ჩამოსვლას 2,5 დღე მოუნდნენ. 

ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე ჩემპიონატის 18 მატჩში ორი გოლია

"23-24 საათში ჩამოვალთ. ძალიან ძნელია თითქმის მთელი დღე-ღამის ავტომობილში გატარება. ორნი მოვდივართ - მე და ხვიჩა", - უთხრა დავითაშვილმა business-gazeta-ს. 

ცნობილია, რომ ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანში ჩასვლის შემდეგ, ორკვირიანი კარანტინის გავლა და კორონავირუსზე ტესტირება მოუწევთ.

რუსეთის 2019/20 წლების პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო 1-ელ აპრილს შეწყდა. ჩემპიონატი სავარაუდოდ 21 ივნისიდან უნდა განახლდეს. ყაზანის რუბინს 22 ჩატარებული მატჩის შემდეგ 23 ქულა აქვს და სატურნირი ცხრილში მე-14 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები