Thumbnail
  • 'საკუთარ თამაშს დამატებითი ელემენტები შესძინა და ნამდვილ უნივერსალად იქცა'
  • ევროლიგის ვებ-გვერდზე ქართველი ფორვარდის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს

ევროლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა საინტერესო პუბლიკაცია მიუძღვნა ქართველ კალათბურთელ თორნიკე შენგელიას და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშურებია. ესპანური ბასკონიას კაპიტანი არაერთი წელია ევროპული კალათბურთის უმთავრესი ტურნირის გამორჩეული მოთამაშეა და უდიდესი პატივისცემითაც სარგებლობს. ეს, კარგად სჩანს ამ სტატიაშიც, რომელსაც სპეციალური ვიდეოც მოჰყვება.

"ბასკონიელთა ვარსკვლავი თორნიკე შენგელია თანამედროვე ფორვარდის ყველა მოთხოვნებს შეესაბამება. ბოლო წლებია მან თავის თამაშს დამატებითი ელემენტები შესძინა და ნამდვილ უნივერსალად იქცა, რომლისთვისაც სუსტი წერტილის მოძებნა ძალიან რთულია. ერთ-ერთი უნარი, რაც შენგელიას თამაშს მეტ პეწს სძენს, მისი პოზიციის კალათბურთელისთვის უჩვეულოდ დამაჯერებლად ბურთის ტარებაა. ის მოედანზე გამთამაშებელივით გადაადგილდება, რაც საშუალებას აძლევს, თითქმის ყველა სწრაფ გარღვევაში ჩაერთოს და ხშირ შემთხვევაში, შეტევა სლემდანქით დაასრულოს. თორნიკე ფიზიკურად ძალიან ძლიერია და სხვა მძიმე ფორვარდების ფონზეც კი გამოირჩევა. თუმცა, შენგელიას რომ უბრალოდ მობილური ფორვარდი ვუწოდოთ, ეს, ძალიან მწირი დახასიათება იქნება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რომელიც ქართველმა კალათბურთელმა სამქულიანების სროლისას განიცადა. ევროლიგის მიმდინარე სეზონში, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მას უკვე 34 სამქულიანი აქვს ჩაგდებული, არადა, აქამდე, ამ მხრივ მისი რეკორდი 25 გახლდათ, 2017-18 წლების სეზონში. წარმოიდგინეთ, ეს, რამხელა უპირატესობაა კალათბურთელისთვის, რომელიც სამწამიან ზონაში შეუჩერებელია. ვთქვათ და მას ფარქვეშ განსაკუთრებული მეურვეობა დაუწესეთ, ის პერიმეტრზე გამოდის და იქიდან აგდებს. დაგვეთანხმეთ, დიდი თავსატეხია.

ევროლიგის მიმდინარე სეზონში თოკოს საოცარ პროგრესზე სხვაც ბევრი რამ მეტყველებს. ქულებში მისი საშუალო მაჩვენებელი 11.4-დან 15.9-მდე გაიზარდა. ის მთელ ტურნირში საშუალოდ შესრულებული ორქულიანების (8.3) მხრივ მესამეა და საშუალოდ 3.1 სამქულიანს ესვრის, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია. რაც მთავარია, გაიზარდა თორნიკეს პროცენტული მაჩვენებლებიც: 58.6% ორქულიანებში და 39.1% სამქულიანებში. შენგელია რჩება სტაბილურ მომხსნელად (5.6, მე-11 ლიგაში) და ფორვარდისთვის, ეს, განუყოფელი საქმეა, თუმცა, ამას ბევრი რამ ემატება. ქართველი ლეგიონერი ერთ-ერთი პირველია ბასკონიაში ბურთის ფლობის მხრივ, რაც წესით გამთამაშებლის საქმეა, თუმცა, ნამდვილად არ გვიკვირს. როდესაც გუნდს უჭირს, ბურთი სწორედ თოკოსთან მიდის. შედეგად, მან საშუალო ზუსტი პასების რაოდენობა 1.6-დან 2.9-მდე აიყვანა. მატჩში საშუალოდ ერთ ჩაჭრამდეც ავიდა და ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. დარჩა კიდევ რამე? დიახ, საჯარიმო სროლები. ამ მხრივ შენგელიას კარიერის საშუალო მაჩვენებელი 70.4% იყო, მიმდინარე სეზონში კი, ის 76.9%-მდე ავიდა. პროგრესი თვალსაჩინოა. გასაკვირი არაა, რომ თორნიკე 2017-18 წლების სეზონის პირველ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, თუმცა, ის ჯერ მხოლოდ 28 წლისაა და მომავალ წლებშიც ევროლიგის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია".

შეგახსენებთ, რომ შენგელია ბასკონიას ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ადგილობრივი პუბლიკის საყვარელი კალათბურთელია. ბოლო პერიოდია, ქართველი ლეგიონერის სხვა გუნდში ტრანსფერზე ბევრს საუბრობენ, ყველაზე ხშირად კი, მადრიდის რეალს ახსენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები