Thumbnail
  • მუნდიალის წილისყრაზე ესპანეთის ნაკრები მეორე კალათაში იყო
  • ამაში თავისი წვლილი საქართველოს ნაკრებსაც მიუძღვის
  • როგორ მოახერხა პოლონეთმა რეიტინგში ესპანეთის გადასწრება
  • ფიფას რეიტინგს რეფორმა სჭირდება

მუნდიალის ფინალური ეტაპის წილისყრაზე ესპანეთის ნაკრები მეორე კალათაში იყო და ჯგუფში პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მოხვდა. სამაგიეროდ, რაც არ უნდა პარადოქსულაც ჟღერდეს, პირველ კალათაში იყო პოლონეთის ნაკრები. კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ პოლონეთმა პირველ კალათაში მოხვედრა უსაქმოდ ყოფნით მოახერხა. ამაში იმას ვგულისხმობთ, რომ პოლონელებმა თითქმის მთელი წლის განმავლობაში უარი თქვეს ამხანაგურ მატჩებზე და საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები კარგი შედეგებით, ფიფას რეიტინგში ესპანეთს გადაასწრეს.

ესპანეთის მეორე კალათაში ყოფნა საქართველოს ნაკრების დამსახურებაცაა!

როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ახლავე აგიხსნით! საქმე ისაა, რომ პოლონეთმა ფიფას რეიტინგის შედგენის სისტემა სათავისოდ გამოიყენა, ესპანელებმა კი ამაზე, სავარაუდოდ, არც იფიქრეს.

პოლონეთის ნაკრები მუნდიალის წილისყრის კალათების შედგენისას, ფიფას რეიტინგში მე-6 ადგილზე, ანუ ესპანეთზე წინ იყო. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა საკვალიფიკაციო ეტაპი იდეალურად ჩაატარა (9 მოგება, 1 ფრე, 0 მარცხი). პოლონეთს კი შესარჩევში ესპანელებზე ოდნავ უარესი შედეგი გქონდა (8 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). არადა, ჯერ კიდევ 4 წლის წინათ, პოლონელები რეიტინგში 76-ე ადგილზე იმყოფებოდნენ.

როგორ გამოიყენა პოლონეთმა ფორმულა სათავისოდ?

ფიფას რეიტინგი ჩახლართული მათემატიკური მექანიზმით დგება, რომელიც ყველა ნაკრების ბოლო 4 წლის შედეგებს აჯამებს. ფორმულა ასეთია: P = M x I x T x C. და ეს ფორმულა ასე იშიფრება: P - დაჯამებული ქულა; M - მატჩების შედეგები; I - მატჩების მნიშვნელობა; T - მეტოქე გუნდის სიძლიერე; C - კონფედერაციის დონე.

სწორედ წლის საშუალო შედეგით დგება ფიფას რეიტინგი. მაგალითად, 2017 წლის შედეგების ჯამს ემატება წინა 3 წლის შედეგების ჯამები. ოღონდ, წინა წლების კოეფიციენტს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება: 2017 წელი - 100 %, 2016 - 50%, 2015 - 30%, 2014 - 20%.

ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად მოფიქრებული ჩანს, მაგრამ ამ მექანიზმში აბსურდული დეტალებიცაა. მაგალითად, გუნდს შეიძლება ქულა მოგებული მატჩის გამოც დააკლდეს - თუკი იმ მატჩის მნიშვნელობა ძალიან დაბალია. აღარაფერს ვამბობთ იმ შემთხვევაზე, თუკი გუნდი უმნიშვნელო შეხვედრაში საერთოდ დამარცხდება, როგორც ეს ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან ამხანაგურ თამაშში დაემართა.

თუმცა, მეორე მხრივ, ეს სწორი მიდგომაცაა, რადგან თუკი ამხანაგურ მატჩებს ფიფას რეიტინგში მეტი მნიშვნელობა მიენიჭება, ასეთ შემთხვევაში გუნდები განგებ დანიშნავენ ტესტ-მატჩებს სუსტ მეტოქეებთან და რეიტინგს ასე გაიუმჯობესებენ. სხვამხრივ კი, გუნდს შეუძლია საერთოდ უარი თქვას ამხანაგურ თამაშებზე.

სწორედ ასე მოიქცა პოლონეთის ნაკრები, რომელსაც წელს 9 ნოემბრამდე არცერთი ამხანაგური მატჩი არ ჩაუტარებია!

ამით პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები კარგი შედეგები მაქსიმალურად გამოიყენა (5 მოგება 6 შეხვედრაში 2017 წელს). პოლონელებს ამ პერიოდში ტესტ-მატჩი რომ ჩაეტარებინათ და წაეგოთ, ფიფას რეიტინგში ასეთ კარგ პოზიციაზე ნამდვილად ვერ იქნებოდნენ და ვერც პირველ კალათში მოხვდებოდნენ.

ესპანეთის ნაკრებმა კი ამდენი ვერ გათვალა. მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევში, ძლიერ ჯგუფში ათიდან 9 მატჩი მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს, ესპანელები რეიტინგში პოლონეთზე ქვემოთ და, შესაბამისად, მეორე კალათაში აღმოჩნდნენ.

მიზეზი: ესპანეთის ნაკრებმა 2016 წლის დასაწყისიდან 2017 წლის ოქტომბრამდე (ანუ, კალათების განაწილებამდე) 9 ამხანაგური მატჩი ჩატარა, აქედან 4 ფრედ დაასრულა და 1 წააგო - სწორედ საქართველოსთან! თორნიკე ოქრიაშვილის გოლით. ტესტ-მატჩებში ნაჩვენებმა ასეთმა შედეგებმა კი ესპანელები მუნდიალის წილისყრაზე მეორე კალათში მოახვედრა…

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან გამარჯვების (1:0) შემდეგ
ფოტოები: FB/GFF

პოლონელებმა 2017 წელს ამხანაგურ მატჩები განგებ რომ არ დანიშნეს, ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ როგორც კი გუნდები კალათებში გადანაწილდნენ, პოლონეთის ნაკრებმა ორი ტესტ-მატჩი დანიშნა და ვერცერთი ვერ მოიგო - ურუგვაისთან 0:0, მექსიკასთან 0:1. და ამ მატჩების შემდეგ, ფიფას რეიტინგში ესპანეთმა პოლონეთს ისევ გაასწრო - ოღონდ, ამას მუნდიალის წილისყრის კალათებზე გავლენა აღარ მოუხდენია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფიფას რეიტინგის სისტემაში “ეს სასარგებლო პუნქტი” პოლონელებს არ აღმოუჩენიათ. უფრო ადრე ის უელსელებმა და რუმინელებმა გამოიყენეს - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილიყრის წინ მათ უარი თქვეს ტესტ-მატჩებზე და პირველ კალათაში იყვნენ…

ფიფა რეიტინგის რეფორმას გეგმავს

რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა არ მიუღია (მასპინძელია) და მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს ატარებდა, რის გამოც რუსები რეიტინგში 65-ე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ. თუმცა რუსებს მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპის წილიყრის წინ სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან ფიფა რეიტინგის რეფორმას გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები