Thumbnail

ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო, როდესაც თურქეთის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ითამაშა. მატჩი ევრობასკეტი 1999-ის მე-2 ჯგუფური ეტაპის ეგიდით 1997 წლის 3 დეკემბერს შედგა და 6 000 მაყურებლის თვალწინ სტუმრებმა 76:73 მოიგეს. თამაშის ვიდეო არცთუ კარგი ხარისხისაა, თუმცა, მისი ხილვა მაინც საინტერესო უნდა იყოს, რადგანაც 23 წლის წინანდელი მატჩი კალათბურთის ქომაგებს ნაკლებად უნდა ახსოვდეთ.

საქართველოს ნაკრებმა მთელი მატჩი მხოლოდ 8 კალათბურთელის შემადგენლობით ჩაატარა, საუკეთესო კი ვახტანგ ნაცვლიშვილი იყო 33 ქულითა და 8 მოხსნით. ორმაგი დუბლი (13 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა ვლადიმერ სტეფანიამ, რომელიც ერთი წლის შემდეგ NBA-ში, კერძოდ კი, სიეტლ სუპერსონიქსში გადავიდა. ვატოცა და ვოვაც მაშინ 21 წლის იყვნენ და მოედანზე ორივემ 36 წუთი გაატარა.

სწორედ ამ თამაშის მერე დატოვა თანამდებობა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ლიპარტელიანმა, რომლის გუნდისთვისაც თურქეთთან მარცხი შესარჩევ ციკლში ზედიზედ მე-3 (68:70 – ჩეხეთთან, 85:89 – შვედეთთან) გამოდგა. ლიპარტელიანი ლევან მოსეშვილმა შეცვალა, თუმცა, წარმატებას ვერც მან მიაღწია. საქართველოს ნაკრებმა იმ საკვალიფიკაციო ტურნირში ათივე შეხვედრა წააგო (ხსენებული სამეულის გარდა, მეტოქეები იტალია და ლატვიაც იყვნენ).

საქართველო 73:76 თურქეთი

საქართველო: სანაძე (36 წ. 10 ქ.), სტეფანია (36 წ. 13 ქ. 10 მ.), ბეჟანიშვილი (4 წ. 2 ქ.), ვაშაკიძე (37 წ. 9 ქ. 8 მ.), ხოშტარია (26 წ.), ბერძენიშვილი (8 წ. 2 ქ.), ნაცვლიშვილი (36 წ. 33 ქ. 8 მ.), ჩხეიძე (17 წ. 4 ქ.).

კომენტარები

ბოლო ამბები