Thumbnail
  • ერლინგ ჰაალანდის ფენომენალური სეზონი გრძელდება
  • 19 წლის ნორვეგიელს უკვე მესიზე და რონალდოზე უკეთესი შედეგი აქვს
  • დორტმუნდში ჩემპიონობაზე სამართლიანად ოცნებობენ

ის უკვე ვარსკვლავებს ეთამაშება. უფრო სწორად, სუპერვარსკვლავებს!

შაბათს, დორტმუნდის ბორუსიამ რურის დიდ დერბიში გელზენკირხენის შალკე 4:0 რომ გაანადგურა, 19 წლის ერლინგ ჰაალანდმა სეზონში თავისი 41-ე გოლი გაიტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნორვეგიელი ერთ სეზონში 41 გოლზე უფრო სწრაფად ავიდა, ვიდრე თავის დროზე კრიშტიანო რონალდო (35 წლის, იუვენტუსი) და ლიონელ მესი (32, ბარსელონა).

გამოკითხვა

ვინ დაასრულებს სეზონს უფრო მაღლა?

  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი

‘მარკაში’ ვკითხულობთ, რომ მესი უკვე 22 წლის იყო, როცა 2009/2010 წლების სეზონში 41 გოლზე პირველად ავიდა, ხოლო რონალდომ 41 გოლის გატანა პირველად 2007/2008 წლების სეზონში მოახერხა და მაშინ პორტუგალიელი უკვე 23 წლის გახლდათ.

ჰაალანდმა კი ეს 19 წლის, 9 თვისა და 23 დღის ასაკში შეძლო!

► ერლინგმა 16 გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში გაიტანა, 4 ავსტრიის თასზე და 8 ჩემპიონთა ლიგაში, ზალცბურგის შემადგენლობაში, ზამთრამდე.

► დორტმუნდში გადასვლის შემდეგ (ანუ, იანვრიდან), 10 გოლი აქვს გერმანიის ბუნდესლიგაში, 1 გერმანიის თასზე და 2 ჩემპიონთა ლიგაში ბორუსიას მაისურით.

დორტმუნდის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი ამბობს, რომ ერლინგი უკვე ფენომენია. სწორედ ნორვეგიელის გამო აქვთ დორტმუნდში იმის იმედი, რომ 2012 წლის შემდეგ პირველ ჩემპიონობას იზეიმებენ.

გარდა ამისა, ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის ბრძოლაში ბაიერნელ რობერტ ლევანდოვსკის დიდი კონკურენტი გამოუჩნდა. მართალია, პოლონელს 24 თამაშში 26 გოლი აქვს და ჰაალანდი მას ამ სეზონში ნამდვილად ვერ დაეწევა, მაგრამ დორტმუნდის 19 წლის ფორვარდს უკვე უფრო ხშირად გააქვს, ვიდრე პოლონელს! ჰაალანდს ბუნდესლიგაში ყოველ 60 წუთში ერთხელ გააქვს, ლევანდოვსკის კი - “მხოლოდ” ყოველ 82 წუთში ერთხელ…

სხვათა შორის, 26 მაისს დორტმუნდი ბაიერნს უმასპინძლებს და ცენტრფორვარდების დუელი ბუნდესლიგის კლასიკას დამატებით ინტრიგას სძენს…

 

კომენტარები

ბოლო ამბები