Thumbnail

ედენ აზარი გუნდური ვარჯიშებით კმაყოფილია და ერთ პირობას დებს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ედენ აზარს უხარია, რომ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო
  • ბელგიელს სურს, რომ მომდევნო მატჩისთვის კარგ ფორმაში იყოს

თვითიზოლაციაში ყოფნის გარდა, მადრიდის რეალის ფეხბურთელ ედენ აზარს ტრავმაც აწუხებდა და ვარჯიშს ვერ ახერხებდა. ახლა, 2-თვიანი იძულებითი პაუზის შეემდეგ, მადრიდული კლუბი ვარჯიშს დაუბრუნდა და ბელგიელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

29 წლის შემტევი ესპანურმა კლუბმა ლონდონის ჩელსიდან გასულ ზაფხულს დაიმატა. ბელგიელს "სამეფო კლუბში" პირველი სეზონი კარგი არ გამოუვიდა - ამის მიზეზი ხშირი ტრავმიანობა და ცუდი ფორმაც იყო. სავარჯიშო სესიებზე დაბრუნებულმა აზარმა მის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღიშნა, რომ მოედანზე დაბრუნებით ძალიან ბედნიერია და ყველაფერს ეცდება, რათა შემდეგი თამაშისთვის მზად იყოს.

"ძალიან მიხარია, რომ მოედანზე დავბრუნდი და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობ. ახლა ჩვენ მატჩების განახლებას უნდა დაველოდოთ, თუმცა მე მაინც ძალიან ბედნიერი ვარ. 2-თვიანი პაუზის შემდეგ მეტი ფიზიკური დატვირთვა და ბურთთან ერთად ვარჯიში მჭირდება. უბრალოდ მინდა, რომ შემდეგი თამაშისთვის 100 პროცენტით მზად ვიყო და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ," - განაცხადა მადრიდის რეალის ტელევიზიასთან აზარმა, რომელსაც ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში სულ 10 შეხვედრა აქვს გამართული, სადაც თავი მხოლოდ 1 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ გერმანიამ განაახლა. ბუნდესლიგაში რესტარტი 16 მაისს, 26-ე ტურით შედგა. მომდევნო ტური პარასკევს, ბერლინური დერბით იწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები